ია აბულაშვილი
28.01.2017

 ბრიტანული ჟურნალის "ეკონომისტი" კვლევითმა და საკონსულტაციო კომპანიამ უკვე გამოაქვეყნა "დემოკრატიის ინდექსი-2016"-ის ყოველწლიური კვლევის შედეგები, სადაც აღნიშნული ინდექსით 167 ქვეყანას შორის საქართველო ჰიბრიდული რეჟიმების მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა და 5.93 ქულით 78-ე პოზიციაზიას იკავებს.

კვლევის ავტორები ინდექსის შედგენისას ქვეყნებს ოთხ კატეგორიად ყოფენ - "სრული დემოკრატია", "არასრული დემოკრატია", "ჰიბრიდული რეჟიმი" და "ავტორიტარული რეჟიმი".

ინდექსი ქვეყნის შიგნით დემოკრატიის ხარისხს განსაზღვრავს და კონკრეტული ქვეყნებიდან საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებს და ექსპერტების შეფასებას ეყრდნობა. ინდექსი 60 ძირითადი მაჩვენებლით არის შედგენილი, რომელიც ხუთ კატეგორიას ითვალისწინებს - საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მთავრობის მუშაობა, პოლიტიკური მონაწილეობა, პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლება.

ინდექსის თანახმად, საქართველო რეგიონში მე-14 პოზიციაზეა. ასევე, ინდექსის თანახმად, საქართველო მოლდოვასთან, უკრაინასთან და ყირგიზეთთან ერთად მეტწილად "ჰიბრიდული რეჟიმების" ქვეყნებს შორის შედის.

რაც შეეხება გასული წლის შედეგებს, საქართველო 82-ე პოზიციას იკავებდა 5. 88 ქულით და ასევე ჰიბრიდული რეჟიმების ქვეყნებს შორის იყო. ამ კატეგორიის პირველ ხუთეულში საქართველოს გარდა ზამბია, ჰონდურასი, გვატემალა და ალბანეთი შედიოდა.

სრული დემოკრატიის მქონე ქვეყნების პირველ ხუთეულში კი არიან ნორვეგია, ისლანდია, შვედეთი, ახალი ზელანდია და დანია. არასრული დემოკრატიის მქონე ქვეყნებს შორის პირველ ხუთეულში არიან: იაპონია, აშშ, იტალია, საფრანგეთი; ხოლო ავტორიტარული რეჟიმის პირველ ხუთეულში: მავრიტანია, იორდანია, ნიგერია, სომხეთი და ქუვეითი. ავტორიტარული რეჟიმის კატეგორიაში მოხვდა ასევე რუსეთი, ბელორუსი და აზერბაიჯანი.

"ეკონომისტის" ეგიდით ჩატარებული კვლევის შედეგებზე და იმაზე, თუ რა არის მიზეზი, რომ წლევანდელ მაჩვენებლებშიც საქართველო კვლავ რჩება "ჰიბრიდული რეჟიმის" ქვეყნებს შორის, "რეზონანსი" ქართველ ექსპერტებს ესაუბრა.

ზაალ ანჯაფარიძის თქმით, ამ კვლევებში სიახლე არაფერია და კვლავ ვრჩებით იმ კატეგიორიაში, რომელშიც ვიყავით.

"საქართველო უკვე მერამდენე წელია სახელდება ჰიბრიდული რეჟიმების ქვეყნებს შორის და ეს სიახლეს არ წარმომადგენს. არც შეფასებებში არის რაიმე ახალი და განსაკუთრებული. ჩვენ ვართ ჰიბრიდული ქვეყანა, დემოკრატიული კუთხით არც წინ მივდივართ და არც უკან; დავრჩით იმ კატეგორიაში, რომელშიც ვიყავით.

"მართალია, 2012 წლის შემდეგ გარკვეულ წარმატებებს მივაღწიეთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მაჩვენებელი, რომელიც მოგვცემს საშუალებას გადავიდეთ შემდეგ საფეხურზე. მომავალი წლის მაჩვენებელები უკეთესი რომ იყოს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იმუშავებს მთავრობა. ასევე სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების აქტივობაზე", - განაცხადა "რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

პეტრე მამრაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ინდექსები ქვეყნის შიგნით დემოკრატიის ხარისხს განსაზღვრავს, რომელიც ეყრდნობა საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებს და ექსპერტების შეფასებას, გამოკვლევების მეთოდები ყოველთვის სრულყოფილი არ არის.

პეტრე მამრაძე: "ეკონომისტი" გავლენიანი, მაღალი პრესტიჟის მქონე ჟურნალია, რომელსაც მსოფლიოში ბევრი პოლიტიკოსი, მეცნიერი, ბიზნესმენი ეცნობა. ამიტომ გარკვეული დოზით ის გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე. თუმცა პროფესიონალებმა იციან, რომ მსგავსი გამოკვლევების მეთოდები სრულყოფილი არ არის და ესა თუ ის ინდექსი ზოგ შემთხვევაში უფრო ინფორმაციის ნაკლებობას ასახავს, ვიდრე სინამდვილეს.

"2016 წელს საქართველო შეფასდა ისევ ჰიბრიდული რეჟიმის მქონე ქვეყანად, როგორც ეს იყო 2015 წელს, თუმცა მცირე გაუმჯობესება არის და საქართველოს სულ შვიდი მეასედი ქულა აკლია, რომ შევიდეს არასრული დემოკრატიის მქონე ქვეყნებში, სადაც არიან აშშ, იაპონია, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები.

"აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით მაღალი ქულა საქართველოს აქვს საარჩევნო პროცესის და პლურალიზმის კატეგიორიაში - 8.67, რაც ცხადია დიდად არის განპირობებული შარშანდელი საპარლამენტო არჩევნებით.

"ყველაზე დაბალი ქულა კი მთავრობის მუშაობას მიენიჭა - 4.29; ეს არ არის გასაკვირი მთავრობის მუშაობა დაბალი ქულით რომ შეფასდა, ვინაიდან მართვის პატრონყმური სისტემა ყველაზე უფრო სწორედ მთავრობის მუშაობაში ვლინდება. მაგალითისთვის, თუნდაც "გაზპრომის" ხელშეკრულების მსგავსი მოვლენები მომავალშიც დაბალ ინდექსს მოგვცემს.

"ასევე დაბალი ქულაა პოლიტიკურ კულტურაში - 5, მაგრამ ეს ის ფრიადი არ არის კომუნისტების დროს რომ წერდნენ სკოლებში. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი - ჩვენი მეზობლები - ავტორიტარული რეჟიმების ჯგუფში მოხვდნენ, ანუ საქართველო ამ ინდექსითაც, ისევე როგორც სხვა გამოკვლევების შედეგად, ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა უშუალო მეზობლებთან შედარებით", - განაცხადა პეტრე მამრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×