"თავისიფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ნინო გოგუაძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული მსჯავრდებულების შეწყალება არის ჰუმანური და სამართლიანი გადაწყვეტილება. მისი თქმით, მას ყოველთვის ჰქონდა იმედი, რომ გიორგი მარგველაშვილი ამასთან დაკავშირებით თავის სიტყვას იტყოდა.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი - გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე, ნუგზარ კაიშაური და დავით წიფურია - გიორგი მარგველაშვილმა გუშინ შეიწყალა.
დაკავებულებმა საპატიმრო გვიან ღამით დატოვეს. ყოფილ მსჯავრდებულებს დაწესებულებასთან მათი ახლობლები, ოჯახის წევრები და პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერები დახვდნენ.
ღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს 26 იანვრის გადაწყვეტილებით მუხლი, რომლითაც მსჯავრდებულები გასამართლდნენ, გადაკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, რის საფუძველზეც მოხდა მსჯავრდებულებისათვის სასჯელის ვადა შემცირება. სასამართლომ 7 წლის ნაცვლად სასჯელის სახით ერთი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, საიდანაც 1 წელი და 4 თვე უკვე მოხდილი ჰქონდათ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს - 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად ოთხ მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებოდათ. თუმცა დაკავებიდან 8 თვის შემდეგ პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა და პატიმრობის ნაცვლად 10 000-ლარიანი გირაო მოითხოვა. მაშინ მოსამართლე დავით ჯუღელმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა.
2016 წლის 16 მაისს კი თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი თბილისის საქალაქო სასამართლომ წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სცნო და 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რის შედეგადაც ისინი სასამართლოს დარბაზიშვე დააპატიმრეს.
ნინო გოგუაძე: პრეზიდენტმა გამოიყენა ექსკლუზიური უფლება და შეიწყალა ეს ადამიანები, რომელთა მიმართაც 2 წელი მიმდინარეობდა პოლიტიკური პროცესი და ეს გუშინ კიდევ ერთხელ სასამართლოს პოლიტიკური გადაწყვეტილებით, დასრულდა.
პრეზიდენტმა ჰუმანურობისა და სამართლანობის პრინციპიდან გამომდინარე იხელმძღვანელა ეს ადამიანები შეიწყალა და ასევე მოუხსნა ნასაამართლეობა და კიდევ დამატებითი დანაშაული, რაც გუშინ სააპელაციომ წაუყენა ამ ადამიანებს ვგულისხმობ, 2 წლიან შეზღუდვას საჯარო სამსახურში მუშაობის.
გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში გვქონდა იმედი, რომ პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური, თავის სიტყვას იტყოდა და მან ეს სიტყვა თქვა.
ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი პრეზიდენტის ასეთი მაღალი ლეგიტიმაციის ინსტიტუტის არსებობა.
"რეზონანსი": თქვენი აზრით, რატომ არ შეიწყალა პრეზიდენტმა აქამდე ეს ადამიანები მაშინ, როდესაც "თავისუფალი დემოკრატები" მათ გასათავისუფლებად პერმანენტულ აქციებს მართავდით?
ნ.გ.: პრეზიდენტმა თავიდანვე თქვა, რომ იგი, როგორც სასამართლოს ძალიან დიდი გულშემატკივარი და დამოუკიდებელი სასამართლოს გარანტი, დაელოდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას.
სასამართლო პროცესი დამთავრდა გუშინ ამ განაჩენით და ამიტომაც გადადგა მარგველაშვილმა ეს ნაბიჯი.
"რ": მაგრამ იგი მესამე ინსტანციის დასრულებას ელოდებოდა...
ნ.გ.: დიახ, მაგრამ, ჩემი აზრით, ალბათ თვითონაც დარწმუნდა, რომ სააპელაციო სასამართლოთი მისი ე.წ. ლოდინის ლიმიტი ამოიწურა და გადაწყვიტა აღარ დალოდებოდა უზენაეს სასამართლოს.
"რ": თუმცა, ეს ადამიანები საპატიმროს მარტში ისედაც დატოვებდნენ. აქედან გამომდინარე გაჩნდა მოსაზრება, რომ პრეზიდენტმა ამით პოლიტიკური ქულები დაიწერა...
ნ.გ.: როგორ გეკადრებათ... ეს არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება, მან იხელმძღვნელა ჰუმანურობის და სამართლიანობის პრინციპით.