საკონსტიტუციო კომისიაში სასამართლოს ბათუმიდან დედაქალაქში გადმოტანის საკითხზე მსჯელობენ
სალომე სარიშვილი
28.01.2017

 საკონსტიტუციო სასამართლო შესაძლოა ბათუმიდან თბილისში გადმოიტანონ. ამის შესახებ გუშინ პარლამენტში გამართულ საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე აღინიშნა. ამასთან, სხდომაზე ისიც ითქვა, რომ პარლამენტის შენობის დედაქალაქში სრულად გადმოტანის პარალელურად, კონსტიტუციაში ყველა საკონსტიტუციო ორგანოს დედაქალაქში განთავსება უნდა განისაზღვროს.

სასამართლოს გადმოტანის იდეას კომისიის წევრთა ერთი ნაწილი არაერთგვაროვნად აფასებს, ხოლო იურისტებს მიაჩნიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმში უნდა დარჩეს, რადგან არ შეიძლება ყველა სახელწიფო დაწესებულება მხოლოდ თბილისში იყოს განთავსებული.

მაგალითად, საკონსტიტუციო კომისიის დამოუკიდებელი ექსპერტი და კონსტიტუციონალსტი ვახტანგ ხმალაძე ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დედაქალაქში გადმოტანის იდეას აქვს როგორც დადებითი მხარე, ისე უარყოფითი მხარეები.

მისივე თქმით, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო სახელმწიფო ხელისუფლებისგან მოშორებულია, ეს მის დამოუკიდებლობას უსვამს ხაზს, რადგან რაღაც ნაწილში საერთო პოლიტიკურ პროცესებს მოწყვეტილია და შესაბამისად, ის მასში არ მონაწილეობს.

ხმალაძე ამ მოსაზრებას დადებით ნაწილში მოიაზრებს, თუმცა ამბობს, რომ ხაზგასმა მხოლოდ ფორმალურია, რადგან სასამართლო შორს ტერიტორიულადაა.

ვახტანგ ხმალაძემ სასამართლოს ბათუმში არსებობის უარყოფით მხარეებზეც გაამახვილა ყურადღება და გვითხრა, რომ თუკი საკონსტიტუციო სასამართლო თბილისში იქნება, ის მუშაობის თვალსაზრისით უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

"ცხადია, ასეთ შემთხვევაში გაცილებით უფრო კომფორტული და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ნაკლებად პრობლემური იქნება. მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო სასამართლოს ძირითადი მოპასუხე პარლამენტია, ზოგიერთ შემთხვევაში მთავრობა და ზოგიერთ შემთხვევაში სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანო, თუმცა ძირითადად მაინც პარლამენტი.

"მაგალითად, პარლამენტის წარმომადგენლებმა შარშან მთელი წლის განმავლობაში ალბათ 200 დღეზე მეტი გაატარეს ბათუმში. აქედან გამომდინარე, სამივლინებო ხარჯებიც მეტი იყო," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას კომისიის წევრი და დამოუკიდებელი ექსპერტი.

მისი თქმით, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ბათუმი საქართველოს ერთ ბოლოშია, ხოლო თბილისი უფრო ცენტრალურ ადგილასაა, მაშინ საშუალო ხემისაწვდომობით თბილისი უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ბათუმი.

"ამასთან, გავითვალისწინოთ ისიც, რომ აქტიური პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლომის წილი თბილისშია და ჩვეულებრივ მოსარჩელეები სწორედაც რომ ისინი არიან. ამ კუთხითაც თბილისში სასამართლოს არსებობა უფრო ადვილი და ნაკლებხარჯიანი იქნებოდა," - ამბობს კონსტიტუციონალისტი და იქვე დასძენს, რომ მიუხედავად ამ მოსაზრებისა, ეს არ არის ისეთი პრინციპული საკითხი, რომლის გადაუწყვეტლობაც ქვეყანას დააქცევს.

საკონსტიტუციო კომისიის კიდევ ერთი წევრი, დამოუკიდებელი ექსპერტი და კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე კი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უნდა დარჩეს იქ, სადაც არის. მისი თქმით, ტრადიცია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა, დადებითი და მისასალმებელია.

"რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლო გარკვეულ პრობლემებს აწყდება და ამაზე თვალს ვერ დავხუჭავთ, მაგრამ ამ პრობლემების გადასაჭრელად ჩვენ შეგვიძლია სხვა ნაბიჯები გადავდგათ. მაგალითად, გავუზარდოთ სასამართლოს დაფინანსება, რომელიც საკმაოდ მწირია და 4 მილიონ ლარს შეადგენს.

"ასეთი თანხა შესაძლოა სამინისტროს რომელიღაც სსიპ-ს ან დედაქალაქის მერიის აიპ-ს გააჩნდეს. სწორედ ამის გათვალისწინებით, ჩვენ შეგვილია პრობლემები დაფინანსების გაზრდით აღმოვფხვრათ, ვიდრე მისი ადგილმდებარეობის შეცვლაზე ვიფიქროთ," - განუცხადა "რეზონანსს" ვახუშტი მენაბდემ.

რაც შეეხება დამოუკიდებელი იურისტების პოზიციას, მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ არ შეიძლება სახელმწიფო დაწესებულებები მხოლოდ დედაქალაქში იყოს განთავსებული და შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმიდან თბილისში გადმოტანის იდეასაც არ იწონებს. უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ფიქრობს, რომ თავის დროზე შექმნილი კონცეფცია, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმში გადავიდა, მოსაწონი იყო.

"ეს იყო იდეა, რომ ხელისუფლებისთვის, ქვეყნისთვის და სახემწიფოსთვის მნიშვნელოვანი დაწესებულებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილებულიყო, რაც კარგი და სასიკეთოა. მითუფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ადამიანებს ყოველდღიურად მისვლა არ უწევთ, ეს დაწესებულება იქ უნდა დარჩეს. ტერიტორიული მოწყობისთვის და კერძოდ ბათუმისთვის სასამართლოს იქ არსებობა, მგონია, რომ ჯანსაღი და გამართლებულია," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას უფლებადამცველი და სასამართლოს შესაძლო გადმოტანის უარყოფით მხარეებზეც საუბრობს.

"რა თქმა უნდა, არ მივიჩნევ, რომ ყველაფერი თბილისში უნდა იყოს თავმოყრილი და მითუმეტეს იმ ფონზე, რომ დედაქალაქი ამ ბოლო დროს საცობების ქალაქს დაემსგავსა, სადაც დღის 11 საათიდან საღამოს ამ დრომდე მუდმივი საცობებია.

"გარდა ამისა, უკვე დიდი ხანია საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმში მდებარეობს, ხოლო მისი თანამშრომლებისთვის იქ ყოფნა და მუშაობა უკვე დადგენილი ნორმაა. შესაძლოა ვიღაცამ ამის გამო ბინაც კი გაყიდა და იქ დასახლდა. ამიტომ ამ ხალხს ხელახლა ცხოვრება არ უნდა ავურიოთ.

"ვფიქრობ, ეს უფრო ორი ან ერთი ადამიანის ახირებაა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა და ბერკეტები, რომ თავისთვის უფრო კომფორტული ცხოვრება მოიწყოს, მიუხედავად იმისა, რომ ამით შესაძლოა ძალიან ბევრ ადამიანს დისკომფორტი შეუქმნას," - აღნიშნავს ლია მუხაშავრია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×