პარლამენტის ქუთაისიდან დედაქალაქში გადმოტანა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ყველა ერთის წინააღმდეგ - კონსტიტუციიდან, დიდი ალბათობით იმ მუხლს ამოიღებენ, რომელიც პარლამენტის ადგილსამყოფლად ქალაქ ქუთაისს განსაზღვრავს. კომისიის ფარგლებში ასევე გამოითქვა მოსაზრება, რომ ყველა კონსტიტუციური ორგანო იყოს დედაქალაქში და ეს თავად კონსტიტუციით განისაზღვროს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საკონსტიტუციო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც საკანონმდებლო ორგანოს ადგილმდებარეობზე მსჯელობდნენ.
ამ ეტაპზე კომისიის წევრების მხრიდან პოზიციის დაფიქსრება მოხდა და როგორც აღმოჩნდა, პრაქტიკულად ყველა პარლამენტის თბილისში გადმოტანას ემხრობა წინააღმდეგი იყო მხოლოდ ერთი კომისიის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. რომელიც კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის უცვლელად დატოვებას ითხოვს. დანარჩენი კი ამ ჩანაწერის შეცვლის მომხრეა და პარლამენტის ადგილსმაყოფელის განსაზღვრად თბილისის, ან დედაქალაქის ჩაწერას ითხოვს.
"პარლამენტის ადგილსამყოფლის საკითხთან დაკავშირებით კომისიის თითქმის ყველა მონაწილე იყო ერთ აზრზე, გარდა კომისიის ერთი წევრისა. დასახელდა რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორ შეიძლება საკითხი მოწესრიგდეს. კერძოდ, ერთია ის, რომ კონსტიტუციიდან საერთოდ ამოვიღოთ ნორმა, რომელიც პარლამენტის ადგილსამყოფელს განსაზღვრავს და ადგილსამყოფლის საკითხი განისაზღვროს პარლამენტის რეგლამენტით.
"მეორე მოსაზრებაა ის, რომ პირდაპირ კონსტიტუციაში გაიწეროს, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი. იყო ასეთი მოსაზრებაც, ხომ არ გაიწეროს კონსტიტუციაში, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი არის ქვეყნის დედაქალაქი. თუ ყველა ამ მოსაზრებას მოვუყრით თავს, ერთადერთი, ვინც გამოთქვა მოსაზრება, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო", - განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, დეპუტატმა გიორგი კახიანმა.
კომისიის კიდევ ერთი წევრი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობის კონსტიტუციაში განსაზღვრა სწორი პრაქტიკა არ არის.
"კომისიის ერთი წევრის გარდა, ძალიან დიდი უმრავლესობა აყენებდა საკითხს, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობად განისაზღვროს თბილისი. აღნიშნულ საკითხზე იქნება ცხარე კამათი, მსჯელობა. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ კონსტიტუციით არ იყოს განსაზღვრული პარლამენტის ადგილსამყოფელი და მოხდეს შესაბამისი მუხლის კონსტიტუციიდან ამოღება", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მისთვის მიუღებელია კოლეგების აზრი, რომ პარლამენტის ქუთაისში ყოფნა რეგიონის განვითარების თვალსაზრისით არაფერს ცვლის.
"პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანას მხოლოდ მე ვეწინააღმდეგები. დანარჩენი წევრები ითხოვდნენ, კონსტიტუციაში პარლამენტის ადგილსამყოფელი ჩაიწეროს თბილისი ან დედაქალაქი.
"მათი მოსაზრება იყო, რომ პარლამენტის ყოფნა ქუთაისში რეგიონის განვითარების თვალსაზრისით არაფერს ცვლის. ამ მიდგომასთან მაქვს სერიოზული პრეტენზია, იმიტომ, რომ თავის დროზე, როცა გადატანა მოხდა, არავინ ფიქრობდა, რომ ეს იქნებოდა იმერეთის რეგიონის ქუთაისის განვითარების ერთადერთი გარანტია. საუბარი იყო კომპლექსურ ღონისძიებებზე, მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტების გადატანაზე სხვადასხვა რეგიონებში, მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადატანა ბათუმში, პარლამენტის ქუთაისში.
"ამას ასევე ახლდა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდა აქტივობა და ინფრასტრუქტურული მშენებლობები რეგიონებში და მათ შორის გავიხსენებ ქუთაისის აეროპორტის მშენებლობას. მაშინ ზუსტად ის ხალხი, ვინც დღეს გადმოტანას უჭერს მხარს, აბუჩად იგდებდა ქუთასის აეროპორტის მშენებლობას, ახლა კი ამ პროექტს დადებითად აფასებენ და ამბობენ ტურისტული თვალსაზრისით ძალიან კარგი რამ გაკეთდა", - უთხრა "რეზონანსს" ჭიაბერაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაზა გაბუნიას თქმით კი, თუ სად იქნება პარლამენტი, ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა თავად უმრავლესობის წევრებში.
"პარლამენტის თბილისში გადმოტანასთან დაკავშირებით უმრავლესობაში არ არის ერთიანი პოზიცია. მაგალითად, ჩემი კოლეგა კობა ნარჩემაშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება პარლამენტის თბილისში გადმოტანას. მომდევნო შეხვედრისას ალბათ უფრო მეტი კონტურები გამოჩნდება და ვნახავთ კენჭისყრაზე რა შედეგი დადგება. ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არ არის.
"შეიძლება ჩვენ ამ საკითხზე შევთანხმდეთ, მაგრამ მერე უნდა განისაზღვროს ვადა. შესაძლოა ეს იყოს მომავალი საპარლამენტო არჩევნები, ან ამოქმედების დღიდან. ასე რომ, ჯერ ყველაფერი გასარკვევია", - გვითხრა გაბუნიამ.