ეკატერინე ბასილაია
28.01.2017

 "ქართული ოცნება" მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე ვაჭრობას იწყებს. ერთი ნაწილი, უმეტესად პროპორციული სიით გასული დეპუტატები, ამბობენ, რომ გარკვეული დათქმით მხარს დაუჭერენ საარჩევნო სისტემის ამ ნაწილის შეცვლას, თუმცა თავად მაჟორიტარები "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, რომ ისინი მაჟორიტარობის გაუქმებას არ ემხრობიან.

ხოლო რადგანაც მაჟორიტარი 73-ია, სწორედ მათ ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მათ გარეშე 150-კაციან პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების აუცილებლობისთვის საჭირო 113 ხმის მოგროვება შეუძლებელია.

"მმართველი პარტია ყოველთვის მაჟორიტარების იმედზეა. ახლაც, რომ არა მაჟორიტარები, "ოცნების" საქმე არც თუ ბრწყინვალედ იქნებოდა და საკონსტიტუციო უმრავლესობას სიზმარშიც ვერ ნახავდნენ", - ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი სოსო ცინცაძე და ელოდება, რომ "ოცნების" მაჟორიტარები დაიწყებენ დემაგოგიას, თუ რატომ არ უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა."

საგულისხმოა, რომ 2012 წელს მაჟორიტარული სისტემის გაუქმება იყო კოალიცია "ქართული ოცნების" დაპირება და 2015 წელს, ოპოზიციის დიდი ბრძოლის შედეგად, "ოცნების" 81 დეპუტატის ხელმოწერით პარლამენტში ამ თემაზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტიც შევიდა იმ დათქმით, რომ თუკი ცვლილება მოხდებოდა, ის უნდა ამოქმედებულიყო არა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, არამედ 2020 წლისთვის.

"ოცნებას" მაშინ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ გააჩნდა და წინასწარვე ცნობილი იყო, რომ საპარლამენტო უმცირესობის მხარდაჭერის გარეშე ამ წინადადებისთვის საჭირო ხმები ვერ მოგროვდებოდა. "ნაციონალური მოძრაობა" კი ცვლილებებს სწორედ 2016 წლისთვის ითხოვდა და ამოქმედების თარიღზე კამათის გამო ჩავარდა ეს პროექტი.

"ოცნებამ" მაშინ განაცხადა, რომ ისინი მაჟორიტარობის გაუქმების მომხრეები არიან, მაგრამ ამაში ხელი "ნაციონალებმა" შეუშალეს. ახლა კი, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა მათ ხელშია, ოპოზიციისკენ ხელის გაშვერას და მათზე რაიმეს დაბრალებას აზრი არ აქვს. თუმცა, როგორც უკვე განცხადებებიდან იკვეთება, მმართველმა პარტიამ შეიძლება მაჟორიტარობაზე უარი ახლა საკუთარი მაჟორიტარების "დამოუკიდებელ ნებას" გადააბრალოს და ხელი მათკენ გაიშვიროს.

გუშინ, საკონსტიტუციო კომისიის თემატურ ჯგუფში საარჩევნო სისტემის რეფორმა განიხილეს. ამ კომისიაში ოპოზიციის ნომერ პირველი და პრინციპული მოთხოვნა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ხელისუფლება პოზიციას ხშირად ცვლის და თუ ახლა იტყვის, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება, მაშინ საკონსტიტუციო კომისიის არსებობას აზრი ეკარგება და ეს იქნება საკონსტიტუციო კომისიის დასასრულის დასაწყისი.

"ოცნების" მაჟორიტარების უარი

ის, რომ 2015 წლისგან განსხვავებით, წელს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებაზე განსხვავებული პოზიციებია მმართველ პარტიაში, ამას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე არ მალავს.

მისი თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას შესაძლებელია მხარი დაუჭიროს, ოღონდ გარკვეული დათქმებით.

"ახლა როგორც საზოგადოებაში, ისე მმართველ გუნდში მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. პირადად ჩემი აზრია, რომ გარკვეული დათქმებით შესაძლებელია მხარი დავუჭიროთ პროპორციულ სისტემას, მაგრამ ამან გარკვეული პრობლემები არ უნდა შექმნას, არ უნდა შექმნას საკონსტიტუციო კრიზისი, სახელისუფლებო კრიზისი და ა.შ.

"საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება მიღებული იქნება კომისიის მიერ და საბოლოოდ, კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე იმსჯელებს საქართველოს პარლამენტი", - განაცხადა მდინარაძემ.

"რეზონანსთან" საუბრისას მაჟორიტარები არ მალავენ, რომ 150-ვე დეპუტატის პროპორციული სისტემით არჩევა და 73 მაჟორიტარისთვის უარის თქმა მათთვის მიუღებელია. თანაც, მაჟორიტარობის გაუქმების მოწინააღმდეგე დეპუტატების საკმაოდ დიდი ნაწილი დღეს საკონსტიტუციო კომისიის წევრია და ისინი საკუთარ პოზიციას კომისიაშიც დაიცავენ.

"ვფიქრობ, რომ მაჟორიტარული სისტემა, ის, რომელიც ახლა არსებობს, საკმაოდ დემოკრატიულია, იმიტომ, რომ პირადი პასუხისმგებლობის შეგრძნება ძალიან მაღალია ამომრჩევლებისადმი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჯობია დარჩეს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მაჟორიტარი ვარ, თუმცა ამას ვგრძნობ უფრო მეტად. მაჟორიტარის პირადი ავტორიტეტი ძალიან მნიშვნელოვანია," - ამბობს ხელვაჩაურის მაჟორიტარი და საკონსტიტუციო კომისიის წევრი ილია ნაკაშიძე.

ხაშურის მაჟორიტარი და საკონსტიტუციო კომისიის წევრი სიმონ ნოზაძეც მაჟორიტარობის გაუქმებისა და მთლიანად პროპორციულზე გადასვლის წინააღმდეგია.

"მიმაჩნია, რომ მაჟორიტარი დეპუტატი ძალიან კარგად წარმოაჩენს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებს და იზრუნებს მათ დასაცავად. ამიტომ, პირადად მე მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას მხარს არ ვუჭერ... ეს სისტემა მარტო საქართველოშია? აშშ-ში სენატორებს როგორ ირჩევენ?" - ამბობს ხაშურის მაჟორიტარი სიმონ ნოზაძე, რომელმაც საპარლამენტო მანდატი როგორც "მრეწველების" მაჟორიტარმა მოიპოვა, თუმცა პარლამენტში "ოცნების" 5 დეპუტატთან ერთად აქვს ფრაქცია და უმრავლესობის რიგებში ირიცხება.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმების წინააღმდეგია ასევე საკონსტიტუციო კომისიის წევრი კახა ოქრიაშვილი, რომელიც 2012 წელს "ნაციონალების", ახლა, 2016 წელს კი "ოცნების" სახელით იყარა კენჭი მაჟორიტარად და ის საკუთარ დამოკიდებულებას არც მალავს.

ასევე თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარ ზაქარია ქუცნაშვილს არაერთხელ აქვს ღიად განცხადებული, რომ ის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არც ადრე უჭერდა და არც მომავალში დაუჭერს. ქუცნაშვილიც კომისიის წევრთა შორისაა.

ზუსტად არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია "ქართული ოცნებიდან" მაჟორიტარ ზაზა ხუციშვილს, თუმცა ის დღეს არსებულ საარჩევნო სისტემაში პრობლემას ხედავს და მაჟორიტარებს "ფეოდალებსაც" უწოდებს.

"ის, რომ თბილისის რამდენიმე რაიონი ირჩევს თავის მაჟორიტარს, როგორც პარლამენტში მის ხმას, ეს ერთის მხრივ ეს ყველაფერი კარგია. თუმცა სულ არის ლაპარაკი იმაზე, რომ როგორც წესი, მუდმივად მმართველი გუნდის წევრი იმარჯვებს, ეს მეორე პრობლემაც დგას.

"წლების განმავლობაში, სანამ დღევანდლამდე მოვიდა ეს სისტემა, როგორც წესი, შეძლებულ, ე.წ. ფეოდალებს აყენებდნენ ამ პოზიციაზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში პირადი თანხით ეხმარებოდნენ მოსახლეობას. ამან დაამახინჯა ამის მცნება," - ამბობს ხუციშვილი.

"ოცნების" ძველი სახეები: ახლა სულ სხვა რეალობაა

საკონსტიტუციო კომისიაში არ არის, მაგრამ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე არ აპირებს კენჭისყრისას მაჟორიტარობის გაუქმებისთვის მხარის დაჭერას, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ინიცირებაზე 81 დეპუტატს შორის მისი ხელმოწერაცაა. როგორც თავად ხსნის, ეს გუნდური თამაშის პრინციპების გამო მოხდა.

"ჩემი აზრით, პირიქით, მთელ ქვეყანაში მხოლოდ მაჟორიტარული არჩევნები უნდა ტარდებოდეს და პროპორციული გაუქმდეს," - აღნიშნავს ჯაფარიძე და დასძენს, რომ 2015 წელს იძულებულები იყვნენ ამ კანონპროექტის ინიცირება მომხდარიყო: "მაშინ სხვა რეალობა იყო, ახლა სხვა რეალობაა".

"სხვა რეალობაზე" საუბრობს ალექსანდრე ქანთარიაც.

მისი თქმით, მართალია 2015 წელს "ქართულ ოცნებას" ჰქონდა კანონპროექტი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე, მაგრამ დღეს კანონპროექტის მომხრე პოლიტიკოსები დეპუტატები აღარ არიან, პარლამენტში აბსოლუტური უმეტესობა და თან მაჟორიტარი "ოცნების" ახალი სახეა და მათ რა თქმა უნდა საკუთარი დამოუკიდებელი შეხედულებები აქვთ.

"უმრავლესობაში ახლა თვისობრივად განახლებული შემადგენლობაა, მათ შორის უმრავლესობა მაჟორიტარია, ისინი წინა მოწვევის პარლამენტში არ ყოფილან და მათი აზრი როგორია, ამის განხილვა არ ყოფილა, ამ ახალი შემოსული ხალხის დამოკიდებულება უნდა გავითვალისწინოთ," - ამბობს ქანთარია.

მისი თქმით, არასწორია პოზიცია, რომ ხელისუფლებას არ ეთმობა მაჟორიტარები და ამიტომ ამ სისტემას არ გააუქმებს.

"ყველანი ვამბობთ, რომ სისტემა შესაცვლელი და დასახვეწია, მაგრამ ის, რომ ახლა უცებ დავდგეთ და მთლიანად მაჟორიტარული სისტემის უარყოფა დავიწყოთ, არ ვარგა, ასე არ არის. იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებში სრულად მაჟორიტარული სისტემაა. რომელი მოერგება, როგორ დაიხვეწება, ამას სერიოზული მსჯელობა სჭირდება," - დასძენს ქანთარია.

"რომ არა მაჟორიტარები, "ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას სიზმარშიც ვერ ნახავდა"

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის თქმით, მაჟორიტარები ქართულ პოლიტიკაში ჯადოსნური ჯოხია, რომელიც ნებისმიერი ხელისუფლებისთვის გაუჭრელი კოზირია და პროგნოზირებს, რომ ხელისუფლება ყველანაირად ეცდება ეს სისტემა შეინარჩუნოს. ამისთვის კი თავად მაჟორიტარებს გამოიყენებს და მათ ათქმევინებს მაჟორიტარობის გაუქმებაზე უარს.

"არ მჯერა, რომ რომელიმე მმართველი ძალა ამ სისტემის გაუქმებაზე წავა. სანამ საქართველო ღარიბი და დაბალი პოლიტიკური კულტურის ქვეყანაა, მაჟორიტარები დარჩებიან. ძალიან კარგად მახსოვს 2012 წლის არჩევნებზე, როდესაც ცნობილი გახდა, რომ "ნაცმოძრაობა" პროპორციული სიით აგებდა, გამოვიდა გოკა გაბაშვილი და განაცხადა - კი ვაგებთ პროპორციულად, მაგრამ არა უშავს, მაჟორიტარებით ამოვქაჩავთ და მაინც გავიმარჯვებთო. ასე, რომ მმართველი პარტია ყოველთვის მაჟორიტარების იმედზეა.

"ახლაც, რომ არა მაჟორიტარები, "ოცნების" საქმე არც თუ ბრწყინვალედ იქნებოდა და საკონსტიტუციო უმრავლესობას სიზმარშიც ვერ ნახავდნენ", - ამბობს ცინცაძე.

მისი თქმით, არჩევნებში "ქართული ოცნებამ" პროპორციულად მხოლოდ 48% მიიღო, მაჟორიტარებში კი - ყველა მანდატი. ამდენად, პარტია არ დათმობს ამ "ჯადოსნურ ჯოხს".

"ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარული არჩევნები აბსოლუტურად უცნობი ხალხით მოიგო პირწმინდად. "ზრდილობის გულისთვისაც" კი არ დაუთმო ოპოზიციას თუნდაც 2 მანდატი. ამით კიდევ ერთხელ მოხდა ლუსტრირება, რა არის მაჟორიტარები.

"ქართული ოცნება" მაჟორიტარებს ათქმევინებს იმას, რომ ამ სისტემის გაუქმება არ სურთ. მაგათ ვინმე დემაგოგიას ასწავლის? ზოგიერთმა მაჟორიტარმა ლაპარაკიც არ იცის, ადგებიან, დაუწერენ ტექსტს, გამოვლენ ესენი და იტყვიან - როგორ, ჩემს რაიონს, ჩემს კუთხეს წარმომადგენელი არ უნდა ჰყავდეს პარლამენტშიო?

"ათას დემაგოგიას იტყვიან. მაჟორიტარებს არავინ შეელევა," - დასძენს ცინცაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×