ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ, დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის ნაწილის მოქმედება, დროებით შეაჩერა. საქმე ქვეყნის ტერიტორიაზე, მიგრანტების შეშვების აკრძალვას ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მოსამართლემ, აშშ-ში ჩასულ მიგრანტებს უფლება მისცა, რომ ტრამპის განკარგულებას არ დაემორჩილონ. ნიუ-იორკის აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ამ დროისთვის 200 მიგრანტი იმყოფება.
პრეზიდენტის ბრძანება საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შესახებ 7 ქვეყანაზე: ირანზე, ერაყზე, იემენზე, ლიბიაზე, სირიაზე, სომალისა და სუდანზე ვრცელდებოდა.
დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, შეერთებული შტატების დიდი ქალაქების აეროპორტებთან, მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა, თავად პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ახალი ზომები მუსლიმების წინააღმდეგ არაა მიმართული.
"ეს აკრძალვა არ ეხებათ მუსლიმებს. აბსოლიტურად არა. ვაპირებთ, რომ აკრძალვა ძალიან მკაცრად შესრულდეს. ის ძალიან კარგად მუშაობს და ამას უკვე ყველგან ვხედავთ. ვაპირებთ, რომ საგანგებო კონტროლი დავაწესოთ, რომელიც ქვეყანაში წლებია უნდა არსებობდეს" - განაცხადა დონალდ ტრამპმა.