ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ ოპოზიციას დღეს წაგებული აქვს და ჯობია ხვალინდელ დღეზე ილაპარაკონ
ეკატერინე ბასილაია
30.01.2017

 "ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილებას აუცილებლად გაიტანს. მას არანაირი პრობლემა არ აქვს, რასაც უნდა იმას იზამს. თუ მოისურვა, მონარქიასაც შემოიღებს...

მაჟორიტარული სისტემის გაქმება და პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლის თემა იქნება წივილ-კივილის, შეურაცხყოფების საგანიც, მაგრამ ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ვერ შეძლებს ხელისუფლებაზე რეალური ზეწოლა განახორციელოს და რამე დაათმობინონ. ამის გამო ქუჩაში ხალხიც არ გამოვა...", - აცხადებს საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის თქმითაც "ქართული ოცნება" გაიტანს ყველა სურვილს, არც მაჟორიტარულ არჩევნებს გააუქმებს და არც პრეზიდენტის პირდაპირ წესით არჩევას დატოვებს.

"მთელი კვირა": საკონსტიტუციო კომისია მუშაობას აქტიურად შეუდგა და პრეზიდენტის არჩევის წესისა და მაჟორიტარული საარჩევნოს სისტემის ცვლილებებზე საჯაროდ საკმაოდ ხმაურიანი განცხადებები კეთდება. თავად კომისიის სამუშაო ჯგუფში რამდენად ხმაურიანად მიმდინარეობს განხილვები?

ვახტანგ ძაბირაძე: კონსტიტუციაში საარჩევნო კოდექსს 2 მუხლი ეხმიანება და იმდენად დაძაბული მსჯელობა იყო მთელი დღის განმავლობაში, რომ ეს ორი მუხლი მთლიანად ვერც კი გავიარეთ.

"მ.კ": საარჩევნო სისტემის რა ვარიანტები განიხილეთ?

ვ.ძ: ვარიანტები სხვადასხვაა: პირველი - რომ იყოს მთლიანად პროპორციული სისტემა; მეორე - იყოს რეგიონალურ-პროპორციული, ანუ საქართველო დაახლოებით 10 ოლქად დაიყოს და ერთი და იგივე პარტიას იმერეთში სხვა სია ექნება და თბილისში - სხვა; მესამე - იყოს შერეული, ანუ 77 იყოს პროპორციული და 73 - რეგიონალურ-პროპორციული;

კახა ოქრიაშვილმა თქვა, ან მთლიანად მაჟორიტარულზე გადავიდეთ, ან დავტოვოთ რაც დღეს არის, რადგან ეს სიმყარეს წარმოადგენსო. ჩემი ვარიანტი იყო, იყოს მაჟორიტარული, მაგრამ ამომრჩეველს დავავალდებულოთ, რომ წარდგენილი კანდიდატებიდან 3 სასურველი კანდიდატი შემოხაზოს.

ამაზე ლაპარაკს და დასაბუთებას მოუნდა 7 საათი. გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრძანა, ეს ყველა მოსაზრება ფორმულირდება და მეორე მოსმენაზე დაიწყება სერიოზული მსჯელობა, რომელი სისტემა უნდა იქნას არჩეულიო.

"მ.კ": როდის გვეცოდინება რომელ საარჩევნო სისტემას აირჩევს კომისია?

ვ.ძ: გვითხრეს, რომ ერთ თვეში. თუმცა, დაგეგმილი იყო, რომ ამ ერთ დღეს 14 მუხლს მაინც გავივლიდით, მაგრამ მხოლოდ 4 მუხლი გავიარეთ. მეეჭვება აპრილის ბოლომდე ერთი მოსმენით გავიაროთ ყველა საკითხი. არაფერს ვლაპარაკობ შეჯერებაზე, რომელიც კიდევ უფრო რთული იქნება.

"რ": წინა მოწვევის პარლამენტში მმართველი პარტია მზად იყო 2020 წლისთვის მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე უარი ეთქვა. ახლა კი საკუთარი კანონპროექტის მხადრაჭერის ნაცვლად ახალ ვარიანტებს იგონებს და თავს იმართლებს, რომ თურმე ახალ სახეებს არ სურთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ "ოცნებამ" მოიტყუა და ახლა ახალი სახეებით მანიპულირებს?

ვ.ძ: პოლიტიკურად, ზოგი თვლის, რომ მოიტყუა "ქართულმა ოცნებამ", ზოგი თვლის, რომ - ახალი სახეებია პარტიაში და ახლებურად ფიქრობენ. ეს გემოვნების საკითხია - ვინ და როგორ ფიქრობს.

საინტერესო სიტუაციაა, ვინც მაშინ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე კანონპროექტს ხელი მოაწერა, ისინი დღესაც ამბობენ, რომ კი ბატონო, მე დღესაც თანახმა ვარ, მაგრამ ვინც ხელი არ მოაწერა, მაგალითად კახა ოქრიაშვილს, ვერ მოსთხოვ ახლა დათანხმებას. ის ყოველთვის წინააღმდეგი იყო მაჟორიტარული სისტემის გაუქმების.

მას ახლა ბევრი ახალი წევრიც დაემატა. დღეს საკონსტიტუციო უმრავლესობა კი აქვთ, მაგრამ ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. კომისიის მუშაობა მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან რომ გამეთავისუფლებინა, მათ შევთავაზე, საკონსტიტუციო შესწორებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედებულიყო.

ჩემი წინადადება იმის საშუალებას იძლევა, უმრავლესობა იქნება, უმცირესობა, თუ პოლიტიკური ლიდერები, ნაკლებად მიაბამდნენ ამას ხვალინდელ არჩევნებს. თუმცა მხარი არ დამიჭირეს. ყველა თამაშობს იმას, რომ არა კაცო, ჩვენ მზად ვართ ცვლილებები შევიტანოთ და დღესვე ავამოქმედოთ-ო.

"მ.კ": "ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა სწორედ მაჟორიტარებით გაინაღდა და ამ სისტემას შეელევა?

ვ.ძ: გულწრფელად გითხრათ, ძალიან მეეჭვება, რომ შეელიოს. საქართველოში 1992 წლის საპარლამენტო არჩევნების გარდა, ყველა არჩევნები ამ სისტემით ჩატარდა. არცერთმა ხელისუფალმა არ მოინდომა ამ სისტემის შეცვლა, იმიტომ რომ ის ხელისუფლებისთვის ზედგამოჭრილია.

სისტემა რევოლუციურია, ან იმარჯვებს ხელისუფლება, ან თუ რევოლუციურმა განწყობამ მოსახლეობაში მიაღწია პიკს, მაშინ იმარჯვებს ქუჩა და მოდის პოლიტიკაში.

ყველა ხელისუფლების განცდაა, რომ საქმეს კარგად აკეთებს, ქვეყანა წინ მიჰყავს, მისი შემცვლელი არავინ არ არის და ასეთ ხელისუფლებას რატომ უნდა სურდეს, რომ ძალაუფლება სხვას გაუყოს?

ოპოზიცია ვერ ხვდება, რომ დღეს მას ბევრად უფრო ნაკლები გავლენა აქვს, ვიდრე მაგალითად 4 წლის წინ. პატრიოტიზმი და მამულის სიყვარული არ გვინდა, პრაგმატული პოლიტიკით რატომ უნდა დათმოს?!

გასაგებია, ვიღაცეები საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოდიან, რადგან ადრე დაფიქსირებული ჰქონდათ ამ სისტემის გაუქმების მოთხოვნა, ამიტომ ისინი დღესაც იგივე იტყვიან, მაგრამ საბოლოოდ ეს ვარიანტი ჩავარდება, რადგან ის საკმარის ხმებს არ მოაგროვებს. მაჟორიტარები ამ სისტემაზე უარს არ იტყვიან.

"მ.კ": ოპოზიციისა და არასამთავრობოების მხრიდან ძალიან ბევრი უკმაყოფილო განცხადება კეთდება პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის არაპირდაპირით შეცვლის გეგმაზე. თქვენი პროგნოზი რა არის, შეიცვლება არჩევის წესი?

ვ.ძ: კომისიაში როგორია ბალანსი, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ პირადად მე მიმაჩნია, სწორია არაპირდაპირი გზით მოხდეს პრეზიდენტის არჩევა.

"მ.კ": "რესპუბლიკელებმა", რომლებიც არაპირდაპირი გზით არჩევს მომხრეები იყვნენ, ახლა პოზიცია შეცვალეს და აცხადებენ, რომ "ოცნება" ერთპიროვნული ძალაუფლების განმტკიცებას ცდილობს, საფრთხე ემუქრება ხელისუფლების დანაწილების პრინციპსა და ურთიერთბალანსს და ამიტომ მიუღებელია. თქვენ ამ საფრთხეს არ ხედავთ?

ვ.ძ: "ქართულმა ოცნებამ" არ დანიშნა ეს პრეზიდენტიც? მარგველაშვილი "ოცნებამ" დანიშნა, მაგრამ შემდეგ მათი ხედვები გარკვეულ ნაწილში არ დაემთხვა ერთმანეთს და დღეს პოლიტიკურადაც უბრად არიან.

ამიტომაც 2020 წლიდან უნდა ამოქმედდეს შესწორებები, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კი არ გველაპარაკა, არამედ ზოგადად კონსტიტუციაში როგორ უნდა იყოს. ქვეყანა არ დაინგრევა, თუ 2018 წელს პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩევა.

სანამ კონსტიტუცია მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გავლენით კეთდება, მანამდე ნორმალურ კონსტიტუციას ვერ მივიღებთ. ამ გავლენისგან თავის დაღწევის საშუალება არის ცვლილებების 2020 წლის შემდეგ ამოქმედება.

"მ.კ": რატომ ხართ წინააღმდეგი პირდაპირ ავირჩიოთ პრეზიდენტი?

ვ.ძ: იმიტომ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს ვაიძულებთ პირველივე შეხვედრაზე საქმიანობა ტყუილებით დაიწყოს, მოსახლეობას დაპირდეს ის, რისი გაკეთების თავიც მას არ აქვს კონსტიტუციურად.

რა გვინდა, მივიღოთ პრეზიდენტი, რომელმაც მთელი საარჩევნო კამპანია ტყუილებს მიუძღვნას, თუ მივიღოთ პრეზიდენტი, რომელიც თავს ფუნქციას შეასრულებს?! ეს ფუნქციაც უნდა განვსაზღვროთ ბოლოს და ბოლოს.

ერთი პარტიის მიერ პრეზიდენტის არჩევის წინააღმდეგი ვარ, თუნდაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს. ვარიანტია, რომ პრეზიდენტად არჩეულად ჩაითვალოს ის კანდიდატი, რომელსაც მხარს უჭერს პარლამენტის უმრავლესობის უმრავლესობაც და ოპოზიციის უმრავლესობაც.

შესაბამისად, ვერავინ დააყვედრის, მე დაგსვი მაგ სავარძელშიო. პირდაპირი არჩევნები იქნება თუ არაპირდაპირი, დღეს გაიმარჯვებს ის კანდიდატი, ვისაც "ქართული ოცნება" დაუჭერს მხარს. მას მეტოქე არ ეყოლება.

"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ცალსახად ვერ გაიმარჯვებს, სხვა პოლიტიკურ სპექტრში კი არავინ არ ჩანს, თუ ხვალ მოგვევლინება ვინმე მზეჭაბუკად, ვერ გეტყვით.

ოპოზიცია იმასაც ვერ თვლის, რომ თუ არაპირდაპირი წესით არჩევას გაიტანს "ოცნება", ეს მათთვის პოლიტიკური პიარის თვალსაზრისით მომგებიანია, რადგან სულ მუდამ იქნება დაყვედრება, რომ "ქართულმა ოცნებამ" აირჩია თავისი და არა ქვეყნის პრეზიენტი.

რა შემაკავებელ ფაქტორებზე მიდის საუბარი, ესეც არ მესმის. ერთადერთი, რაც პრეზიდენტს შეუძლია გააკეთოს, არის ის, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს დაადოს ვეტო, რომლის დაძლევაც წინა მოწვევის პარლამენტსაც შეეძლო და შეუძლია ახლანდელსაც. კამათი შეიძლება იყოს მხოლოდ იმაზე, გაეროში დელეგაციის ხელმძღვანელი იყოს პრეზიდენტი, თუ პრემიერი.

"მ.კ": თუ გიორგი მარგველაშვილს არ სურს არაპირდაპირი წესით ირჩეოდეს პრეზიდენტი, რა შეუძლია ამას დაუპირისპიროს? მხოლოდ ვადამდელი არჩევნები?

ვ.ძ: სანამ კონსტიტუციაში ცვლილებები შევა, შეუძლია გადადგეს და ახლა განსაზღვრული წესით ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები.

ჩემი აზრით, თუ მარგველაშვილი პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას, აქტიურ პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებს, მისი ეს ნაბიჯი არასწორი იქნება, რადგან დაკარგავს პრეზიდენტობის ერთ წელს და სხვა ხეირი არ ექნება. ის არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს.

თუ მას ეს ნაბიჯი პიარისთვის სჭირდება, რომ ყურადღების ცენტრში იყოს, პარტია შექმნას და წელს ადგილობრივ და შემდეგ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, ეს სხვა თემაა. მაშინ შეიძლება ჩათვალოთ, რომ ეს ნაბიჯი გამართლებულია.

"მ.კ": ელოდებით, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები შეიძლება ვიხილოთ?

ვ.ძ: ახალგაზრდა კაცია, ბევრს მიაღწია პოლიტიკურ არენაზე... თუმცა მისი სურვილი ერთია და მეორეა - მოსახლეობაში განწყობა. ის რომ ცნობადია, ეს კარგია, იმიტომ, რომ მას წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს ცუდია, რადგან მოსახლეობას მასზე აზრი უკვე ჩამოყალიბებული აქვს და მისი შეცვლა, თუ ის კეთილგანწყობილი არ არის, საკმაოდ რთულია.

ამიტომ, მან უნდა შეისწავლოს მისდამი საზოგადოების დამოკიდებულება და აქიდან უნდა გააკეთოს დასკვნა.

"მ.კ": საარჩევნო სისტემისა და პრეზიდენტის არჩევის წესის გამო შესაძლებელია ოპოზიციამ და არასამთავრობოებმა დიდი საპროტესტო ტალღის აგორება მოახერხონ?

ვ.ძ: ოპოზიციას და მით უფრო, არასამთავრობოებს ძლიერი საზოგადოებრივი მხარდაჭერა არ აქვთ. ეს ორი თემა იქნება წივილ-კივილის, შეურაცხყოფების საგანიც, მაგრამ ეს მოსახლეობაში არ გადავა და ამის გამო ქუჩაში ხალხი არ გამოვა. შეიძლება რუსთაველზე გამოვიდეს 5 ათასი კაციც, მაგრამ რუსთაველის იქით იქნება სიმშვიდე.

როდესაც საზოგადოება ინერტულია, ეს ცუდია. ამდენად, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ვერ შეძლებს ხელისუფლებაზე რეალური ზეწოლა განახორციელოს და რამე დაათმობინონ. ოპოზიციას დღევანდელი დღე წაგებული აქვს, მათ ხვალინდელ და ზეგინდელ დღეზე უნდა ილაპარაკონ.

"ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილებას აუცილებლად გაიტანს. მას არანაირი პრობლემა არ აქვს, რასაც უნდა იმას იზამს. თუ მოისურვა, მონარქიასაც შემოიღებს.

"მ.კ": თვლით, რომ "ოცნება"კონსტიტუციას თავის თავზე მოირგებს?

ვ.ძ: წინასწარ არ მინდა ვთქვა, რომ ამჟამადაც ასე იქნება, მაგრამ რომ გითხრათ, იდეალურ კონსტიტუციას მივიღებთ, მეეჭვება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×