ანალიტიკოსი და პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესი ჯერ ძალიან ნედლია და შესაბამისად, საბოლოო დასკვნების გაკეთება ამ ეტაპზე ნაკლებად გამართლებული იქნება. მიუხედავად ამ მოსაზრებისა, ანალიტიკოსს რჩება განცდა, რომ საკონსტიტუციო კომისია რაღაცისთვისაა მოგონილი. კერძოდ, კი იმისთვის, წინასწარ დაწრილი დოკუმენტი, რომელიც სადღაც უჯრაშია ჩაკეტილი, შემდგომში ნელ-ნელა შემოაცურონ.
"როდესაც ხელისუფლებას ასეთი შანსი ეძლევა, მას აქვს ორი გზა - ერთია ის დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით დაიწერება და მეორეა საკუთარ ინტერესებზე შექმნილი კონსტიტუცია", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას გია ხუხაშვილი, რომელსაც მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებსა და აქტუალურ თემებზე ვესაუბრეთ.
გია ხუხაშვილი: თვითონ პროცესის გამჭირვალეობა, დისკუსიების საჯაროობის სიმწირე ჩემში მაინცა და მაინც კარგ შთაბეჭდილებს არ ტოვებს, თუმცა ამ ეტაპზე კატეგორიული ვერ ვიქნები, რადგან ჯერ უნდა გვაჩვენონ რა და როგორ უნდათ. ამის შემდგომ დაიწყება სახალხო განხილვა და არა მხოლოდ ეს - საზოგადოებაში არის იმედი, რომ ამ პროცესს სერიოზული კამათი და მსჯელობა მოჰყვება, ვნახოთ რა იქნება.
თუ ეს ერთი ადამიანის სადიპლომო ნაშრომია, რომელზეც შეიძლება ბავშვობაში ოცნებობდა და ხელმძღვანელიც უკვე შეარჩია, ეს ძალიან ცუდი იქნება, ხოლო თუკი ეს დიდი პროცესია, რომელიც ქვეყნისთვის ოპტიმალური მოდელით დასრულდება, ეს კარგი იქნება, რადგან ასეთ შემთხვევაში ყველა ხელისუფლების ცვლილებისას კონსტიტუციის ცვლილება არ დაგვჭირდება.
"მთელი კვირა": ვიდრე მუშა პროცესი დაიწყებოდა, უმრავლესობის ზოგიერთი წევრი და საკონსტიტუციო კომისიის წევრი აცხადებდა, რომ შესაძლოა ქვეყნის მთავარი დოკუმენტი უკვე აპრილის ბოლოს მივიღოთ. როგორ ფიქრობთ, რამდენად საკმარისია ეს ვადა ასეთი სერიოზული დოკუმენტის მიღებისთვის?
გ.ხ: ვფიქრობ, ვადა ძალიან უცნაურადაა დასახელებული, მითუმეტეს ჩვენ ვსაუბრობთ თემებზე, რომელიც 3 და 4 წლის შემდეგ შევა ძალაში, შესაბამისად, არ მესმის ასე ფართხა-ფურთხით საქმის კეთება რა აუცილებლობას წარმოადგენს.
გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება აბსოლუტური ძალაუფლებით კიდევ 4 წელი იქნება, კონსტიტუციის 1 წლის ვადაში მიღებას არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
ცოტა არ იყოს ეს მოკლე ვადა მეც მძაბავს, გაუგებარია რა საჭიროა ასეთი სიჩქარე ქვეყანაში ერთ-ერთ ფუნდამენტალურ საკითხზე. თუ ეს პირველადი პროექტის წარმოდგენისთვის გათვლილი ვადაა, კი ბატონო, მაშინ მისაღებია, ხოლო თუ გვეუბნებიან, რომ ეს ის პროექტია, რომელსაც შემდგომ უკვე მიიღებენ, მაშინ ეს გაუგებარია და სხვა ტონში მოგვიწევს საუბარი.
"მ.კ": რაც შეეხება დოკუმენტის ძალაში შესვლას, ცალკეული დამოუკიდებელი ექსპერტები ამბობენ, რომ უმჯობესი იქნება, თუკი ცვლილებები ძალაში 2020 წლიდან შევა. თქვენ როგორ უყურებთ ამ მოსაზრებას და თუ იზიარებთ მას?
გ.ხ: ძალაში შესვლასთან დაკვშირებით გადავადების იდეას ვიზიარებ, თუმცა არა 2020 წლიდან. გასაგებია, რომ ამ კონსტიტუციის ფარგლებში ყველა არჩევნები გავიარეთ და სასურველია, რომ მომდევნო არჩევნებისთვის ეს ვადა განისაზღვროს, რათა ნორმალური ციკლი არ დაირღვეს და სხვა ტიპის რისკები არ შეიქმნეს, ამ მიდგომას ნაწილობრივ ვიზიარებ.
თუმცა, ვფიქრობ, რომ თუკი ეს ვადა ადგილობრივ და საპრეზიდენტო არჩევნებს დაფარავდა, მაგრამ არ შეეხებოდა საპარლამენტო არჩევნებს, ეს იქნებოდა სწორი. თუკი ცვლილებები მიღებული 2019 წელს იქნება, უკეთესია, რადგან შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ახალი საარჩევნო მოდელით ჩავატაროთ.
"მ.კ": ამასობაში, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ პარლამენტი ქუთაისიდან დედაქალაქში გადმოდის. როგორ აფასებთ ამ იდეას?
გ.ხ: ხელისუფლება ძალიან არასერიოზულად იქცევა, როცა ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს. ერთი მხრივ გასაგებია, რომ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება პარლამენტი გადმოვიდეს დედაქალაქში, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას საპირისპიროს ლაპარაკობდნენ, ეს ძალიან არასერიოზულია. ასეთი არაფრისმთქმელი არგუმენტებით ცდილობენ, რომ ნახევრად იმშობიარონ.
საერთოდ, როდესაც შენს სიმართლეში დარწმუნებული ხარ, ასეთი უაზრო მანევრები არ უნდა გჭირდებოდეს. ჩემთვის აბსოლუტური ჭეშმარიტებაა და ბევრად უფრო სწორი იქნებოდა, ხალხისთვის არგუმენტირებულად სიმართლე ეთქვათ. ეს ჭეშმარიტება კი ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება აღმასრულებელი ხელისუფლება და საკანონმდებლო ორგანო სხვადასხვა ქალაქში იყოს.
თუნდაც საგანგებო მდგომარეობებში, როდესაც საჭირო მუდმივი კომუნიკაცია ხდება, როდესაც ლოჯისტიკურმა სირთულეებმა შესაძლოა ქვეყანას მენეჯმენტი გაურთულოს, ასეთ ფონზე, ამ საკითხს სწორი არგუმენტირება სჭირდება და მათ შორის, იგივე ქუთაისელებთან.
ის, რომ თურმე პარლამენტის იქ ყოფნა, ქუთაისის ეკონომიკას ძალიან აღორძინებს, ეს ძალიან დიდი სისულელეა. შესაბამისად, სჯობს ყველაფერი სახელმწიფო ინტერესების გათვლით გაკეთდეს, ვიდრე უწინ რომელიმე დეპუტატის შეპირებებით.
"მ.კ": თუმცა, გასული კომისიის სხდომისას დღის წესრიგში დადგა საკითხი, რომ კონსტიტუციაში ყველა საკონსტიტუციო ორგანოს დედაქალაქში განთავსება განისაზღვროს...
გ.ხ: ეს იყო სწორი გზავნილი, თუმცა ახლა მას ახსნა სჭირდება. ვეთანხმები იდეას, რომ ყველა სახლმწიფო დაწესებულება ცენტრალურ ნაწილში უნდა იყოს განთავსებული და მიზეზები და სირთულეები უკვე ჩამოგითვალეთ.
მაგალითისთვის მაინც მოვიყვან 2008 წელს, როდესაც ომის დროს აღმასრულებელი ხელისუფლება თბილისში იყო და ქვეყანა ორად იყო გახლეჩილი. გახსოვთ ხაშურში რუსის ჯარი იდგა და ფაქტობრივად, ეს ქვეყნის პარალიზებას იწვევს. როდესაც ფორსმაჟორულ ვითარებასა და კრიზისებზე ვსაუბრობთ, სწორედ ასეთი მაგალითებიდან უნდა ამოვდიოდეთ.
"მ.კ": სასამართლო რეფორმის კანონზეც მინდა გკითხოთ, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო და პარლამენტს არგუმენტირებული შენიშვნები მიაწოდა. როგორ ფიქრობთ, რამდენად გაითვალისწინებს მას უმრავლესობა?
გ.ხ: უმრავლესობამ თქვა კიდევაც, რომ პრეზიდენტის შენიშვნების ნაწილს გაითვალისწინებენ და რაღაცას არა, სინამდვილეში ვეტოს თემა საკმაოდ ხისტი თემაა. პარლამენტს არ შეუძლია პრეზიდენტის შენიშვნები ნაწილობრივ გაითვალისწინოს, ეს თავად პროცედურიდან გამომდინარე.
აქ პარლამენტის პოზიცია უცნაურია, როცა ამბობს, რომ ნაწილობრივ შენიშვნებს გაიზიარებს, თუმცა თან საყვედურობს პრეზიდენტს იმის გამო, რომ მან კონსულტაციები წინასწარ არ გაიარა.
ეს ის პრინციპული ხარვეზია, რაც წლიდან წლამდე პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას ახასიათებს, როცა ისინი ცდილობენ პრეზიდენტის პროცესში იგნორირება მოახდინონ, ხოლო თანამშრომლობისთვის მაშინ მოუწოდებენ, როცა რეალური პრობლემა იქმნება.
პრეზიდენტს საპარლამენტო მდივანი ჰყავს და მათ შეეძლოთ ის საქმის კურსში მანამდევე ჰყოლოდათ, რაღაცნაირად კოორდინაცია ყოფილიყო, შეჯერებულიყვნენ და დღეს ეს პრობლემაც არ შეიქმნებოდა. თუმცა რა მოხდა? - ნაცვლად იმისა, რომ აღიარონ ასეთი კონფლიქტების ინიციატორობა, ჩემი შენ გითხარის პრინციპით პრეზიდენტს იქით უტევენ.
იგივე შემიძლია ვთქვა საკონსტიტუციო კომისიის შემთხვევაშიც, პრეზიდენტმა მათ თანამშრომლობა ამბიციის გამო კი არ შესთავაზა, პრეზიდენტი არის კონსტიტუციის გარანტი და არ გახლავთ ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, მისი ამ პროცესში თანამონაწილეობა ნდობას გაზრდიდა.
პრეზიდენტს ამ შემთხვევაში პარტნიორად გაიხდიდნენ და არა ოპონენტად. მარგველაშვილის შეთავაზებაც სწორედ ამაში მდგომარეობდა, რაზეც მეორე მხრიდან იგივე პასუხი იყო - არა, შენ არაფერში გვჭირდებიო, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება სრულიად უსაფუძვლოდ პრეზიდენტს პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევს.
ჩემი აზრით, ეს აბსოლუტურად სუბიექტური განწყობა და ერთგვარი კომპლექსია.
"მ.კ": ამ ფონზე რამდენად ვარაუდობთ, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი შეიცვლება? მითუმეტეს, რომ კომისია ამ საკითხზეც მსჯელობს...
გ.ხ: როგორც ჩანს, ხელისუფლებაში ძალიან დიდი სურვილია პრეზიდენტის შემდეგი არჩევნები ირიბად ჩაატარონ, ამის ხიბლში ნამდვილად არიან. როცა ძალაუფლება გაქვს, უფრო მეტი გინდა და შესაბამისად, მეტისკენ ისწრაფვი.
ამ ხიბლისგან გათავისუფლება ძალიან ძნელია, როგორც ჩანს, ხელისუფლება ძალიან სერიოზულად განიხილავს, რომ 2018 წელს პრეზიდენტის თანამდებობა ოფიციალურად ჯიბეში ჩაიდოს.
თუ არჩევა ირიბად მოხდა, კონსტიტუციური უმრავლესობა მათვე ჰყავთ და საკითხს ძალიან მარტივად გადაწყვეტენ. ვფიქრობ, ჯერ მაინც ფრთხილობენ და ეს ცუდი არაა.
წმინდა ფორმალურ ნაწილში, ეს მართლაც სადისკუსიო თემაა, არ მაქვს ცალსახა პასუხი, რა როგორ სჯობს, მაგრამ ამ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც აბსოლუტური ძალაუფლება უმრავლესობის ხელთაა, პრეზიდენტის ირიბად არჩევაზე საუბარი, სახელმწიფოებრივად ძალიან სახიფათოა.
"მ.კ": "კაბელების საქმეზე" გათავისუფლებულ პირებსა და პრეზიდენტის შესაბამის გადაწყვეტილებაზე რა აზრის ხართ?
გ.ხ: ამ საქმეს აქვს ორი მხარე - ერთია სამართალი და მეორე ჰუმანიტარული ასპექტი, რომელიც საქმემ შეიძინა.
რაც შეეხება თვითონ ისტორიას, ვერ ვისაუბრებ იმაზე, რომ გამოძიების დაწყებისას საქმე თავიდანვე პოლიტიზირებული იყო, რადგან სავსებით შესაძლებელი იყო, სამართალდამცველებს კითხვები გასჩენოდათ.
ფატალური შეცდომა ხელისუფლებამ მაშინ დაუშვა, როცა გამოძიების მსვლელობისას არასაკმარის მტკიცებულებებით ამ ადამიანებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ზუსტად ამ არაადეკვატურმა ზომამ მოახდინა ვითარების აფეთქება. ძიების გაგრძელებისა და ამ ადამაინების გირაოს სანაცვლოდ გარეთ დატოვების შემთხვევაში საქმის პოლიტიზირება არ მოხდებოდა.
ეს სასამართლოზეც გამოჩნდა, როცა დანაშაულის მოტივი არ დამტკიცდა. აქედან გამომდინარე მოხდა ბრალის გადაკვალიფიცირება, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს, იმაზე რომ პროკურატურის მოთხოვნა თავშივე პრობლემური იყო.
სამართალწარმოების მხრიდან მოხდა აღიარება იმისა, რომ ამ ადამიანების მიმართ მინიმუმ გაზვიადებული ბრალდებები მოხდა, ხოლო მათი კიდევ ორი თვით საპატიმროში დატოვება, მინიმუმ სადიზმი იქნებოდა.
შესაბამისად, ჩემი აზრით, პრეზიდენტმა ეს ასპექტი გაითვალისწინა და უხერხულობა მათ შორის, შემდეგ პერიპეტიებში ხელისუფლებასაც მოუხსნა. მან მიიღო სწორი გადაწყვეტილება და აბსოლუტურად დროულად, რადგან აცალა სასამართლოს, არ ჩაერია პროცესში და შესაბამისად, მერე გამოსცა ეს ჰუმანური აქტი.
"მ.კ": და ბოლოს, გაირკვა, რომ ნატოს მომდევნო სამიტზე პრეზიდენტი წავა, თუმცა მანამდე ისიც ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის მინისტმა გასაგები მიზეზებით სამიტზე წასვლაზე უარი თქვა. თქვენი შეფასებით, რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარ ღონისძიებებში მონაწილეობა ქვეყნისთვის?
გ.ხ: ვფიქრობ, რომ ჩვენ ასეთ ფორუმებზე უნდა ვიაროთ და სადაც ამის საშუალება გვაქვს, უნდა გამოვიყენოთ კიდეც. ძალიან ცუდია თუ ამას არასერიოზულად უყურებენ.
გასაგებია, რომ დღევანდელი სამიტში საქართველოს საკითხი აქტუალური ვერ იქნება, რადგან ნატოს ტრამპის გაპრეზიდენტების შემდგომ სავსებით კონკრეტული პრობლემები აქვს, შეიძლება ითქვას, რომ სამყარო დაპაუზებულია და ნატოში დაძაბული მდგომარეობაა.
ანუ, დღეს მათ ღია კარის პოლიტიკაზე სასაუბროდ არ სცალიათ, რადგან გადასაწყვეტი თავიანთი ცხოვრება აქვთ, თუმცა ჩვენ ამ სამიტზე უარი არ უნდა ვთქვათ, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო, ამ ეტაპზე არც არაფერს უნდა ველოდოთ.