მოხდება თუ არა პრეზიდენტის ირიბი წესით არჩევა - ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა. მანამდე კი საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში ქვეყნის პირველი პირის კომპეტენციაზე მსჯელობდნენ. საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის უფლებების კიდევ უფრო შემცირების და მისი ირიბი წესით არჩევის მომხრეა, რასაც ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება. თავად მარგველაშვილის ადმინისტრაციაში კი პოზიციის დაფიქსირებას მოგვიანებით აპირებენ.
პრეზიდენტის არჩევის წესი დამოკიდებულია მის უფლებამოსილებებზე - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს თანხვედრა პრეზიდენტის არჩევის წესსა და მის უფლებამოსილებებს შორის.
"იქ, სადაც ჩნდება დისპროპორციები, ავტომატურად რჩება პრობლემა. რეალურად, პრეზიდენტის უფლებამოსილებები უკვე არის თვისობრივად შეკვეცილი, ჩვენ თუ შევადარებთ 2013 წლამდე არსებულ მდგომარეობას დღევანდელ მდგომარეობას, პრეზიდენტის კომპეტენციები უხეში შედარებით არის 95-99%-ით შეკვეცილი.
"ამის იქით ჩვენ პრეზიდენტის უფლებამოსილებებში თვისობრივ ცვლილებებს ვერ შევიტანთ, იქ შეიძლება გარკვეული რეგულაციები გადაისინჯოს. "თვისობრივად ჩვენ ვართ გადასული საპარლამენტო მმართველობაზე, მთავარი განსხვავება მანამდე მოქმედ და დღეს მოქმედ სისტემებს შორის არის ის, რომ პრეზიდენტი ადრე იყო აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერი და დღეს ის აღარ ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, შესაბამისად, აღარ არის პოლიტიკური ლიდერი და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ შაბათს საკონსტიტუციო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც ამ ეტაპზე პრეზიდენტის კომპეტენციაზე მსჯელობდნენ.
უმრავლესობა პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების კიდევ უფრო შემცირების მომხრეა, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის წარმომადგენლები არ ემხრობიან.
საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი მსჯელობს, რომ პრეზიდენტს შესაძლოა გარკვეული უფლებამოსილებები შეუმცირდეს, მაგალითად, ელჩების დანიშვნის საკითხი, - ამის შესახებ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
"იყო მსჯელობა პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული უფლებამოსილებები შეიძლება შეუმცირდეს, მაგალითად, ელჩების დანიშვნის საკითხი. გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრება, რომ შეიძლება რაღაც პუნქტი დაემატოს, შეიძლება ვადა განისაზღვროს და ა.შ.", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
რაც შეეხება თავად კომისიის მუშაობას, საიას თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ თუ კომისიამ ასე გააგრძელა მუშაობა, შეიძლება სერიოზული პრობლემების წინაშე დადგეს.
"ნებისმიერი ჯგუფის მუშაობის პროცესში უნდა არსებობდეს კონცეპტუალური შეთანხმება, რომ ჯგუფის წევრებს მეტ-ნაკლებად ერთი ხედვა ჰქონდეთ და მერე უნდა წარიმართოს განხილვა მუხლობრივად, ჩვენ კი ვმუშაობთ პირიქით. მე მგონია, რომ თუ ასე გავაგრძელებთ მუშაობას, შეიძლება კონსენსუსამდე ვერ მივიდეთ. ეს საკითხი სხდომაზეც დავაყენე", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის შალვა შავგულიძის განცხადებითაც, საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფში ისეთი ტენდენცია მიდის, რომ შემცირდეს პრეზიდენტის უფლებამოსილებები, რაც მისასალმებელი არ არის.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა მსჯელობა იყო პრეზიდენტის კომპეტენციასა და უფლებამოსილების შესახებ.
"ლოგიკურად უფლებამოსილებების შემცირებას ალბათ მოჰყვება პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება და ეს ყველაფერი მიმართულია ძალიან დიდი ტენდენციისკენ, რასაც ადგას ხელისუფლება, რასაც ადგას "ქართული ოცნება," - ხელისუფლების სრული უზურპაცია.
"პრეზიდენტი არის ერთადერთი ინსტიტუტი დარჩენილი, რომელსაც "ქართული ოცნება" ვერ აკონტროლებს და მისი გაკონტროლების მიზანს ემსახურება მთლიანად ამ კომისიის შექმნა და მუშაობა", - განაცხადა შალვა შავგულიძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციას კი საკონსტიტუციო ცვლილებებზე პოზიცია მას შემდეგ ექნება, რაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ცვლილებების კონკრეტულ პაკეტს შეიმუშავებს.
ანა დოლიძის შეფასებით, ამჟამად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ძალიან ბევრი საქმე აქვს.
"საკონსტიტუციო კომისიის წინაშე წარდგენილია უამრავი საკითხი. ჩვენ ვადევნებთ თვალყურს კომისიის მუშაობას. როდესაც კომისია კონკრეტულ პოზიციაზე ჩამოყალიბდება, ექნება კონსტიტუციური ცვლილებების კონკრეტული პაკეტი, ან კონკრეტული ვერსია, მაშინ ჩვენ ბუნებრივია, გვექნება ჩამოყალიბებული პოზიცია და ჩვენი მიდგომა", - განაცხადა ანა დოლიძემ.
კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის თქმით, მოხდება თუ არა პრეზიდენტის პირდაპირი წესით გაუქმება, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. პირადად მას მიაჩნია, რომ ეს არ უნდა დაუშვან და ამას საზოგადოება კატეგორიულად უნდა შეეწინააღმდეგოს.
"კომისიაზე იყო განსხავებული პოზიციები - უბრალოდ ერთ რამეზე თანხმდება ყველა: პრეზიდენტის კომპეტენციები გადასახედია, რაღაც მიმართულებით შეიძლება გაიზარდოს, რაღაც მიმართულებით კი პირიქით, ჯერჯეორბით მხოლოდ და მხოლოდ იდეების დონეზეა საუბარი, კენჭისყრა და ამის დეტალური განხილვა არ ხდება.
"საკმაოდ საინტერესო დისკუსია გაიმართა პრეზიდნეტის ფუნქციასთან დაკავშირებით - ჰქონდეს მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლური უფლებამოსილება, თუ მას შესაძლებელია ჰქონდეს გარკვეული უფლებები აღამასრულებელ ხელისუფლების თვალსაზრისით - ამაზე იყო ძირითადი დისკუსია.
"ძალიან რთულია ახლა უმრავლესობის პოზიცია გამოვკვეთო, ვინაიდან, როგორც გითხარით, კენჭისყრა არაფერზე არ ჩატარებულა. წარმოდგენილია პროექტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტი არ იყოს პირდაპირი წესით არჩეული, თუმცა არის საპირისპირო მოსაზრებებიც.
"ვნახოთ უმრავლესობა რას მიემხრობა, მაგრამ მე მგონია, რომ როდესაც ქვეყანა არის ერთპარტიული მმართველობის ქვეშ, უაღრესად კრიტიკულები უნდა ვიყოთ პრეზიდენტის ირიბი წესით არჩევასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ გვჭირდება პრეზიდენტი, რომელსაც ექნება ისეთი უფლებები, რომელიც დააბალანსებს აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციებს", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ვახუშტი მენაბდე.