ამინდის გაუარესებამ ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში, მუშაობის პროცესი შეაფერხა. ასაფრენ ბილიკზე ცუდი ხილვადობის გამო, ქუთაისის აეროპორტიდან, გადაიდო მილანის რეისი.
აეროპორტების გაერთიანებაში ამბობენ, რომ ქუთაისის აეროპორტში რეისების განხორციელება უკვე შესაძლებელია.
დიდთოვლობამ ბათუმში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. დენი არ მიეწოდებოდა 200 ათასამდე აბონენტს. „ენერგო-პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.
შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობაა.თოვლის გამო პრობლემებია ოზურგეთშიც, მუნიციპალიტეტის გამგეობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-ლესელიძე-სენაკის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ეს შეზღუდვები ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზაზეც მოქმედებს.
ინტენსიური თოვის და ზვავსაშიშროების გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე, ნაქერალას უღელტეხილზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვებია რიკოთის უღელტეხილზეც.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ყინვა თებერვლის პირველ რიცხვებამდე შენარჩუნდება. თოვლია მოსალოდნელი დედაქალაქშიც.მაქსიმალური ტემპერატურა თბილისში,დღისით 0°, ღამით კი -4° იქნება.