თავდაცვის სამინისტროდან, ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის მიზნით, სამსახურიდან 2250-მდე ადამიანი გაათავისუფლეს.
ოფიციალური ინფორმაციით, სამოქალაქო ოფისიდან 400 შტატგარეშე და 1350 შტატიანი თანამშრომელი გათავისუფლდა, შეიარაღებული ძალებიდან კი 217 ოფიცერი და 123 სერჟანტი დაითხოვეს.
თავდაცვის უწყების განცხადების მიხედვით, სამინისტროში ოპტიმიზაციის პროცესი დასრულებულია. რეორგანიზაციის შედეგად, მთლიანობაში თავდაცვის უწყება 2250-მდე ადამიანმა დატოვა. მათზე კომპენსაციის სახით, დაახლოებით 5 მილიონი ლარი გაიცა.
ოპტიმიზაცია შეეხო ძირითადად სამოქალაქო პირებს. თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის შედეგად, ამ დროისთვის 32 მილიონი ლარი არის დაზოგილი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში რეორგანიზაციის პროცესი 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო.