აფხაზეთის ელექტრომომარაგების საკითხი უფრო და უფრო გაურკვეველი ხდება. უცნობია, ენგურჰესის ჩაკეტვის გამო ოკუპირებული რეგიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას რომელი მხარე უზრუნველყოფს ან მოხდება თუ არა ტარიფის სრულად ანაზღაურება ქართული მხარის მიერ. ენერგეტიკის სამინისტრო, ვისაც ამ საკითხის მოგვარება ევალება, დუმილის პოლიტიკას არჩევს. "ბიზნეს-რეზონანსის" გათვლით, სეპარატისტული რეგიონის ელექტროენერგიით დამატებით მომარაგებას საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე შევსებული ბიუჯეტიდან 33 მლნ ლარი შეეწირება.
"ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ენერგეტიკოსები არ მალავენ, რომ მიმდინარე მოლაპარაკებებისგან არსებით არაფერს ელოდებიან, რამდენადაც საქართველო, დიდი ალბათობით, აქედანაც წაგებული დარჩება. ჩვენი მთავრობა აფხაზეთისთვის უფასო დენის მიწოდებას სამომავლოდაც გააგრძელებს. ჯერ კიდევ გადასაწყვეტია, ვინ გადაიხდის რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის საფასურს, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება ოკუპირებული რეგიონის ელექტრომამარაგების საკითხზე თითქმის მიღწეულია.
როგორც შპს "ენგურჰესის" დირექტორი ლევან მებონია განმარტავს, აფხაზეთში გაზრდილი ენერგომოხმარება კვლავ რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის შეძენის გზით ყველაზე ცუდ შემთხვევაში, აფხაზეთისათვის 200 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის შეძენა გახდება საჭირო.
აფხაზეთი საქართველოსგან დამოუკიდებლად რუსეთისგან დენს ვერ მიიღებს, რადგან შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს და ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი ტერიტორიის გავლა მოუწევს. ამდენად, საქართველოს მთავრობის მხრიდან უგუნური ქმედება იქნება, თუ სეპარატისტული რეგიონისთვის დენის მიწოდება უფასოდ მოხდება.
მაშ, ვინ იყიდის დენს აფხაზებისათვის? ერთ-ერთი გამოსავალი, როგორც ენერგეტიკოსებს მიაჩნიათ, რუსებისგან დენის ენგურის ტარიფით ყიდვაა, რის შემდეგაც ელექტროენერგიის გატარებას ქართული მხარე უფასოდ მოახდენს. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობა ცდას არ აკლებს აფხაზების დასარწმუნებლად, რომ რუსეთი ასეთ შეთანხმებაზე დაიყოლიონ. ასეთ შემთხვევაში რუსეთი დენს აფხაზეთისთვის "ენგურჰესის" ტარიფით (1,8 თეთრი) მოგვყიდის, 3,6 მლნ ლარის გადახდა მოგვიწევს. თუმცა, უფრო სწორი იქნება თუ ვივარაუდებთ, რომ რუსეთი ამ წინადადებას არ დასთანხმდება და ელექტროენერგიას კომერციულ ფასად მოგვცემს, რაც 6,2 ცენტია. გამოდის, რომ ბიუჯეტიდან ოკუპირებული რეგიონის ელექტრომამარეგებისთვის 33 მლნ ლარის გაღება მოგვიწევს.
ქვეყნისთვის ისედაც დიდი დანაკარგია, რომ აფხაზეთს "ენგურიდან" დენს უფასოდ ვაწვდით და საერთოდ გაურმათლებელი იქნება, თუკი ამ მიზნით ყოველწლიურად მილიონობით საბიუჯეტო ფული დაიხარჯება.
რუსეთიდან დამატებითი ენერგია ოკუპირებულ რეგიონს მიმდინარე პერიოდში განსაკუთრებით სჭირდება, რადგან როგორც ლევან მებონია აღნიშნავს, მიმდინარე წლის 1-ლი თებერვლიდან, დაახლოებით 20 დღის განმავლობაში "ენგურჰესის" გვირაბის დათვალიერება უნდა მოხდეს, რათა შემდგომი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიგეგმოს.
რაც შეეხება აფხაზეთის გამრიცხველიანების საკითხს, როგორც ლევან მებონია აცხადებს, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან შეთანხმება შედგა, რომ უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, რომლებიც ამ საკითხს მოაწესრიგებენ.
ენერგეტიკოს თემურ ჭიჭინაძეს არ აქვს მოლოდინი, რომ აფხაზეთის ენბერგომომარაგების საკითხში ქართული მხარე შეთანხმებას მიაღწევს.
"აფხაზეთს "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ს უფასოდ ვაძლევთ. ეს არის წარმოუდგენელი რამ, საქართველოს მოსახლეობას ვახდევინებთ ამ ფულს. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რა ხდება მოლაპარაკებებზე და რას შეიძლება მივაღწიოთ. ელემენტარულად, ისიც კი არ ვიცით, ვინ აწარმოებს ამ მოლაპარაკებას. ფაქტია, რომ ვინც ქართულ მხარეს წარმოადგენს, არასდროს ჰყოფნის კვალიფიკაცია. არც ამ ეტაპზე მაქვს მოლოდინი, რომ აფხაზეთის ენერგომომარაგების საკითხი ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გადაწყდება.
ცხადია, რუსეთის დაყოლიება არ არის იოლი, რაც მოხდა გაზთან დაკავშირებით, ანალოგი აქაც განმეორდება. როგორც საჭიროა, ისე არ წარიმართება მოლაპარაკებები, ჩვენ რატომ უნდა გადავიხადოთ ეს ფული? ასე მივაჩვიეთ და ამიტომ გვიჭირს აფხაზების პრეტენზიებთან გამკლავება. ეს უკანონობაა. ენგურჰესის თვითღირებულების გადახდა მაინც დაავალდებულონ, რომელიც 1,8 თეთრია, ესეც არ უნდათ", - აცხადებს თემურ ჭიჭინაძე.
ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავა ვარაუდობს, რომ შეთანხმება არ შედგება და წელსაც აფხაზეთის ენერგომომარაგება საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე მოგვიწევს.
"აფხაზეთის ენერგომომარაგება ამ მომენტში შეთანხმების საგანია. იმისთვის, რომ აფხაზეთი ელექტროენერგიის გარეშე არ დარჩეს, მოლაპარაკება უნდა წარმართონ რუსეთთან, რომელსაც აქვს ელექტროენერგიის მიწოდების შესაძლებლობა, მაგრამ ეს დენი აღარ იქნება უფასო. მეორე გზაა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ენგურჰესის ელექტროენერგიის ჩანაცვლება მოახდინოს შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯზე, რომელიც იქნება გაცილებით ძვირი და მიაწოდოს აფხაზეთს ელექტროენერგია ენგურჰესში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების განმავლობაში. აქაც ტარიფი დამოკიდებულია მოლაპარაკებაზე, რომელიც რუსეთთან ან აზერბაიჯანთან გაიმართება. მთავარი საკვანძო საკითხია, რომ თანხის გადახდა აფხაზებს არ უნდათ და ყველანაირად არიდებენ თავს ამ თემაზე ლაპარაკს", - აცხადებს ჭითანავა და ხაზს უსვამს, რომ დენის საფასურთან დაკავშირებით არსებული პოლიტიკა შეიძლება შენარჩუნდეს.
"მხარეებს შორის მოლაპარაკება ამ ეტაპზეც გრძელდება, მაგრამ ეს თემა დახურულია ჩვენთვის. ხაჯინბამ ორიოდე დღის წინ გააკეთა ინფორმაცია, რომ რუსეთთან უნდა დაიწყონ მოლაპარაკება, რათა დენის მიღების რაღაც ფორმა მოიძებნოს. ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება, რადგან შეთანხმება არ არის მიღწეული.
გამორიცხულია, რუსეთმა დენი ენგურჰესის ტარიფით მოგვცეს, ასეთ რამეს არც უნდა ველოდოთ. თებერვლის ბოლოს წყალსაცავის ნიშნული იქნება მინიმუმზე და აფხაზეთს ენგურიდან ელექტრომომარაგება შეუწყდება, ისევე როგორც მთელ საქართველოს. აფხაზები თუ რუსებისგან დენის მიღებას მოახერხებენ, ეს იქნება ყველაზე იოლი გზა, თუმცა წელსაც ამ საფასურის გადახდა ჩვენ მოგვიწევს. სხვა გამოსავალი არ არსებობს შექმნილი სიტუაციის გამო", - აცხადებს ჭითანავა.
ასეთი მოსაზრებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ენერგეტიკოსი მირონ ფირცხელანი. ის შიშობს, რომ ქართული მხარე ამჯერადაც დაზარალდება.
"ახალი არაფერია, მუდმივად ვსაუბრობთ, გადავახდევინოთ თუ არა აფხაზეთს ელექტროენერგიის საფასური. მიდგომა უნდა შეიცვალოს მთავრობის მხრიდან. როცა ძლიერი სახელმწიფო ვიქნებით, სხვა ენაზე დაგველაპარაკებიან, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის მოსალოდნელი. ყოველთვის ასე იქნება, სანამ პატრონი არ გვეყოლება. ისჯება ქართველი ხალხი და ამას ხელს უწყობს საქართველოს მთავრობა, სხვას ვის უნდა დავაბრალოთ. ეს არის პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლება თამაშობენ და არ არის ის, რაც ქართველ და აფხაზ ხალხს რეალურად სჭირდება. ჩვენ თუ არ გვესმის საკითხი, სხვას რაღა უნდა მოვთხოვოთ. ეს პროცესი, ჩვენდა სამწუხაროდ, შეუქცევადი გახდა, ყოველთვის, ყველა დიალოგსა და მოლაპარაკებაში ქართული მხარე ზარალდება", - აცხადებს მირონ ფირცხელანი.