თიკო ოსმანოვა
31.01.2017

 ე.წ. კაბელების საქმის ეპოპეა დასრულდა - გათავისუფლებამდე 2 თვით ადრე პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები შეიწყალა, რამაც უმრავლესობას სამართლებრივი კითხვები გაუჩინა. ოპოზოციისთვის კი ამ საქმეში პოლიტიკური კონტექსტი ნათელი გახდა.

დაცვის მხარის ადვოკატი უზენაეს სასამართლოში სამართლებრივ დავის გაგრძელებას აპირებს: "სამწუხაროდ, მთელი პროცესის განმავლობაში პოლიტიკოსების მხრიდან წინმსწრებად გამოთქმული შეფასებები ამძიმებდა საქმის ვითარებას და აღძრავდა კითხვებს შერჩევითი მართლმსაჯულებისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის თაობაზე.

"პროცესის ვერცერთ ეტაპზე პროკურატურამ ვერ შეძლო წაყენებული ბრალის სათანადოდ დასაბუთება. რასაც სხვადასხვა ეტაპზე არაერთი მწვავე შეფასება მოჰყვა, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. აქიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული პირების შეწყალების თაობაზე", - აღნიშნა პარასკევს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ. და უკვე გვიან ღამით დაკავებულებმა საპატიმროც დატოვეს.

მიუხედავად, ამ გადაწყვეტილებისა, იურისტ ლევან სამუშიას თქმით, ისინი სამართლებრივ დავას გააგრძელებენ. მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის სამოტივაციო ნაწილის ჩაბარებას ელოდება, რის შემდეგაც ისინი გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

"მივმართავთ უზენაეს სასამართლოს, თუმცა ამ ინსტანციის იმედიც არ გვაქვს, რადგან საქართველოში სასამართლო პოლიტიზირებულია. აქედან გამომდინარე, ნაკლებად ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, თუმცა საქართველოში ბოლო ინსტანციის მოვლის შემდეგ მომზადდება სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის", - განაცხადა ლევან სამუშიამ.

თუკი უზენაესი სასამართლო ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს ძალაში დატოვებს, ამის მიუხედავად, თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი საპატიმრო დაწესებულებაში არ დაბრუნდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიას კი პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სამართლებრივი კითხვები აქვს, თუმცა მისივე თქმით, მას როგორც დეპუტატს და მოქალაქეს ძალიან უხარია ყველა ადამიანის ოჯახში დაბრუნება, ვინც საპატიმროშია.

"ამ მხრივ კითხვები არ მაქვს, მაგრამ სამართლებრივად რომ შევხედო, აქ გარკვეულ სამართლებრივ ხარვეზს ვხედავ, როცა სასამართლო ინსტანციებში პროცესი არ არის დასრულებული და ამ დროს ხდება შეწყალება. მხარე ასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში.

"რამდენად სწორია, რომ ვიდრე მართლმსაჯულება არ დასრულებულა და ერთ-ერთი მხარე აპირებს გამოიყენოს საბოლოო ინსტანცია სასამართლოს ვერდიქტისთვის, ამ დროს პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლების გამოყენება, ხომ არ არის ეს მართლმსაჯულებაში ჩარევა?," - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, მას მსგავსი კითხვები უჩნდებოდა მაშინ, როცა იგივე გააკეთა წინა პრეზიდენტმა და კითხვები გაუჩნდა ახლაც.

"მეორე მხრივ, აქ კიდევ ერთი საკითხია. ის შეფასებები, რომელიც გააკეთა პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მისმა მრჩეველმა, პოლიტიკური კონტექსტის თვალსაზრისით, ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი.

"როცა ქვეყანაში ინსტიტუციების პატივისცემა არსებობს, რომელიც მოეთხოვება განსაკუთრებით კონსტიტუციურ ორგანოებს და ჩვენ გვევალება ყველას ამ ინსტიტუციების პატივისცემა, ამ ფონზე საუბარი, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, ასეთი შეფასებები არ მგონია, რომ შეესაბამება იმ სტანდარტებს და იმ ინსტიტუციურ პატივისცემას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის, მიუხედავად პირადად ჩემი მისდამი პატივისცემისა", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

როგორც ჩანს, ივანიშვილს ისინი მძევლებად აღარ სჭირდება და გაათავისუფლა, - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა გააკეთა. როგორც ბიბილაშვილმა აღნიშნა, დაკავებულები ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მძევლები იყვნენ, რომლებიც მან პოლიტიკურ იარაღად გამოიყენა.

"ეს ადამიანები იყვნენ პოლიტიკური პატიმრები, ისინი გამოიყენეს დღეს უკვე ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად. როგორც ჩანს ივანიშვილს ისინი მძევლებად აღარ სჭირდება და გაათავისუფლა.

"თუმცა, პრობლემა - რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები რჩებიან, ისევ პრობლემაა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გააგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ ქვეყანაში არცერთი პოლიტიკური პატიმარი არ დარჩეს", - განაცხადა ბიბილაშვილმა.

გვაქვს თუ არა საქმე სისტემურ ან პროკურატურის დანაშაულთან - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს იურისტ ლევან ალაფიშვილს და იგი სასამართლოს მესამე ინსტანციის დასრულებას ელოდება.

"ჯერ კიდევ რჩება შანსი ამ საქმეზე დადგეს სამართლიანი გადაწყვეტილება, ამიტომ მანამდე ძნელია, რაღაც კატეგორიული შეფასებების გაკეთება და გამოიკვეთება თუ არა ვინმე პასუხისმგებელი პირი. როცა დასრულდება მესამე ინსტანციის სასამართლო და წერტილი დაესმევა, მერე შეიძლება პასუხისმგებლობაზე საუბარი.

"თუმცა, ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ რეალურად საწყის ეტაპზევე და შემდგომ გამოძიებამ დაუშვა იმ ტიპის შეცდომები, რომ საბოლოოდ დადასტურდა ამ საქმის პოლიტიკური კონტექსტი. მხედველობაში მაქვს იგივე შერჩეული მუხლი მოპოვებული მტკიცებულები, რომელმაც კითხვის ნიშნები გააჩინა. და უკვე თემაზე არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც საუბრობენ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ალაფიშვილი.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი - გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე, ნუგზარ კაიშაური და დავით წიფურია ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს - 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს.

მათ ბრალად ოთხ მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებოდათ. თუმცა დაკავებიდან 8 თვის შემდეგ პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა და პატიმრობის ნაცვლად 10 000-ლარიანი გირაო მოითხოვა.

მაშინ მოსამართლე დავით ჯუღელმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა. 2016 წლის 16 მაისს კი თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი თბილისის საქალაქო სასამართლომ წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სცნო და 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა რის შედეგადაც ისინი სასამართლოს დარბაზიშვე დააპატიმრეს.

სამი დღის წინ სააპალეციო სასამართლომ ბრალი შეუცვალა და დამნაშავედ სამსახურეობრივ უფლებამოსილების გადამეტებაში ცნო და 1,6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საპატიმრო ამის საფუძვლეზე მარტში უნდა დაეტოვებინათ, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 27 იანვარს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×