"იგორ კვესელავას მიაჩნია, რომ კომუნიკაციის არქონა მთავრობასა და პრეზიდენტს შორის იწვევს სახელმწიფოს დაკნინებას
გვანცა ღვედაშვილი
31.01.2017

 "სამწუხაროდ, პრეზიდენტი გადაიქცა ოპოზიციის პრეზიდენტად. მე მას არ ვთვლი საქართველოს პირველ პირად. ის "ვეტომანიით" არის დაავადებული, რომლის განკურნებაც სამწუხაროდ ვერ ხერხდება," - ასე აფასებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით პრეზიდენტისა და უმრავლესობის მორიგ დაპირისპირებას.

რაც შეეხება "ბავშვთა სამყაროში" ხანძრის გაჩენის გუშინდელ ინციდენტს, პოლიტოლოგის აზრით, თუ ვიღაცამ კერძო ინტერესების გამო ჩაიდინა მსგავსი დანაშაული, ის უმკაცრესაც უნდა დაისაჯოს.

იგორ კვესელავა: რა თქმა უნდა, მოარული ხმები არსებობდა და ახლაც არსებობს. როცა რაღაც მოხდება, ოპოზიცია მაშინვე იმის თქმას იწყებს, რომ ეს მთავრობასთან და ხელისუფლებასთანაა დაკავშირებულია.

დიდი თოვლი რომ მოვიდეს, ან წყალდიდობა მოხდეს, ეს ხელისუფლების ბრალი იქნება? - საოცარია, მიკვირს მასმედიის დამოკიდებულება ამ შემთხვევაში. არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომლებიც გაარკვევენ, რა მოხდა. რადგან ყინვებია, გამორიცხული არ არის, ვიღაცას ჩართული დარჩენოდა გამათბობელი და ამან გამოიწვია ხანძარი.

მე მესმოდა ვერსიები, რომ არსებობდა სურვილი ამ ადგილზე აშენებულიყო უზარმაზარი შენობა და ამიტომ დაიწვა. თუ გახსოვთ რამდენიმე ხნის წინ დაიწვა "საბას" შენობაც. ძალიან რთულია მსგავსი რამის თქმა.

როგორ შეიძლება, ხელისუფლებას, რომელსაც უჭირს და მთავრობას 100 დღე არ არის გასვლია მისი დანიშვნიდან, დაინტერესება მათი მხრიდან იყოს.

თუ სხვა მიზეზით არის კერძო ინტერესების გამო გააჩინა ვიღაცამ ხანძარი, ის უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. რადგან ასობით მოქალაქე დატოვა გარეთ, რომლებიც არსებობისთვის იბრძვიან დღეს.

"რეზონანსი": როგორ შეაფასებდით სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით პრეზიდენტისა და უმარვლესობის მორიგ დაპირისპირებას?

ი.კ.: უნდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ პრეზიდენტი გადაიქცა ოპოზიციის პრეზიდენტად. მე მას არ ვთვლი საქართველოს პირველ პირად. ის "ვეტომანიით" არის დაავადებული, რომლის განკურნებაც სამწუხაროდ ვერ ხერხდება. ის აუცილებლად უნდა შეეწინააღმდეგოს მთავრობის გადაწყვეტილებას.

მაინტერესებს, როგორ არ არსებობს კომუნიკაცია პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, მანამდე რომ გაირკვეს საკითხები და არ მოხდეს ეს შეჯახებები, მაგრამ მას ეს არ აინტერესებს. ასეთი კომუნიკაციების არქონა იწვევს გაურკვევლობას და ქართული სახელმწიფოს დაკნინებას.

რა უნდა პრეზიდენტს, მან ხომ ძალიან კარგად იცის, რომ მისი ყველა ვეტო ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტის დროს იქნა დაძლეული და ამ პარლამენტის მიერაც დაიძლევა.

მაშინ რა სჭირდება პრეზიდენტს და რას თამაშობს?! - მას უნდა ჩამოყალიბდეს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რაღაც პოოლიტიკური ძალა, შეაკოწიწოს პარტიები და დაიწყოს ბრძოლა ხელისუფლებაში მოსასვლელად.

თუმცა მას ეს არ გამოუვა, რადგან ის არც პოლიტიკურად და არც პიროვნულად არ არის მზად, რომ მოახერხოს რაღაც ორგანიზაციის შექმნა და საზოგადოების მხარდაჭერა.

"რ": რაც შეეხება საკონსტიტუციო კომისიას, უკვე ერთი თვეა სამუშაო რეჟიმზეა გადასული და გარკვეული ცვლილებებიც, რომელიც სავარაუდოდ უზენაეს დოკუმენტში შევა, ცნობილია. მათ შორის, პარლამენტის თბილისში გადმოტანა და პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება. როგორ შეაფასებდით დაანონსებულ ცვლილებებს?

ი.კ.: მე ყოველთვის ვუჭერდი მხარს, რომ პარლამენტი თბილისში ყოფილიყო. ჩვენ განვითარებადი ქვეყანა ვართ და არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ქუთაისსა და თბილისს შორის იყოს მოძრაობა, ეს უზარმაზარ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ჩვენ გვაქვს შენობა და სწორად აქ უნდა იყოს პარლამენტი. რაც შეეხება ქუთაისში არსებულ შენობას, ის ფაქტობრივად უვარგისია და მიმაჩნია, რომ ის უნდა გადაეცეს, "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ ტექნოლოგიურ უნივერსტიტეტს.

ამასთან, პარლამენტთან ერთად თბილისში უნდა იყოს საკონსტიტუციოს შენობაც, რადგან კრილოვის ერთი იგავ-არაკის არ იყოს ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვვარდებით და ვინ საით მიდის და საით ეწევა ამ ტვირთს კაცმა არ იცის.

პარლამენტთან და პრეზიდენტთან დაკავშირებულ საკითხებზე, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ მივდივართ საპარლამენტო რესპუბლიკისკენ, რადგან ასე აირჩია საზოგადოებამ. რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტიც პარლამენტმა უნდა აიჩიოს.

ამით ჩვენ უზარმაზარ თანხებს ავარიდებთ თავს, რადგან საპრეზიდენტო არჩევნები ასიათასობით ლართან არის დაკავშირებული და თუ პარლამენტი აირჩევს პრეზიდენტს, ამით ამ თანხების ხარჯვას ავარიდებთ თავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×