ნინო ომანაძე
31.01.2017

 გალის რაიონის ქვედა ზონის ქართულმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც "ნაბაკევი-ხურჩის" და "ოტობაია-ორსანტიის" ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტების გაუქმება გააპროტესტეს.

გალის რაიონის ქართული მოსახლეობის პროტესტს, ეუთოს წარმომადგენლობა საქართველოში და ა.შ.შ ელჩი იან კელი გამოეხმაურნენ. ამერიკის ელჩი პირადად ჩავიდა საოკუპაციო საზღვარზე და აფხაზეთის დე-ფაქტო რეჟიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების დარღვევად შეაფასა.

საქართველოში ამერიკის ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფხაზეთის "საგარეო საქმეთა სამინისტრო" მწვავედ გამოეხმაურა და ელჩი იან კელი და ეუთოს წარმომადგენელი "ორმაგი პოლიტიკის გატარებაში" და "სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში ჩარევაში" დაადანაშაულა.

"სახელმწიფო საზღვრის გაძლიერება და დაცვა-აფხაზეთის სუვერენული უფლებაა. უმჯობესი იქნება, თუ საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული ეუთოს წარმომადგენლობა და ამერიკის საელჩო აფხაზების უფლებებსაც დაიცავენ, რომლებიც შევიწროვებას განიცდიან ქართული მხარის მხრიდან", - ვკითხულობთ დე-ფაქტო რესპუბლიკის "საგარეო საქმეთა სამინისტროს" მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

გალელების პროტესტს გამოეხმაურა აფხაზეთის "უშიშროების საბჭოს მდივანი" მუხამედ კილბაც, რომელმაც გალის რაიონის ქართულ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა და ურჩია - "ზღვარს ნუ გადავლენ".

"სპუტნიკ-აფხაზიას" ცნობით, "უშიშროების მდივანმა" გალელებს საკუთარი მოქალაქეობაც შეახსენა და მიტინგის გამართვა საქართველოში ურჩია.

"გალის რაიონის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, აფხაზეთის მოქალაქე არაა, ისინი ცდილობენ თავს მოგვახვიონ თავიანთი მოთხოვნები, როგორც ადგილობრივ ხელმძღვანელობას, ისე ცენტრალურსაც. აუცილებელია, განისაზღვროს მათი სტატუსი.

"სიტუაცია ძალიან რთულია, მე მსურს მივმართო მათ - ზღვარს ნუ გადახვალთ! აფხაზეთის მოქალაქეს, რომელ ეთნიკურ ჯგუფსაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს, თუ აქვს პოლიტიკური, ან სოციალური ხასიათის კითხვები, ჩვენი კონსტიტუციის ჩარჩოებში, მათ აქვთ აქციის ჩატარების უფლება, მაგრამ არა მათ, ვისაც არ აქვს აფხაზეთის მოქალაქეობა, აფხაზური პასპორტი და არც სურს მიიღოს იგი.

"გალელებს, რომლებიც არ არიან აფხაზეთის მოქალაქეები და სურთ პროტესტის გამოხატვა, ამისთვის მათ უნდა გადაკვეთონ საზღვარი და საქართველოს მხარეს წაუყენონ მოთხოვნები!

"იქაც არის მედია, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ ხმა მიაწვდინონ იმ ქვეყნის ხელისუფლებას და საზოგადოებას, რომლის მოქალაქეებიც არიან.

"ეტყობა, მათ შეექმნათ ილუზია, რადგან სოხუმში, გაგრაში და ოჩამჩირეში ტარდება მიტინგები, ე.ი. შესაძლებელია გალშიც, აუცილებელია, აიკრძალოს მსგავსი ხასიათის მიტინგები, რომლებიც ეწინააღდეგება უმაღლესი ხელისუფლების გადაწყვეტილებებს", - განაცხადა მუხამედ კილბამ "სპუტნიკ-აფხაზია"-სთან ინტერვიუში.

გამოცემა "კავკაზ.უზლი"-ში გამოქვეყნდა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნელი ქარდავას ინტერვიუ, სადაც ის აცხადებს, რომ აფხაზურმა მხარემ "ნაბაკევის" გამშვები პუნქტის გაუქმება ერთ თვით გადადო.

"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ "ნაბაკევის" პუნქტის გაუქმება ერთი თვით გადაიდო. გალში შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც აპირებს თხოვნით მიმართოს "პრეზიდენტ" რაულ ხაჯიმბას, რათა არ გააუქმოს ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამშვები პუნქტები.

"პუნქტის ჩაკეტვა გამოიწვევს გადაადგილების გართულებას - მოსახლეობას მოუწევს ენგურის გამშვებ პუნქტამდე მისვლა, რაც ამ სოფლებიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.

"ნაბაკევში 370 ოჯახი ცხოვრობს, დაახლოებით 1500 ადამიანი, ისინი ეწევიან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, არანაირ კონტრაბანდას და უკანონო ბიზნესს არ ეწევიან, ბიზნესს ეწევიან სოხუმიდან ჩამოსული მეწარმეები, რომლებიც ზუგდიდიდან ეზიდებიან საქონელს, ხილ-ბოსტნეულს, საკვებ პროდუქტებს და საოჯახო ნივთებს.

"მოსწავლეები ვერ შეძლებენ სწავლის გაგრძელებას, მათ მოუწევთ 30 კილომეტრი ენგურამდე გაიარონ, გადაკვეთონ საზღვარი და უკან ნაბაკევში მობრუნდნენ", - ამბობს ნელი ქარდავა.

"რეზონასი" ესაუბრა "აფხაზთა კრების" ლიდერს მალხაზ პატარაიას, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება და აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები გააკრიტიკა.

"არა მხოლოდ გალელებმა, არამედ ჩვენც უნდა ჩავატაროთ საპროტესტო აქციები მთავრობის ადმინისტრაციასთან და აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების "თბილისის სარკოფაგთან", აფხაზეთის მთავრობა 14 მილიონიან ქერის ორმოში ზის და იქიდან ადევნებს თვალს მოვლენებს, მათ არაფერი არ ადარდებთ.

"რაც შეეხება გალის საკითხს და რა უნდა გაკეთდეს ამ ადამიანების დასაცავად-ყოველდღიურ რეჟიმში, მსოფლიო თანამეგობრობას უნდა ავუხსნათ, რომ გალში არის რუსული საკონცენტრაციო ბანაკი, სადაც ქართველები მონურ მდგომარეობაში იმყოფებიან, სანამ ასე მკვეთრად არ დააფიქსირებს ამ უმწვავეს პრობლემას ქართული მხარე, იქ მცხოვრები ადამიანები მუდმივად იქნებიან ტერორის ქვეშ.

"ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს საკუთარ ხალხზე, უნდა იყოს მკაცრი და შეუწყნარებელი ოკუპანტის მიმართ, რომელიც ვალდებულია საერთაშორისო სამართლის მიხედვით დაიცვას იქ მცხოვრები მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების, განათლების, სამედიცინო მომსახურეობის, შრომითი უფლებების და უსაფრთხოების დაცვა.

"ასე გაწერილი მოთხოვნები უნდა წარედგინოს ოკუპანტი რუსეთის მხარეს, მაგრამ ამას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, რადგან ის არის რუსი ოკუპანტის ინტერესების გამტარებელი და მათი უმოქმედობა, სწორედ ამით შეიძლება აიხსნას", - განაცხადა მალხაზ პატარაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×