თავდაცვის სამინისტროში ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს - უწყების რიგებიდან 2250-მდე პირი იქნა დათხოვნილი. გათავისუფლდა 400 შტატგარეშე და 1350 შტატიანი თანამშრომელი, შეიარაღებული ძალებიდან 217 ოფიცერი და 123 სერჟანტი.
უწყების ცნობით, 209 ოფიცერმა ერთჯერადი გასასვლელი დახმარებით, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა შეიარაღებული ძალები. მათზე გასაცემი კომპენსაციის მთლიანმა თანხამ 5 მილიონ 197 ათას 500 ლარი შეადგინა. ხოლო კომპენსაციების განაკვეთი განისაზღვრა წოდებების მიხედვით: ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი - 10 ათასი ლარი; კაპიტანი - 14 ათასი ლარი; მაიორი - 18 ათასი ლარი; ვიცე-პოლკოვნიკი - 23 ათასი ლარი; პოლკოვნიკი - 29 ათასი ლარი.
სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ოპტიმიზაციის პროცესზე სპეციალური ჯგუფი ნოემბრის თვიდან მუშაობდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით უწყებამ 32 000 000 ლარზე მეტის ეკონომია გასწია.
"რეფორმის მიზანი, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, ნატოსთან თავსებადი, თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების შექმნა და სრულყოფაა, რაც უწყებაში ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის, ბიუროკრატიული აპარატის შემცირების, დუბლირებული ფუნქციების აღმოფხვრის და უფუნქციო საშტატო ერთულების გაუქმების გზით უნდა განხორციელდეს.
"2016 წელს, თავდაცვის სამინისტროს 670 მილიონიან ბიუჯეტში 67% მხოლოდ სახელფასო და სოციალურ ხარჯებზე მოდიოდა, ხოლო 33% ტექნიკის, ტყვია-წამლის და სხვა საჭიროებებზე იყო გათვლილი, რაც არასაკმარისი და გაუმართლებელი მიდგომაა, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ნატოს სტანდარტით, ბიუჯეტში სახელფასო და ადმინისტრაციული ხარჯი 50-დან 53%-მდე განისაზღვრება.
"შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორებისა და ექსპერტების ყველა რეკომენდაცია, თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად, სწორედ ბიუჯეტის დაბალანსების და ეფექტურად განკარგვის საკითხს ეხება", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
გუშინ თავდაცვის სამინისტროს შენობასთან სამსახურიდან დათხოვნილმა თანამშრომლებმა და მათმა მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. ისინი მინისტრის, ლევან იზორიას გადადგომას ითხოვდნენ.
"ერთი ხელის მოსმით ამდენ ადამიანს რო ათავისუფლებენ სამსახურიდან, ამდენ სამხედროს, ეს როგორ შეიძლება, ქვეყანა ომის მდგომარეობაშია, მიწების ნახევარი მტერს ააქვს წაღებული და ესენი პირიქით ჯარს ათხელებენ... ის კომპენსაციაც განა რამდენ ხანს უნდა ეყოთ?!
"ოჯახები გვყავს ყველას, ზოგს ბანკის ვალი აქვს, ზოგს რა და ზოგს რა... ნაპოლეონს უთქვამს, ვისაც თავისი ჯარის რჩენა არ სურს, იმას სხვა ქვეყნის ჯარის რჩენა მოუწევსო, ხოდა მეშინია ჩვენც ასე არ დაგვემართოს!" - თქვა "რეზონანსთან" საუბრისას თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებულმა მომიტინგემ, დავით მაისურაძემ.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი თავდაცვის სამინისტროში ოპტიმიზაციის პროცესს აუცილებლად მიიჩნევს.
"შეიარაღებულ ძალებში გვქონდა ვითარება გადმობრუნებული პირამიდის მსგავსი. ყველამ კარგად იცის, რომ ჯარი არის ისეთი ორგანიზაცია, სადაც პოლკოვნიკების რაოდენობა არ შეიძლება აჭარბებდეს კაპიტნების რაოდენობას. ბევრია რიგითი, მერე სერჟანტი, შემდეგ სხვა და გენერალია ცოტა.
"ჯარში გვქონდა ვითარება, როცა ეს შედარებები იყო წარმოუდგენელი. რამ გამოიწვია და საიდან მოვიდა, ეს ცალკე თემებია. არც სახელმწიფო საიდუმლოებაა, ყველასთვის ცნობილია და მეც ვიცი, რომ საჭირო იყო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
თავის მხრივ, თავდაცვის სამინისტროს აღნიშნულ გადაწყვეტილებას არაერთგვაროვნად აფასებს ანალიტიკოსი გიორგი ინაური. მისი თქმით, არმიიდან ოფიცერთა ამხელა მასის დათხოვნა თავდაცვისუნარიანობაზე დადებითად არ აისახება.
"მესმის, რომ ჩვენს ქვეყანას სუსტი ეკონომიკა აქვს, ისიც ფაქტია, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან ამხელა თანხების ხელფასებში დარიგებაც არაფერს სძენდა ჯარს, რადგანაც ომს კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი ჯარისკაცი იგებს.
"გამოცდილი ოფიცრების დათხოვნა, რომელთა მომზადებაშიც დიდი თანხები დაიხარჯა, რომლებსაც საბრძოლო გამოცდილება აქვთ მიღებული, არ შეიძლება.
"თუ ასე აუცილებელი იყო თანხების დაზოგვა, შესაძლებელი იყო ეს მაგალითად დასაქმებულთა ხელფასების 10%-იანი შემცირებით, ან სამინისტროში, დეპარტამენტების თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებით მომხდარიყო.
"ახლა კი თავდაცვის სამინისტრომ საზოგადოებას, ან ნდობის ჯგუფს უნდა მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რაზე დაიხარჯება დაზოგილი თანხა", - განაცხადა ინაურმა "რეზონანსთან" საუბრისას.
მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტი არმიის შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკის მოდერნიზება-რემონტი უნდა იყოს, რადგანაც ქართული არმიის შეიარაღებაში არსებული ტექნიკის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ 1980-იან წლებშია წარმოებული.
"კარგი იქნება, თუ გამონთავისუფლებულ თანხას ადგილობრივი სამხედრო წარმოების წახალისებასაც მოახმარენ, რადგანაც ამ შემთხვევაში ჩვენ ბევრი რამის შეძენა საზღვარგარეთ აღარ მოგვიწევს, რაც, როგორც პოლიტიკური, აგრეთვე ეკონომიკური კუთხით, ქვეყნისათვის მომგებიანია", - დასძინა ინაურმა.