"ჯერ კიდევ წლების წინ დავიწყე ლაპარაკი იმაზე, რომ ეს შეხვედრები სხვა არაფერია, თუ არა პინკ-პონკის თამაში და შეხვედრა-შეხვედრისთვის. ქართულმა დიპლომატიამ ამ კუთხით თავიდანვე ფატალური შეცდომა დაუშვა.
"რასაკვირველია რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება აუცილებელია და ამის პირველი მომხრე უფრო ხმამაღლა ვარ, ვიდრე იგივე ზურა აბაშიძე ან სხვები, ვინაიდან არ ვარ ჩინოვნიკი და შემიძლია უფრო თავისუფლად ვილაპარაკო", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე და დასძენს, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეუცვლელობის შემთხვევაში, შეხვედრებს არავითარი შედეგი არ ექნება.
პოლიტოლგი მიიჩნევს, რომ რუსეთთან კონტაქტი მანამ უნდა შემდგარიყო, ვიდრე აბაშიძე რუსეთთან პრემიერის წარმომადგენლად დაინიშნებოდა. სოსო ცინცაძეს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გავესაუბრეთ.
სოსო ცინცაძე: როდესაც ორი სახელმწიფო თავიანთ წარმომადგენლებს ნიშნავს, ჯერ შეთანხმება უნდა მოხდეს მათი პრეროგატივებისა და შეთანხმებების შესახებ, როგორც ეს საერთოდ ხდება-ხოლმე. ე.ი გამოდის, რომ დავნიშნეთ ჩინოვიკი ზურა აბაშიძის სახით, რომელიც პრემიერის დაქვემდებარებაშია და ამით მორჩა ყველაფერი.
აქვე მახსენდება ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ფანჯიკიძის კომენტარი, თითქოს ამ ფორმატს არავითარი შეხება დიპლომატიასთან არ ექნებოდა და მხოლოდ ჰუმანიტარულ ხასიათს შეიძენდა.
კი, ნათქვამი მხოლოდ ჰუმანიტარული და ვაჭრობის საკითხები იყო, თუმცა რუსეთთან ეს შეთანხმებული არ ყოფილა. მაშინ მედვედევსაც უნდა დაენიშნა წარმომადგენელი და ასეთ შემთხვევაში დომხალი არ იქნებოდა. ახლა კი გამოდის, რომ როგორც კი აბაშიძე რამე პოლიტიკურ საკითხს სვამს, კარასინი ტანკში ზის და ხელებს აქნევს - ეს ჩვენს ფორმატში არ შედისო, ჩვენ მხოლოდ კიტრი, პომიდორი და ვაშლი გვეხებაო.
"რეზონანსი": გასაგებია, რომ ამ ფორმატს სკეპტიკურად უყურებთ და შესაბამისად შედეგსაც არ ელით. რუსეთის მხრიდან ვიზების გაუქმების საკითხზე რა აზრის ხართ?
ს.ც: ვიზებთან დაკავშირებითაც ხომ ნახეთ არა რა მოხდა?! გახადეს ქრისტეს პერანგი. სიმართლე გითხრათ, ზურა აბაშიძე ძალიან მეცოდება, კვალიფიციური დიპლომატია და საშუალება არ აქვს თავისი პროფესიონალიზმის 5%-იც კი გამოავლინოს, ასე კი არაფერი გამოვა.
იმედი მქონდა, რომ ეს ახლა მაინც მოხდებოდა, თუმცა როგორც ჩანს, პუტინი არ აპირებს ვიზების გაუქმების საკითხი აბაშიძე-კარასინამდე დაიყვანოს, მას საქართველოდან მაღალი დონის მომლაპარაკებელი სჭირდება.
აქ კი რა ხდება?! "ნაციონალების" და ვიღაცეების შიშით ეს არ კეთდება, რადგან როგორ შეიძლება თურმე რუსეთთან ლაპარაკი, ის ხომ ოკუპანტია. რუსი რა არის, ამას ვერავინ მასწავლის.
"რ": თუკი აბაშიძე-კარასინის ფორმატი არაფერს გვაძლევს, მაშინ რა საჭიროა საერთოდ ის და როგორ ფიქრობთ, რა ტიპის ურთიერთობა იქნება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის უფრო მომგებიანი?
ს.ც: ან ფორმატი უნდა შეიცვალოს იმგვარად, რომ ზურა აბაშიძეს უფლებები გაეზარდოს და მისი ფუნქციები ელჩისას გაუტოლდეს, ან სხვა გეგმა უნდა შემუშავდეს, ამის თქმის არ მეშინია. ასე ხდება დიდ პლიტიკაში და ეს არ გახლავთ პირველი შეთხვევა, როცა ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა წყდება.
ან ფორმატი უნდა შეიცვალოს და ან უფლებები გაეზარდოს, რადგან ასეთმა შეხვედრებმა უკვე დრო მოჭამა, თუმცა ცხადია, აქ გაუქმებას არ ვგულისხმობ, ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ეს გახლვთ ერთი ადგილის ტკეპნა, რომელსაც არავითარი შედეგი არ აქვს.
"რ": ევროსასამართლომ საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეების სია არ დამტკიცა, თუმცა ამის საპირწონე არგუმენტად ურავლესობის წარმომადგენლებმა განცხადეს, რომ ამ თემის ირგვლივ ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება... რას გვეტყვით ამ საკითხზე?
ს.ც: რასაკვირველია კრახი ისედაც ნათელია და ამას არავითარი კომენტარი არ სჭირდება. არ აღიარებენ და აზრი?! მასე ამას წინ საგანელიძე გამოვიდა და თქვა, რომელი ბლუმბერგი - საქართველო ინვესტიციების სამოთხეაო, მაგრამ ვის სჯერა ამის? - არც არავის. აღიარებასაც მეტი გამბედაობა და თავდაჯერებულება სჭირდება, ამათ კი ეს არ შეუძლიათ და სულაც არ მიკვირს. დიდები შეცდომებს აღიარებენ, პატარებს უჭით.
აგერ მაგალითად, დეპუტატ პაპუაშვილს ვუსმენდი და გაოცებული ვარ - ხალხს ყველაფერი გადაებუგა ბავშვთა სამყაროში და ამ კაცმა რაიონის დეპუტატივით კი არა, გამვლელივით ილაპარაკა. მაგ კაცს წარმოდგენა არ აქვს სახელმწიფო ვალდებულებებსა და სარეზერვო ფონდებზე, რაღა უნდა გვიკვირდეს?! შეცდომებს არ აღიარებენ და ესაა მთელი უბედურება.
"რ": და ბოლოს ნატოს მომდევნო სამიტზე პრეზიდენტის ვიზიტი გადაწვეტილია, მანამდე კი გაირკვა, რომ თავდაცვის მინისტრმა მასში მონაწილეობის მიღება არ ისურვა. რას ფიქრობთ ამ გადაწყვეტილებაზე?
ს.ც: ჩვენ რომ ამ წაუსვლელობის ნამდვილი არგუმენტი გქონდეს კიდევ ჰო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენი სამხედრო მინისტრი მთლად სიმართლეს არ უნდა გვეუბნებოდეს. ვფიქრობ, აქ უფრო იმედგაცრუების ამბავია, იციან რომ ნატოში არ მიგვიღებენ და ტყუილად იქ ყოფნას რა აზრი აქვს.
არ ვიცი, ღარიბი ნათესავის როლში ყოფნა მობეზრდათ თუ რა ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ასეა. არ ვიტყოდი, რომ ეს ძალიან ცუდია, რა აზრი აქვს თუკი მართლაც არაფერს ვიღებთ. ამ ამბავზე ერთი ქართული ანდაზა მახსენდება: "გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო," - ასეა ჩვენი ამბავიც.