12 წუთში დამწვარი 13 ათასი კვადრტული მეტრი ფართობი - ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრი "ბავშვთა სამყარო" მთლიანად დაიწვა. რამ გამოიწვია ამხელა მასშტაბის ხანძარი?! ეს კითხვა, უკვე მეორე დღეა, პასუხგაუცემელია. გამოძიება მიმდინარეობს, მოვაჭრეები ზარალს ითვლიან და ხანძრის განზრახ გაჩენაზე ლაპარაკობენ. ვერსიებზე საუბარი უჭირთ სპეციალისტებს.
"ბავშვთა სამყაროს" შენობაში მოქმედი ობიექტის - "პროგრესი 2011"-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ხანძრის გაჩენაში ელექტროენერგიით გამოწვეულ ფაქტორს გამორიცხავს.
როგორც "პროგრესი 2011"-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დავით ჩუბინიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შენობაში ელექტროენერგია გამორთული იყო, ასევე ჩაკეტილი იყო ობიექტი.
"გამოძიებას უნდა დაველოდოთ. ელექტროობა გამორთული იყო. სანამ გამოძიება არ დაადგენს, ჩემთვისაც წარმოუდგენელია, ისე ვარ შეძრწუნებული, ვეღარ გავიგე თავი და ბოლო. დენი ირთვება, იკეტება და დაცვას ბარდება. ეს არის მომხდარი შუა ღამის, 04:30 საათზე. დენის ფაქტორი გამორიცხულია. ობიექტი ჩაკეტილი იყო. რა შეიძლება იყოს, ჩემამდე არ დადის", - აღნიშნა დავით ჩუბინიძემ.
აღსანიშნავია, რომ ხანძარი სავაჭრო ცენტრში გვიან ღამით გაჩნდა. ცეცხლის ჩასაქრობად 200-მდე მაშველი მუშაობდა, რის შედეგადაც ერთი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიას განცხადებით, ხანძარზე რეაგირება დროულად მოხდა. რაც შეეხება გამომწვევ მიზეზს, მისივე თქმით, ამ ყველაფერს გამოძიება დაადგენს, რომელიც უკვე მიმდინარეობს.
"გამომწვევ მიზეზებზე ჯერ ადრეა საუბარი. გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 187-ე მუხლით დაიწყო, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. შეტყობინება 04.10 საათზე შემოვიდა. 5-6 წუთში ადგილზე იყვნენ 31 მანქანა და 200 კაცამდე მეხანძრე-მაშველი.
"რაც შეეხება რეაგირების დაგვიანებას, რეაგირება არ ყოფილა დაგვიანებული. დაგვიანებული იყო შეტყობინება. ეტყობა გვიან შეამჩნიეს ხანძარი. კერა, როგორც ჩანს, არ არის შენობაში. ეს არის ბაზრის ტერიტორიაზე", - განაცხადა შსს მოადგილე მერაბ მალანიამ.
მისივე თქმით, შსს გააკეთებს მაქსიმუმს, რათა გამოძიება დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად და დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება.
"ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები. შსს გააკეთებს მაქსიმუმს, რომ გამოძიება დასრულდეს, რაც შეიძლება სწრაფად და დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება.
"გამოძიების მსვლელობისას, ბუნებრივია, ჩვენი კონტროლის ქვეშ იქნება შემთხვევის ადგილი. გამოძიება შეისწავლის და აღრიცხავს ყველა დეტალს, დაადგენს ასევე ზარალის ზუსტ ოდენობას და კონკრეტულ დაზარალებულებს", - განაცხადა მალანიამ.
"ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეების ნაწილის ვარაუდით კი, სავაჭრო ცენტრში ხანძარი განზრახ გააჩინეს. როგორც ისინი აცხადებენ, ცეცხლი რომ სპეციალურად არ გაეჩინათ, ის ყველგან ერთდროულად არ მოეკიდებოდა.
"სპეციალურად გააჩინეს, ერთდროულად როგორ უნდა მოკიდებოდა ცეცხლი ყველაფერს? - გაუბედურებულია ხალხი", - აცხადებენ მოვაჭრეები.
მათივე ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის აშენება უნდოდათ.
"მიზეზებზე არავინ საუბრობს. ვინ იტყვის რამეს? ვინ რას აგვინაზღაურებს? ვინ რას ჩამოგვაწერს? გათბობა ჩვენ არ გვქონდა და არაფერი, ვიყინებოდით იქ. დენი მაშინვე ითიშებოდა. როგორც კი ვამთავრებდით მუშაობას.
"ჯერ შუქი ქრებოდა და მერე გავდიოდით შენობიდან. იყო საუბარი, რომ აქ აშენება უნდოდათ რაღაცის. გაიჟღერა რომ "კარფურის" მსგავსი ცენტრი უნდა აშენებულიყო. კი ბატონო. აშენებულიყო, მაგრამ ჩვენ რას გვერჩოდნენ? - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე". მოვაჭრეების განცხადებით, თითოეულ დაზარალებულს ათასობით ლარი აქვს ვალი.
"თითო ადამიანის უკან 10 და 15 კაცი დგას. ულუკმაპუროდ დავრჩით, ათი ათასობით ლარი გვაქვს ვალი. ეს ყველაფერი მოწყობილია! ჩამრთველით ითიშებოდა სინათლე 19.00 საათზე და როგორ გაჩნდა ხანძარი ღამის 2 საათზე? ამბობენ, რომ აუქციონზე იყო ტერიტორია გატანილი და გაიყიდა. ეთქვათ და დავტოვებდით ტერიტორიას, საქონელს მაინც გადავარჩენდით", - აღნიშნავს კიდევ ერთი მოვაჭრე.
რამ გამოიწვია ამხელა მასშტაბის ხანძარი?! ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს ვახტანგ მაისაიაც.
"ძალიან სპეციფიკური თემაა - ეს შემთხვევა მინდა შევადარო ქობულეთის სასტუმროში გაჩენილ ხანძარს, როდესაც დაიღუპნენ ბავშვები. მანდ ცეხლი გაუმართავი ელექტროსადენების გამო გაჩნდა. ასე რომ, ეს ვერსია სავაჭრო ცენტრთანაც ლოგიკურია. იქ უსაფრთხოების ზომები საერთოდ არ ყოფილა დაცული.
"შეიძლება დაცვას ეძინა და ამ ხანძარმა მიაღწვია სიღრმეებს იმ ადგილას, სადაც ინახებოდა აალებადი საქონელი, რამაც, ხელი შეუწყო ამხელა მაშსტაბის ხანრძის გაჩენას.
"არა მგონია, რომ ეს ხელოვნური ყოფილიყო, იმიტომ, რომ ამას დასჭირდებოდა რამდენიმე ზონაში ხანძრის გაჩენა. თუ გამოძიებამ დაადგინა, რომ ასეთი რამდენიმე ზონა არსებობს - ორი ან სამი, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხელოვნურად მოხდა ეს ყველაფერი.
"თუ გამოძიოებამ დაადგინა სამზე მეტი ლოკაციის ადგილის არსებობა, მაშინ ბუნებრივია ეს იქნება ინციდენტური და მე ვიტყოდი არამიზნობრივი დაზიანების შემთხვევა. როგორც ჩანს დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ვერ შეასრულეს თავისი ვალდებულება და ვერ აღმოაჩინეს ეს კერა დროულად და არ მოახდინეს სათანადო რეაგირება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას მაისაია.
"რეზონანსი" საგანგებო სიტუაციების სამსახურის ყოფილ უფროს თემურ გიორგაძესაც დაუკავშირდა, თუმცა ამ უკანასნკნელმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. "ხანძრის გამომწვევი შეიძლება ბევრი მიზეზი იყოს, ამიტომ ვერაფერს გეტყვით, ყველაფერს გამოძიება დაადგენს", - გვითხრა გიორგაძემ.
ცნობისთვის ეს არ არის სავაჭრო ცენტრის დაწვის პირველი შემთხვევა. მანამდე დაიწვა ე.წ ბოშათა ბაზრობა, "ლილო მოლი" "საბა" და სხვა.