ეკონომიკის სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების შენახვა, რომელთა მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან დაბალია, ბიუჯეტს საკმაოდ ძვირი უჯდება. იმის მაგიერ, რომ ამ სისტემაში დასაქმებულები კუთვნილ შრომის ანაზღაურებას დასჯერდნენ, სახელფასო დანამატების სახით ბიუჯეტის ფულს თვითნებურად ანაწილებენ. ამას ადასტურებს აუდიტის სამსახურის დასკნა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ებში დასაქმებულთა სახელფასო დანამატებს ეხება.
მართალია, ეკონომიკის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ დასაქმებულებმა სახელფასო დანამატებით დამსახურებულად აიღეს, მაგრამ ნათვამს ვერაფრით ადასტურებენ. როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, სახელფასო დანამატების მიმღებებმა ვერც იმ დავალებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოადგინეს.
"განსაკუთრებული სირთულისა და მნიშვნელობის დავალებების შესრულების, ასევე იმ დავალებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც არ შედიოდა დანამატის მიმღებ პირთა მოვალეობაში, უწყებების მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა", - აღნიშნულია დასკვნაში.
აუდიტის სამსახურმა ეკონომიკის სამინისტროს 2015 წლის 31 დეკემბრის დასრულებული საანგარიშო პერიოდის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სახელფასო დანამატების გაცემა დაასახელა.
მოსახლეობის ჯიბიდან გადახდილი ფულით შევსებული ბიუჯეტი არამიზნობრივად იფლანგება. განსაკუთრებით თვალში საცემია, სახელფასო დანამატის მიმღები ამა თუ იმ სააგენტოს მთელი შემადგენლობაა. ეს კარგად ჩანს სსიპ "საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს" მაგალითიდან. ამ სააგენტოში დასაქმებული 80 თანამშრომლიდან 78 თანამშრომელს 2015 წლის მარტში წლის ბოლომდე დაუწესდა ყოველთვიური სახელფასო დანამატი, ჯამურად 29 800 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება უშუალოდ სსიპ-ების ხელმძღვანელებს, მათ ყოველთვიური სახელფასო დანამატები დაუწესდათ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 2015 წლის 28 იანვრის #1-1/26 ბრძანებით - განსაკუთრებული სირთულის და მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის. დანამატი არათანაბარია და მათი ოდენობა თანამდებობრივი სარგოს 22%-დან 100%-მდე მერყეობს.
როგორც აუდიტის დასკვნაშია აღნიშნული, სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების თანამშრომლებზე, დანამატები გაიცემა ბრძანებებით, სადაც დანამატების გაცემის საფუძვლად მითითებულია განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვა, ზეგანაკვეთური მუშაობა და სხვა მიზეზები. ამ ფორმულირებით გაიცემოდა დანამატები სსიპ "სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში", სსიპ "საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში", სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში", სსიპ "სახელმწიფო ჰიდროგრაფიის სამსახურში".
სპეცილაისტები აცხადებენ, რომ ერთხელ და საბოლოოდ გასარკვევია, საქართველოში რამდენად ოპტიმალურად არის კადრები განაწილებული. გვჭირდება თუ არა ამდენი სააგენტო და სტრუქტურა, რომელთა გაკეთებული საქმე, სპეციალისტთა ვიწრო წრისთვისაც კი უცნობია.
ამ ყველაფერთან დაკავშირებით "რეზონანსი" შეეცადა ეკონომიკის სამინისტროს არგუმენტი მოესმინა, თუმცა უყწების წარმომადგენლებმა, როგორც ყოველთვის, ამ თემაზე საუბარი არ ისურვეს.
"ახალი ეკონომიკური სკოლის" პრეზიდენტი პაატა შეშელიძე პირდაპირ ამბობს, რომ საჯარო სტრუქტურებში ხელოვნურად გაბერილი შტატები ქვეყანას რეალურად არ სჭირდება.
"ფაქტია, რომ გვყავს ბევრი ზედმეტი მოხელე, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ გვჭირდება, ეს უნდა გაირკვეს და დასაბუთდეს. ახლა სახელმწიფო სტრუქტურებში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. როგორ დასრულდება ეს პროცესი, მალე გამოჩნდება. ფაქტია, რომ გაბერილი შტატები პრობლემას გვიქმნის, ფუნქციური დეცენტრალიზება გვჭირდება. უნდა დასაბუთდეს, ამა თუ იმ სტრუქტურაში რამდენი კაცია საჭირო და რას უნდა აკეთებდეს. არაფერი გამოვა, თუკი წინასწარ შექმნიან შტატს და შემდეგ დაიწყებენ ფიქრს რა აქვთ გასაკეთებელი, არადა ეჭვი მაქვს, რომ ასე ხდება. ამიტომ ყველაფერი დამოკიდებულია მიდგომაზე, ვინ აკეთებს, როგორი ხედვაა და ა.შ.
სახელფასო დანამატისა და პრემიას შორის, ფაქტობრივად, განსხვავება არ არის, თუმცა იურიდიულად შეიძლება სხვადასხვანაირად გაფორმდეს. არც ის შეიძლება, საჯარო სექტორის თანამშრომელს ყოველთვიურად ეძლეოდეს პრემია. რეალურად ეს უნდა იყოს "ჯილდო" განსაკუთრებული საქმისთვის, რის დამადასტურებელი დოკუმენტიც უნდა არსებობდეს", - აცხადებს შეშელიძე და დასძენს, რომ აუდიტის ანგარიშში ასახული ფაქტებზე სათანადო რეაგირება უნდა მოხდეს, რადგან თანხების თვითნებური განკარგვის ეჭვი არსებობს.
"პრემიების გაცემისას ხომ არ იყო ფარული გარიგება ვინმესთან, ეს საკითხიც აუცილებლად არის გამოსაკვლევი. თუკი ვინმემ სახელფასო დანამატი სპეციალური დავალების შესრულებისთვის მიიღო, ისიც უნდა ვიცოდეთ რა საქმე გაკეთდა. არ შეიძლება ასეთი დავალების შემსრულებელი მთელი კოლექტივი იყოს. საინტერესოა ისიც, რამდენად საფიროა 80 კაცის დასაქმება იქ, სადაც ხუთიც კი შეიძლება საკმარისი იყოს. ყველაფერი ეს გარკვევით უნდა დაადგინონ, რათა მუდმივად არ არსებობდეს ეჭვი საჯარო სექტორის საქმიანობის შესახებ", - განმარტავს პაატა შეშელიძე.
სახელფასო დანამატების მიმღებთა მიერ შესრულებული საქმიანობით დაინტერესებულია აფბა-ს ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილიც, რომელიც მხარს უჭერს, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულებს ჰქონდეთ მაღალი შრომის ანაზღაურება, მაგრამ არა სახელფასო დანამატები.
"როგორც ვიცი, 3 მლნ ლარი გამოიყო კვლევის ჩასატარებლად, თუ რამდენად ოპტიმალურად არის კადრები საქართველოში განაწილებული. კვლევის შედეგი არ ვიცით. არც ის, რეალურად ჩატარდა თუ არა კვლევა. რაც შეეხება ხელფასის თემას, მიმაჩნია, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულებს მაღალი შრომის ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ. ცალკე საკითხია, სახელფასო დანამატს რატომ იღებენ, თუკი კარგი ხელფასი აქვთ ან რა დამსახურების გამო აკუთვნებენ.
საქართველოში უამრავი სსიპ და დეპარტამენტი არის შექმნილი, ეს უკვე ცუდია. უნდა შემუშავდეს ერთიანი კონცეპტუალური მიდგომა, თუ რომელ სერვისს იტოვებს სახელმწიფო და რომლის განკერძოება არის შესაძლებელი. მთავრობის დადგენილება და ანგარიში არ იძლევა წარმოდგენას იმაზე, რა პრინციპით შეირჩა საჯარო სამართლის იურიდიული პირები ან რა გათვლით განისაზღვრა მათი მომსახურების ტარიფები", - აცხადებს ჯანიაშვილი.
სანამ მთავრობა სისტემურად არ მიუდგება ამ საკითხს და მდგომარეობის გაჯანსაღებაზე არ იზრუნებს, სსიპ-ების ე.წ. დასაქმების ბიუროებად დარჩებიან, რა ფუნქციაც მათ დღემდე აქვთ. ასე ფიქრობს იურისტი ლევან ალაფიშვილი, რომლის შეფასებითაც, კომფორტზე მთავრობა უარს არ ამბობს და აწყობს უსისტემო გარემო, როგორიც საჯარო სექტორში დასაქმების კუთხით არსებობს.
"პრობლემა სისტემურია და ეს არის მიზეზი, რის გამოც ეკონომიკის სამინისტროში თუ სხვა საჯარო უწყებებში დასაქმების თვითმიზანს პირადი კეთილდღეობა წარმოადგენს. ეს ხდება იმიტომ, რომ საჯარო იურიდიული სისტემის მართვის მექანიზმი სახელმწიფომ ვერ ჩამოაყალიბა.
როგორც ჩანს, კომფორტულად გრძნობენ თავს, რადგან დასაქმებასთან და ხელფასებთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვა არ აქვთ და რეალურად დასაქმების ბიუროებს წარმოადგენენ. ახალი კანონით, "საჯარო სამსახურის შესახებ", მთავრობას დაევალა 2016 წლის შემოდგომისთვის ერთიანი სტრატეგიის შემუშავება, თუმცა მთავრობამ არათუ არ შეასრულა ეს ვალდებულება, მეტიც, კანონის მოქმედება გადაავადდა ივლისამდე.
დიაგნოზი ერთია: კომფორტზე მთავრობა უარს არ ამბობს! ეს ხდება ხალხის ხარჯზე. ფაქტობრივად, ხალხი ინახავს იმ სტრუქტურებს, რომელთა არსებობის საჭიროება ქვეყანაში არ არსებობს. ცხადია, ყველას აწყობს უსისტემობა, ესაა ჩვენი პრობლემა", - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.
რაც შეეხება კონკრეტულად ეკონომიკის სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობას, აუდიტის სამსახურის დასკვნაში აღნიშნულია, რომ საანგარიშო წლის განმავლობაში სამინისტროში რეალურად დასაქმებულ მომუშავეთა რიცხოვნობა, მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ საშტატო რიცხოვნობას. მაგალითად, წლის განმავლობაში ვაკანსიების საშუალო ოდენობა შეადგენდა: სამინისტროს ცენტრალურ აპარატში - 80 ერთეულს, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში - 18 ერთეულს, სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში - 5 ერთეულს, სსიპ - ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეროვნულ სააგენტოში - 20 ერთეულს. შედეგად, როგორც აუდიტის სამსახურში განმარტავენ, თანამდებობრივი სარგოს მუხლში გამოთავისუფლებული სახსრები პრემიებისა და დანამატების გაცემას ხმარდებოდა.