ნათია ლომიძე
01.01.2017

 ეკონომიკური ზრდის გეგმა პირწმინდად ჩავარდა. შარშანდელი 3%-დან 2.7%-მდე ჩამოსული პროგნოზიც კი ვერ გამართლდა. წლიურ მაჩვენებელზე განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა მოახდინა დეკემბრის მონაცემებმა. 2017 წელს მთავრობას 4%-იანი ზრდის იმედი აქვს. სპეციალისტები ამ რიცხვს რეალურს უწოდებენ, თუმცა მიაჩნიათ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია როგორც ქვეყნის შიდა, ასევე რეგიონალურ ფაქტორებზე.

"საქსტატის" მიერ 30 იანვარს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, რეალური მთლიანი შიგა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპმა დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.3% შეადგინა. წლის ბოლო თვეში უკუსვლა თვალშისაცემი იყო, რადგან ნოემბერში 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

საბოლოოდ საქართველოს ეკონომიკა 2016 წელს 2.2%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2009 წლის შემდეგ.

მთლიანი შიგა პროდუქტი 2015 წელს 2.9%-ით გაიზარდა, რაც, თავის მხრივ, ნაკლებია 2014 წლის 4.6%-იან მაჩვენებელზე. 2013 წელს მშპ-ს ზრდა 3.4%-ზე იყო, ხოლო 2012 წელს 6.4%-იანი მატება დაფიქსირდა.

შარშანდელი პროგნოზი რომ ვერ გამართლდებოდა, ამას მთავრობაში გრძნობდნენ და 2016 წლის მთავარი მაკროეკონომიკური მაჩვენებლის სავარაუდო ზღვარი 3%-დან 2.7%-მდე დასწიეს. როგორც ჩანს, რეალობა უფრო ნეგატიური აღმოჩნდა.

2017 წელს მთავრობა 4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. თსუ-ს პროფესორი ვახტანგ ჭარაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბიუჯეტში დაგეგმილი 4%-იანი ეკონომიკური ზრდა არცთუ არარეალურია, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციების ხედვაც ასეთია. მიუხედავად ამისა, წელს ქვეყანას უამრავი გამოწვევა ელის, რომელზეც ბევრი რამაა დამოკიდებული, რამაც საბოლოოდ 4%-იანი მაჩვენებელი შეიძლება შეცვალოს კიდეც.

"შარშანდელი მაჩვენებელი 2.2%-ზეა და წელს რამე მნიშნელოვანი ცვლილებები ქვეყნის ეკონომიკაში არ მომხდარა, რომ მშპ-ს მაღალ ზრდას ველოდოთ, თუმცა 4% არის ის მაჩვენებელი, რომლის ირგვლივაც ბოლო წლებში საქართველო ტრიალებს. თუ გავითვალისწინებთ საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზს, (ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს 4-5% ეკონომიკური ზრდა ექნება), ეს რეალური მაჩვენებელია და ზოგად პარამეტრებთანაც ახლოს არის.

ნებისმიერი პროგნოზი არა მარტო ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებს, არამედ რეგიონში არსებულ სიტუაციას უკავშირდება. 2017 წელს უამრავი გამოწვევაა, რომელზეც ბევრი რამაა დამოკიდებული და საბოლოოდ შეიძლება ეს 4%-იანი პროგნოზიც შეიცვალოს", - განუცხადა "რეზონანსს" ჭარაიამ.

ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია აღნიშნავს, რომ წლევანდელ დაგეგმილ მონაცემებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა 4%-იანი ზრდა მასაც საკმაოდ რეალურად ეჩვენება.

"მიმდინარე ბიუჯეტში 4%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზირება სავსებით ნორმალური გათვლაა. ეს ემთხვევა სავალუტო ფონდის პროგნოზს. შარშან საკმაოდ სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით, რის გამოც 3%-დან 2.7%-მდე დაყვანილი ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც კი ვერ გამართლა. იგივეს თქმა არ შეიძლება ახლაც. ჯერ ყველაფერი წინაა და ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია", - განუცხადა "რეზონანსს" ჯგერენაიამ.

ანალიტიკოს რეზო ბერაძის აზრით, იყო რამდენიმე ფაქტორი, რომელმაც ეკონომიკური ზრდის შენელება გამოიწვია, მათ შორის, ერთ-ერთი მიმართულება იყო მშენებლობა. განსაკუთრებით ეს აშკარა იყო დეკემბერში, როდესაც მშენებლობის ტემპი შენელდა, რაც, თავის მხრივ, სეზონური ფაქტორით იყო განპირობებული.

"გარდა ამისა, გრძელვადიანი პროექტები, მაგალითად, როგორიცაა სარკინიგზო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობა, დასასრულს უახლოვდება. შესაბამისად, ასეთმა ფაქტორებმა იქონია გავლენა ეკონომიკური ზრდის შენელებაზე. წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგი ტენდენცია იყო, თუმცა წლის ბოლოს, წლის სხვა პერიოდებთან შედარებით, ზრდის მკვეთრი შემცირება სახეზეა", - აღნიშნა ბერაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×