ნინო ქეთელაური
01.02.2017

 ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე, რომელიც საპატიმროდან რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა, უკრაინას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს. აღნიშნული მოთხოვნით მისმა ადვოკატმა შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა და პასუხი 25 თებერვლამდე იქნება.

"საბუთები შეიტანა ჩემმა ადვოკატმა, როცა ციხეში ვიყავი. საბუთები 25 იანვრიდან შეტანილია, ჯერ განხილვა მიმდინარებს და 25 თებერვლამდე პასუხი იქნება," - აღნიშნა გია ცერცვაძემ.

აღსანიშავია, რომ ერთ-ერთი რუსული სააგენტოს (პოლიტიკომ.ნეტ) ინფორმაციით, ვიცე პოლკოვნიკ გია ცერცვაძის შემდეგ, რუსეთი 2008 წლის ომსა და უკრაინაში მებრძოლ ქართველ სამხედროებს ეძებს და მათ პირად მონაცემებს აქვეყნებს.

სააგენტო წერს, რომ მათ ყველაფერი იციან იმ ქართველ სამხედროებზე, რომლებსაც ეძებენ.

"მრავალ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული და ძებნილი სააკაშვილი უკრაინაში ამზადებდა რადიკალური ბოევიკების ორგანიზებულ ბანაკს სახელწოდებით "პატრიოტი," - წერს სააგენტო.

მათივე ცნობით, ამ ბანაკში ინსტრუქტორებად მუშაობდნენ "ქართველი ომის დამნაშავეები", რომელთაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ 2008 წლის აგვისტოს ომში სამხრეთ ოსეთში განხორციელებულ ეთნიკურ წმნედაზე და სიას პირადი მონაცემებით აქვეყნებს:

"პოლკოვნიკი მერაბ კიკაბიძე, საქართველოს მოქალაქე, ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კორდონის მომსახურების, აქვს 18 წლის სამხედრო გამოცდილება, მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში ავღანეთში;

"პოლკოვნიკი დავით მაყიშვილი, დაბადებული 22.12.1976, საქართველოს მოქალაქე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადებისა და შეფასების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი .

"პოლკოვნიკი მამუკა აბაშიძე, დაბადებული 25.04.1978, საქართველოს მოქალაქე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, სწრაფი რეაგირების ბატალიონ "ალგეთის" ყოფილი მეთაური, თავდაცვის სამინისტრო;

სერჟანტი დავით მიშველაძე, საქართველოს მოქალაქე; ზაურ ბერიანიძე, საქართველოს მოქალაქე; კახა კვინტრაძე, საქართველოს მოქალაქე; ირაკლი ქურასბედიანი, საქართველოს მოქალაქე; ალექსი დავითაშვილი, საქართველოს მოქალაქე; გიორგი ყუფარაშვილი, საქართველოს მოქალაქე," - ამ ჩამონათვალს თან ახლავს სამხედროების ფოტოსურათები და პირადობის დამადასტურებელი მოწმობები.

აღნიშულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი გამოეხმაურა, რომელმაც დაადასტურა, რომ გია ცერცვაძის საქმე იყო ერთადერთი ქეისი, რომელზეც ინტერპოლის მეშვეობით კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ინფორმაცია გაიცა.

"ვადასტურებ, რომ გია ცერცვაძის საქმე არის ერთადერთი ქეისი, რომელზეც ინტერპოლის მეშვეობით არის გაცემული ინფორმაცია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, ანუ სხვა მსგავსი ქეისი ჩვენ არ გვაქვს და არ არის საჭირო რაღაც შეთქმულების თეორიებზე საუბარი," - განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, გია ცერცვაძის საქმეში არის ბევრი დეტალი, რომელზეც საჯაროდ საუბარი არ შეიძლება. ფორმატის შემუშავების შემთხვევაში კი შესაძლებელია კონკრეტულ დაინტერესებულ პირებს მიეწოდოთ ინფორმაცია.

აღნიშნულ ფაქტზე განცხადება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ყველა ჯარისკაცის ინტერესის დაცვა თავმოყვარე ქვეყნის ვალია.

"ძალიან მძიმე იყო იმის მოსმენა და გაგება, რომ საქართველოს მხრიდან მოხდა ინფორმაციის გადაცემა. რა თქმა უნდა, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამეორდეს და თუ არსებობს მსგავსი პრეცედენტები სხვა ჯარისკაცებთან მიმართებაში, საქართველოს ყველა ჯარისკაცის ინტერესის დაცვა არის თავმოყვარე ქვეყნისა და სახელმწიფოს ვალი," - ნათქვამის პრეზიდენტის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×