ეროვნული საგადასახადო პოლიტიკის პარლამენტის მიერ განსაზღვრა და შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა - ეს ის ინიციატივებია, რომლებიც ფრაქცია "სოციალ-დემოკრატებმა" უკვე დაარეგისტრირა.
კონრეტულად რას გულისხმობს აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები, ამაზე "რეზონანსი" ფრაქციის წევრს, დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილს ესაუბრა.
ბექა ნაცვლიშვილი: პირველი ინიციატივა გულისხმობს, კონსტიტუციის 94-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების ამოღებას. ამ პუნქტების მიხედვით, პარლამენტს და მთავრობას არ აქვს უფლება, რომ საერთო ეროვნული ახალი გადასახადი შემოღოს ან არსებული გაზარდოს. ეს არ ეხება აქციზს. ჩვენ დაახლოებით, 55 ქვეყნის კონსტიტუცია შევისწავლეთ და პარლამენტს ეს უფლება არსად არ აქვს წართმეული. პირიქით, 12 კონსტიტუციაში წერია, რომ ისეთი საკითხების, რაც გადასახადის გაზრდას ან ცვლილებას ეხება, რეფერენდუმზე დაყენება არ შეიძლება.
ეს მუხლი კონსტიტუციაში "ნაციონალური მოძრაობის" დროს შეიტანეს და გარკვეული თვალსაზრისით, ეს იყო, პარლამენტის მიზანმიმართული დასუსტებისკენ გადადგმული ნაბიჯი - ეს იყო წარმომადგენლობითი დემოკრატიის დასუსტებისკენ გადადგმული ნაბიჯი. იმიტომ, რომ მთავრობას და პარლამენტს ამ უფლებას თუ წავართმევთ, ეს დემოკრატია აღარ იქნება, რადგან მთავრობას, პარლამენტს ირჩევენ იმისთვის, რომ საგადასახადო პოლიტიკა ჩვენ განვკარგოთ. ეს არის წარმომადგენლობითი დემოკრატიის უგულებელყოფა და პარლამენტის უფლებების შეკვეცა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ეკონომიკის განვითარებასნ და მის სტიმულირებასთან.
"რეზონანსი": კონკრეტულად რა ტიპის გადასახადებზეა საუბარი?
ბ.ნ: მაგალითად, საშემოსავლო გადასახადებზე, ასევე მოგების გადასახადზე, ან ახალი გადასახადის შემოღებაზე. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ახლა იგეგმება თუ არა, ზოგადად, მომავალში ამის საჭიროება რომ დადგეს, დღევანდელი კონსტიტუციით ეს უფლება მთავრობას და პარლამენტს აქვს ჩამორთმეული და მხოლოდ რეფერენდუმის გზითაა ეს შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ეს დაუშვებელია, რადგან ფისკალური და საგადასახადო პოლიტიკა არის ის მექანიზმები, რომლითაც ეკონომიკა იმართება.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და იმედი გავქვს, რომ ფართო საზოგადოება გაითვალისწინებს და შესაბამისი მხარდაჭერა ექნება.
"რ": რას გულისხმობს მეორე ინიციატივა?
ბ.ნ: მეორე ინიციატივა ეხება კონსტიტუციის მეორე კარში (სადაც ადამიანის უფლებები და თავისუფლებებია გაწერილი), ჩვენი მოქალაქეების სოციალური უფლებების უფრო მკაფიოდ წარმოდგენას. ანუ იმის ჩაწერას, თუ ვინ არის ამ უფლების განხორციელებაზე პასუხისმგებელი და უზრუნველმყოფი. აქ იგულისხმება, რომ სახელმწიფო უნდა იყოს პასუხისმგებელი ამ უფლებების განხორციელებაზე.
კონსტიტუციაში არის ჩანაწერები განათლების უფლებაზე, სოციალურ უზრუნველყოფაზე, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ გაჩნდეს ჩანაწერი ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. რაც ნიშნავს, რომ საქართველოში ყველა ადამიანი უზრუნველყოფილი იყოს ღირსეული საცხოვრებლით, სადაც ის მოახდენს თავისი სოციალური გარემოს მოწყობას, რაც გახდიდა მათ ცხოვრებას და მომავალს მეტად განჭვრეტადს.
გარდა იმისა, რომ ყყ| საუკუნეში ადამიანს ნორმალური საცხოვრებელი უნდა ჰქონდეს და ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა იდგეს, წმინდა დემოგრაფიული თვალსაზრისითაც კარგი იქნება, რადგან არიან ოჯახები, რომლებიც საცხოვრებლის არ ქონის გამო, ოჯახებს ვერ ქმნიან.
მაგალითად, ჩემს რაიონში, ისანში, ძალიან მწვავეა ეს პრობლემა, რადგან ადამიანებმა, რომლებისთვისაც ადრე ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა შეზღუდული იყო, სამედიცინო და სხვა საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, ბინები იპოთეკით დატვირთეს. მათმა უმეტესობამ ეს სახლები დაკარგა და ისინი იძულებული გახდნენ შეჭრილიყვნენ რიგ შენობებში და იქ მოენახათ საცხოვრებელი ადგილები.
საცხოვრებლით უზრუნველყოფის პოლიტიკას აქვს თავის ეკონომიკური განზომილება, რადგან ამით ხდება ეკონომიკის სტიმულირებაც. თუ ეს ჩანაწერი გაჩნდება სახელმწიფო აღიარებს ამ ტიპის პოლიტიკის შეიმუშავების აუცილებლობას. შედეგად მოხდება სამშენებლო ინდუსტრული სექტორის სტიმულირებაც
ჩვენ ამის საერთაშორისო ვალდებულება გაგვაჩნია: მაგალითად ევროპის სოციალურ ქარტიას, გაეროს ადამინის უფლებათა კონვენციებს, რომლებსაც ჩვენ მიერთებლი ვართ და ვიზიარებთ.
"რ": ამ შემთხვევაში მუდმივ საცხოვრებელზეა საუბარი?
ბ.ნ: რა თქმა უნდა, უმჯობესია მუდივი საცხოვრებელი, თუმცა ეს იქნება ამ საკითხის იმგვარად გადაწვეტა, რომ ყველა ადამიანს, ვისაც თავისი სახსრებით არ შეუძლია ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სხვადასხვა მოდელი შევთვაზოთ. ეს იქნება დეველოპერულ კომპანიებთან შეთანხმება, საბინაო ფონდის შექმნა, იაფი სესხებით უზრუნველყოფა, თუ სახელმწიფოს მიერ ქირავნობის ფორმების მოძებნა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ამ საჭიროების მქონე ადამიანებისთვის.
"რ": თქვენი ინიციატივის მიხედვით იქნება თუ არა გაწერილი კონკრეტულად რომელი უწყების ვალდებულება იქნება ადამიანების საცხოვრებლით უზრუნველყოფა?
ბ.ნ: კონსტიტუციაში ეს უწყებრივი თვალსაზრისით არ იწერება. კონსტიტუციაში უბრალოდ იწერება ვინ არის ამ საკითხზე პასუხისმგებელი.
"რ": როდის მოხდება აღნიშნული ინიციატივის განხილვა?
ბ.ნ: ჩვენ ეს ინიციატივა წინა ორშაბათს უკვე შევიტანეთ და განხილვების პროცესში აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას.
"რ": გაქვთ იმედი, რომ აღნიშნული ინიციატივები პარლამენტის მოწონებას დაიმსახურებს?
ბ.ნ: პარლამენტმა კენჭი იმ მოდელს უნდა უყაროს, რომელსაც ჩვენ საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შევიმუშავებთ. კომისიის ზოგიერთი წევრი იზიარებს ჩვენი მოქალაქეების სოციალური უფლებების გაძლიერებას. ამიტომ, ამ საკითხში ვიქრობთ, რომ მხარდაჭერა იქნება სერიოზული. რაც შეეხება მეორე ინიციატივას, აქაც პირველადი კონსულტაციებით, გვაქვს მხარდაჭერის იმედი.