"ჩვენი იმდენი კონსტიტუცია გვაქვს, რამდენი პირველი პირიც არსებობდა საქართველოში. ახლა განსხვავება ისაა, რომ თუ ადრე კონსტიტუციას ცვლიდა სახელმწიფოს პირველი პირი, ახლა კონსტიტუციას ცვლის ადამიანი, რომელიც ერთ რიგით მოქალაქედ წარმოგვიდგენს საკუთარ თავს," - აცხადებს "დამუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი, რომელიც ასევე აკრიტიკებს გია ჟორჟოლიანის იდეას, კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღების შესახებ, რომელიც გადასახადის გაზრდისათვის რეფერენდუმის აუცილებლობას ითვალისწინებს.
"როგორც კი შევხვდები ბატონ გია ჟორჟოლიანს, რომელსაც მრავალი წელია ვიცნობ, დავუსვამ კითხვას: რა იშოვა ამისთანა, რომ სუყველას მოუწოდებს, უფრო მეტი გადასახადის შემოღებისკენ?" - ამბობს ცისკარიშვილი.
"რეზონანსი": საკონსტიტუციო კომისია მუშაობას აქტიურად შეუდგა და "ქართული ოცნება" პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევისა და მაჟორიტარული სისტემის დატოვების გატანას ცდილობს, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს "ოცნების" დაპირება იყო, რომ მაჟორიტარულ სისტემას გააუქმებდა, ახლა კი, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა გაინაღდა და ამ თემაზე ვაჭრობა დაიწყო, "ოცნება" ყველა თავის იდეას გაიტანს და დათმობაზე არ წავა?
სოსო ცისკარიშვილი: ფაქტი ჯიუტია, კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვების შემდეგ ისე გალაღდა "ქართული ოცნება", პრაქტიკულად ოხუნჯობის ხასიათზეა. არავის აქვს იმ ფრაზების სერიოზული ნდობა, რასაც ჩვენ მოდუდუნე სპიკერისგან ვისმენთ. თითქოს მათი ინტერესი დღევანდელი პრეზიდენტის პიროვნებით და მასთან დაპირისპირებით კი არ არის განპირობებული, არამედ ეს მხოლოდ დროის მახასიათებელია.
რეალურად კი, მაშინ, როდესაც ჩვენი კადრებთუხუცესი დამარცხდა პრეზიდენტის პრივატიზაციის ბრძოლაში, "ოცნებაში" თვლიან, რომ პრეზიდენტის არჩევა არ უნდა მოხდეს ქართული საზოგადოების მიერ, რადგან უმრავლესობის უმრავლესობა უკვე არჩეულია ერთი კონკრეტული პირის მიერ, რომელიც აყალიბებს მთავრობას და პარლამენტს და "ოცნება" ყველაფერს იზამს, რომ საკუთარ მამა-მარჩენალს არ აწყენინოს.
გონივრული ეჭვი მაქვს, რომ მომდევნო კონსტიტუცია უკვე დაწერილია, მისი შინაარსი უკვე არა ერთხელ აქვთ გადაკითხული პარლამენტისა და მთავრობის ლიდერებს და მხოლოდ დროის საკითხია, როდის გაასაჯაროვებენ ისინი ამას. დარწმუნებული ვარ, კენჭიც უკვე ნაყარია და შედეგიც დაფიქსირებულია.
დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდაც შენარჩუნებული იქნება მაჟორიტარული სისტემა და დიქტატორების ლოზუნგი ყველა საუკუნეში ერთი და იგივეა - არც ერთი ნაბიჯი უკან. ეს სურათი გაზაფხულის დამდეგს ნათელი იქნება. ამ ვითარებაში სრულიად უქმად დაკარგულ დროდ მიმაჩნია 70-კაციანი კომისიის არსებობა.
ჩვენ იმდენი კონსტიტუცია გვაქვს, რამდენი პირველი პირიც არსებობდა საქართველოში. ახლა განსხვავება ისაა, რომ თუ ადრე კონსტიტუციას ცვლიდა სახელმწიფოს პირველი პირი, ახლა კონსტიტუციას ცვლის ადამიანი, რომელიც ერთ რიგით მოქალაქედ წარმოგვიდგენს საკუთარ თავს.
"რ": თუ ადრე სააკაშვილზე მორგებული იყო კონსტიტუცია, ახლა ივანიშვილის იდეებზე მორგებული იქნება?
ს.ც: თუ თავმოყვარეობა აქვს მეოცნებათა ნაწილს, როდესაც კონსტიტუციის საბოლოო ვერსიას გადაიკითხავენ, სიწითლეც მოიცავს მათ, რადგან ეს ყველაფერი პროგნოზირებული იყო უფრო ადრე და მათი გარჯა იყო ზედმეტი.
"რ": პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებზე მარგველაშვილი დიდი ალბათობით ისედაც ვერ გაიმარჯვებს, ამდენად ეს ცვლილება მისი დასჯა ვერ გამოდის და რაში სჭირდება ამ არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა ივანიშვილს?
ს.ც: როდესაც ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია გადაწყვიტოს, ვინ იქნება პრეზიდენტი, საყოველთაო არჩევნებით ზედმეტ თავის ტკივილს რატომ გაიჩენს?!
"რ": თქვენი აზრით, "ოცნება" მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატად ვის დააყენებს?
ს.ც: ბატონი ბიძინა გულწრფელი ადამიანია და გვარებსაც შემთხვევით არ ასახელებს. ირაკლი ღარიბაშვილი მოსკოვის განრისხების გამო გაარიდეს თანამდებობას და თუ ეს სანქცია მოეხსნა, ჩვენი კადრებთუხუცესი მის ერთგულებას თანამდებობით დააჯილოდოვებს. იმასაც ნუ გამოვრიცხავთ, რომ თუ ივანიშვილმა ასეთი საშინაო დავალება მიიღო, საკუთარი სურვილის წინააღმდეგობის მიუხედავად, ის პრეზიდენტი თავად გახდება.
"რ": უმრავლესობის ფრაქცია "სოციალ-დემოკრატები" კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღებას ითხოვს, რომლითაც ახალი გადასახადის შემოღება ან არსებულის გაზრდა რეფერენდუმის გზითაა შესაძლებელი. "ოცნება" გადასახადების კიდევ უფრო გაზრდად გეგმავს? და რას მოუტანს ეს საშუალო ფენას, რომელსაც დღეს ახალი რეფორმებითა და ლარის გაუფასურებით ისედაც გაუჭირდა?
ს.ც: როგორც კი შევხვდები ბატონ გია ჟორჟოლიანს, რომელსაც მრავალი წელია ვიცნობ, დავუსვამ კითხვას: რა იშოვა ამისთანა, რომ სუყველას მოუწოდებს, უფრო მეტი გადასახადის შემოღებისკენ? და რისი მომასწავებელია ასეთი ინიციატივა?
ჩვენ გვახსოვს წინა ხელისუფლების დროს ლაშა თორდია იყო გაზსადენის გაყიდვის ინიციატორი. მიუხედავად იმისა, რომ არავის სჯეროდა ამ იდეაზე მისი ავტორობის, ის ჯიუტად იმეორებდა, დიახ ეს ჩემი იდეეაო.
ასეთი თორდიები "ქართულ ოცნებაშიც" არ გამოილევიან და ამგვარი იდეები არანაირი სიკეთის მომტანი არ არის.
კონსტიტუციიდან გადასახადის გაზრდაზე რეფერენდუმის გაუქმება კი არა, საერთოდ რეფერენდუმების ინსტიტუტი უნდა აღდგეს. დღევანდელი ჩანაწერი, რომ რეფერენდუმი ვერ შედგება, რადგან ჩვენი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, ეს შესანიშნავი თავშესაფარია ნებისმიერი უზნეო ხელისუფლებისთვის.
ეს ცვლილება ხომ ხელისუფლების სათავეში მყოფ პირებს კი არა, არამედ საშუალო ფენას დააწვება და თურმე უნდა მოიხსნას ტომრის თავი და ვისაც კი სადმე რამე შემორჩენია, გადასახადებში უნდა გადაიხადოს.
"რ": გამოდის, რომ ხელისუფლება სამუშაო ადგილებს ვერ ქმნის და ბიუჯეტის შესავსებად ვინც დასაქმებულია მათ გაძარცვას გეგმავს?
ს.ც: არგუმენტების გარეშე მხოლოდ სადღეგრძელოს წარმოთქმა შეიძლება. ეს ცალკე ნასროლი ფრაზა ძალიან დიდ დადასტურებას საჭიროებს და ნახევარ წელიწადში ამას ვერც მოიაზრებენ და ვერც არგუმენტებით შესძენენ ნდობას. ამიტომ ეს თემა მახსენებს ნაცნობ პრიმიტიულ ფრაზას - ბიძია, დამეხმარე.
გარდა ამისა, ჩემთვის რაც არ უნდა გულდასაწყვეტი იყოს და რაც არ უნდა სიმპათიებით ვიყო განმსჭვალული პრემიერ-მინისტრის მიმართ, მისი მზაობა სახელმწიფოს ძარცვის, ჩემთვის გამაოგნებელია. ვგულისხმობ ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე გაჟღერებულ პროექტს - სტრატეგიული გაზსადენისა და საქართველოს რკინიგზის 25%-იანი წილების გასხვისებაზე. რა უნდა მოიმოქმედოს ჩვენმა შთამომავლობამ, რომელსაც ასეთი დაუფიქრებელი ნაბიჯის შედეგად ხელში გეოპოლიტიკური უპირატესობების ჩონჩხი შერჩება. როგორ გგონიათ, "გაზპრომი" რაიმეს 25%-ს დაყაბულდება? ის მაინც გვითხრან, "გაზპრომთან" გაზსადენის წილების მიყიდვა განიხილება თუ არა. თუ ესეც სახელმწიფო საიდუმლო აღმოჩნდება, კიდევ უფრო უაღრესად ყოფილა საქმე, ვიდრე წარმოგვიდგენია.
"რ": "ოცნებამ" წარმოადგინა კანონპროექტი, რომლითაც ფარულ მოსმენებზე ახალ საზედამხედველო უწყება უნდა შეიქმნას და ის სუს-თან იქნება ანგარიშვალდებული, რაც სამოქალაქო სექტორის და ექსპერტების დიდ კრიტიკას იწვევს. მესამე სექტორი დამოუკიდებელი ორგანოს შექმნას ითხოვდა, რომელიც ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე იქნებოდა. "ოცნება" ფარული მოსმენების კონტროლს ვერ თმობს?
ს.ც: შთაბეჭდილება რჩება, რომ ხელისუფლება საკუთარ ხალხს უყურებს ისე, როგორც გონებაჩლუნგებს. ამის დამადასტურებელი ჩემთვის ოცნებისშეთავაზებაა, რომფარული მოსმენების პრობლემებს მოგვარება თურმე დამოუკიდებელი სუბიექტის მიერ მოხდება, რომელიც სუს-ზე (უსაფრთხოებისსამსახურზე) იქნებადამოკიდებული.
მიამიტი ჩვენში ბევრია, მაგრამ დეგენერატი -ძალიანცოტა. ვისზეა გათვლილი ეს, ჩემთვის გაუგებარია. წლების განმავლობაში ვერაფერს ვიგებთ, ფარულ მიყურადებაზე რა გამოიძია ვინმემ, ვინ დაისაჯა და თუ დაისაჯა - რატომ. ახლა კი თურმე სუს-სი ჩამოშორდება ამ საკითხს, მაგრამ შეიქმნება დამოუკიდებელი "სუსი-კო". სუს-ი და "სუსი-კო" მალე ერთი და იგივე ცნება იქნება.
"რ": ის, რომ "ოცნების" გეგმაა, მაჟორიტარული სისტემა არ გააუქმოს, პრეზიდენტიც თავად აირჩიოს და მოსახლეობას გადასახადები კიდევ უფრო მოუმატოს, გაზპრომთანაც წამგებიან ხელშეკრულებას ჩვენი იგნორირებით მოაწერა ხელი - ამგვარი ნაბიჯები ხალხში პროტესტს არ გამოიწვევს?
ს.ც: ჯერ არ დამდგარა ისეთი აქციების დრო, რომელიც რაიმე სერიოზულ ნიშანს დაატყობდა დღეს არსებულ ნაკლებად მიმზიდველ რეალობას. მოთმინების ფიალა შეიძლება აივსოს იმ შემთხვევაში, თუ ისევ ისეთი ხერხები იქნა გამოყენებული ადგილობრივი არჩევნებისას, რასაც საპარლამენტო არჩევნებში ჰქონდა და დარწმუნდებიან, რომ სუს-ი, რაც არ უნდა გასუსული იყოს, მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის წარმატებისთვის არის აქტიურად ჩართული. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, აქტიურობა ვიხილოთ და არ გამოვრიცხავ, მოთხოვნებში ცესკოს თავმჯდომარის შეცვლაც გაჟღერდეს.