"ჩვენს ქვეყანაში საქმის წარმოებას ჰქვია "მიმდინარეობს გამოძიება". შემდეგ გამოვა, რომელიმე თანამდებობის პირი და იტყვის, "აყვანილია პირად კონტროლზე". პირდაპირ დადასტურებულად გეუბნებით, ტესტების გაცემაში მონაწლეობა მიღებული აქვს ნინო გვენეტაძეს, ლევან მურუსიძეს და კიდევ ბევრ ადამიანს - მათი კანდიდატებია გაყვანილი. ეს ჩემი შიდა გამოძიებით მივაკვლიე", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი, რომელმაც თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით სააპელაციო დავაც წააგო.
მამუკა ახვლედიანი: პრინციპში, სხვა მოლოდინი არც მქონია, იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა დაედანაშაულებინათ იუსტიციის უმაღლესი საბჭო. იცნობთ ისეთ მოსამართლეს, ვინც ამას გაბედავს?! სხვა შემთხვევაში გამოდიოდა, რომ არა უფლებამოსილი პირის მიერ ვიყავი გათავისუფლებული, რაც შესაბამისად გამოიწვევდა საქმის გამოძიებას და იმაზე საუბარს, რომ საბჭომ თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარი პრობლემა მამუკა ახვლედიანთან არ არის. არ მაქვს სურვილი ამ ტიპის სასამართლო სისტემაში ვმუშაობდე და ამას არც აღდგენის შემთხვევაში ვაპირებ. არ დავბრუნდები მანამ, სანამ სისტემურად არ იქნება პრობლემა აღმოფხვრილი.
პრობლემა არის სასამართლო რეფომის პირველი, მეორე და მესამე ტალღები. პირველმა გამოიწვია ის საბჭო, რაც დღეს მოქმედებს, მეორემ გამოიწვია ის მახინჯი სისტემა, რაც მოქმედებს და მესამე ტალღა - ეს ყველაფერი არის საბოლოო დადასტურება "გაპრავება" ყველაფერ ამისი, სამუდამოდ დანიშვნის ფორმტაში. ამას კოსმეტიკური საკითხები არ შველის ამას სჭირდება სისტემური ცვლილებები.
რაც შეეხება ჩემს საკითხს, უბრალოდ იმიტომ მივყვები ამას პროცედურულად, რომ სასამართლოს თავმჯდომარემ თუ არ დაიცვა თავის უფლებები და არ მიჰყვა სტრაბურგამდე, აბა ვინ უნდა დაიცვას?!
კიდევ ერთხელ ვაჩვენებ სახეს ამ ადამიანებისას როგორ ექცევიან ნებისმიერ მოსამართლეს და განსხავებულ აზრს.
"რეზონანსი": ანუ სამართლებრივ დავას ბოლომდე გააგრძელებთ?
მ.ა: აუცილებლად, ჯერ უზენაესში და შემდეგ სტრასბურგში. დარწმუნებული ვარ ამისთვის საქართველოს თანხაც დაეკისრება და დღესვე ვუცხადებ სუყველას, რომ კატეგორიულად მოვითხოვ ეს თანხმები, რომელიც სახელმწიფოს დაეკისრება, ანაზღაურონ იმ ადამიანებმა, ვინც ეს ჩაიდინა. ვგულისხმობ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს გვენეტაძეს, მურუსიძეს და მოქმედი იუსტიციის საბჭოს წევრებს, რომლმებაც ჩემი საკითხის გადაწყვეტაში მიიღეს მონაწილეობა. ყველამ უნდა აგოს პასუხი - ეს არის უფლებამოსილების გადამატება. ამ მუხლით სასჯელს უამრავი ადამიანი იხდის და მათ შორის ესენიც უნდა იხდიდნენ უკვე სასჯელს ჩემი აზრით.
"რ": ზოგადად სააპელაციო სასამართლოში თუ შეძლებით თქვენი უდანაშაულობის დასამტკიცებლად შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა?
მ.ა: აი, ეს არის ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა - არაფერი არ მაქვს დასამტკიცებელი. მათ არც კი წარმოუდგენიათ, რაში მდებენ ბრალს. ჯერ მოვისმინე გენერატორი არ ჩაირთო, მერე ვითომ ჩემი გამოსვლით ეთიკა დავარღვიე. თქვენ წარმოიდგინეთ ამხელა სასამართლოში ჩემი პოზიციის დაფიქსირების საშუალება არ მომეცა. ვერ ვხდები უბრალოდ არგუმენტები რაზე გავაკეთო, რა დოკუმენტები უნდა წარვადგინო. რეალური ბრალდება პირადად მე ვერაფერი დავინახე.
"რ": თავის დროზე თქვენ მოსამართლეები მენეჯმენტურ პრობლემაში და ცუდ მართვაში გადანაშაულებდნენ, მათ შორის მივლინებებში ხშირად სიარულს...
მ.ა: ამას ამბობს რამდენიმე მოსამართლე. პირველივე დღიდანვე მოსამართლეებს ამოჰქონდათ "ქსივები", რომ გადაწყვეტილებები შეეთანხმებინათ სასამართლოს თავმჯდომარესთან. ერთადერთი, რაც გავაკეთე, ვუთხარი, რომ პასუხისმგებლობა იქნება თქვენზე და არა სასამართლოს თავმჯდომარეზე. მე არ შემითანხმოთ გადაწყვეტილებები ეს თქვენი გადასაწყვეტია.
რაც შეეხება მივლინებებს, 20 დღე ვიყავი მივლინებაში. მიწვევას საბჭო ამტკიცებს და ესენი მიშვებენ. ახლა თქვენ შეგიძლიათ ხარჯებით დაინტერესდეთ ჩემი და ახალი თავჯდომარის და ნახავთ, რომ ნახევარი მილიონით მეტს იხდის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე.
შუბლის ძარღვი ამ ადამიანებს ეტყობა დაბადებიდან არ აქვთ, თორემ შემდეგ გაწყვეტილებს ეტყობათ მაინც. ყველაფრის თქმა შეუძლიათ. და რა გავაკეთო ახლა რა არგუმენტაცია წარვადგინო მივლინებაში არ ვყოფილიყავი?! მოწვევა მოდის საბჭოში და შემდეგ თვითონ საბჭო მიშვებდა ამა თუ იმ მივილენებაში. მე ფიზიკურად ვერ მივიღებ ამ გადაწყვეტილებას.
უამრავი შიდა მივლინება მქონდა, რომ გამემართა მენეჯმენტი. შექმნილი მაქვს ელექტრონული სისტემა.
"რ": რაც შეეხება თქვენ სკანდალურ განცხადებას ე.წ შპარგალკებთან დაკავშირებით. რა ეტაპზე გამოძიება თუ გაქვთ რამე კონკრეტული ინფორმაცია?
მ.ა: არაფერი ხდება. სწორედ ეს არის პრობლემა - ადამიანებს შეუძლიათ ყველაფერი დააშავონ გააკეთონ. სად არის გამოძიება, რომელიც დაიწყო?! ჩვენს ქვეყანაში საქმის წარმოებას ქვია "მიმდინარეობს გამოძიება". შემდეგ გამოვა, რომელიმე თანამდებობის პირი და იტყვის, "აყვანილია პირად კონტროლზე". პირდაპირ დადასტურებულად გეუბნებით, ტესტების გაცემაში მონაწლეობა მიღებული აქვს ნინო გვენეტაძეს, ლევან მურუსიძეს და კიდევ ბევერ ადამიანს - მათი კანდიდატებია გაყვანილი. ეს ჩემი შიდა გამოძიებით მივაკვლიე. ამას სჭირდება სულ 3-4 დღე და ხომ ხედავთ, რამდენი დრო გავიდა ამ გამოძიებაზე კაციშვილს არაფერი უთქვამს - იუსტიციის უმაღლესო საბჭოს მდივანი თვითონ ატარებს მოკვლევას და, რაც ჩათვალა, საჭიროდ ის მასალები გაუგზავნა, ჩემი აზრით, პროკურატურას.