სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად დაზარალებული მეწარმეები, შენობაში შესვლას ითხოვენ. ვერცხლის ნაკეთობებზე მოვაჭრეები, საკუთარი ნივთების გამოტანას აპირებენ, თუმცა ამბობენ, რომ ძვირფასეულობა დიდი ალბათობით განადგურებულია.
როგორც მეწარმეები აღნიშნავენ, ისინი დახლებზე ინახებოდა და სპეციალურ საცავში გადატანილი არ იყო. მოვაჭრეები დახმარებას და ზარალის ანაზღაურებას, ხელისუფლებისგან და შენობის ადმინისტრაციისგან ითხოვენ.
სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოიჯარეებთან ჯერ არ მისულან. დაზარალებულები მათ მოსვლას ელოდებიან და შენობაში შესვლას შემდეგ შეძლებენ.
სავაჭრო ცენტრის დირექტორი, ხანძრის ხელოვნურად გაჩენას არ გამორიცხავს. გიორგი მაჭავარიანის თქმით, ელექტროენერგია მაღაზიების დახურვის შემდეგ ითიშებოდა და ცეცხლი ამ გზით ვერ გაჩნდებოდა. ადმინისტრაციის წარმომადგენელი გამოძიების დასრულებას ელოდება.
სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში", ხანძარი 30 იანვარს, ღამით გაჩნდა. ხანძრის შედეგად, შენობა სრულად არის განადგურებული.