საქართველოში ყოველი მესამე ოჯახი სრულფასოვნად ვერ იკვებება. მათ რაციონში ყოველდღე ერთი და იგივე საკვები შედის, რის გამოც არ მათ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ამის მთავარი მიზეზი, რასაკვირველია, უსახსრობაა. საქართველოში მხოლოდ შეძლებული ოჯახები ახერხებენ ასე თუ ისე სრულფასოვან კვებას. საშუალო ფენას კი, რომ აღარაფერი ვთქვთ ღარიბებზე, ამის შესაძლებლობა არ გააჩნიათ.
ორგანიზაცია "ოქსფამი" საქართველოში ეროვნული კვების 2016 წლის მონაცემებს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, გამოკითხული ოჯახების უმრავლესობა (58%) განიცდის რომელიმე ჯგუფის სურსათის ნაკლებობას. განსაკუთრებით ხშირია ხორცის დეფიციტი. სურსათზე მიუწვდომლობის მთავარი მიზეზი რთული სოციალური და ეკონომიკური პირობებია.
ოჯახებში ყველაზე ხშირად სამ კერძს მოიხმარენ: შემწვარი კარტოფილი, ლობიო, აჯაფსანდალი. ხილი და ხორცი ხელმისაწვდომია მხოლოდ გამოკითხული მაღალშემოსავლიანი ოჯახების უმრავლესობისთვის. მარტოხელა პენსიონერების ოჯახში რკინით მდიდარი პროდუქტების მოხმარება ძალიან დაბალია და 24%-ს შეადგენს.
"ოქსფამის" კვლევის მიხედვით, საქართველოში ოჯახის საშუალო შემოსავალი შეადგენს 575 ლარს და თითქმის ნახევარი იხარჯება საკვებზე. დაბალშემოსავლიანი ოჯახები სურსათის შესაძენად ხარჯავენ შემოსავლის დაახლოებით 65%-ს, ხოლო მაღალშემოსავლიანები - 35%-ს.
გამოკითხვის შედეგად დადასტურდა, რომ ძალიან ბევრი ოჯახი საქართველოში დრო და დრო კრედიტით ყიდულობს საკვებს. აქვე საყურადღებოა, რომ გამოკითხული ოჯახების ნახევარზე მეტის ყოველთვიური ხარჯი, შარშანდელთან შედარებით გაიზარდა, მაგრამ უმეტესობის შემოსავალი დარჩა იგივე. ყოველ მესამე ოჯახს საქართველოში არ აქვს საკმარისი ფული სურსათის შესაძენად.
რესპოდენტების 20% აღნიშნავს, რომ მათ ოჯახებში ყოფილა საკვებით მოწამვლის ფაქტი და გამოკითხულთა მხოლოდ 29% მიიჩნევს, რომ ისინი ჯანსაღად იკვებებიან.
სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი, პროფესორი შოთა ჩხეიძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის ნაწილს ელემენტარული კვების პრობლემა აქვს. ოჯახები ვერ ახერხებენ მათთვის აუცილებელი პროდუქტის შეძენას, რადგან ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა.
"მოსახლეობა ნამდვილად არასრულფასოვნად იკვებება. ცილოვანი პროდუქცია, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის და ჯანმრთელობისთვის აუცილებელია (ნებისმიერი უჯრედი ცილისგან შედგება და ორგანიზმიც ყოველდღიურად მოითხოვს საკვების სახით მის მიღებას), უმრავლესობისთვის მიუწვდომელია. დღესდღეობით ხალხს ამის საშუალება ნამდვილად არ აქვს. ისინი 2,5-ჯერ და ზოგ შემთხვევაში 3-ჯერ ნაკლებ ცილებს იღებენ, ვიდრე ფიზიოლოგიური ნორმებითაა გათვალისწინებული. ამ ნივთიერებების დეფიციტს კი პურით იკმაყოფილებენ.
ნორმალურ ქვეყნებში, სადაც სრულფასოვნად იკვებებიან, პური ადამიანთა რაციონის 12-15%-ს შეადგენს. საქართველოში ეს მაჩვენებელი 60-65%-მდეა. ხორბალი მდიდარია ვიტამინებით, მაგრამ გაცრის შემდეგ, როდესაც ფქვილს ვიღებთ, კარგავს ყველანაირ ვიტამინსა და მიკროელემენტს.
ის, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ იკვებება სრულფასოვნად, ეს არის სიდუხჭირის ბრალი. მათ არ აქვთ ფული შეიძინონ სასურველი პროდუქტი. ხალხს ბანკის კრედიტები ახრჩობს და ხშირად საკვების შესაძენად სულაც არ რჩებათ თანხა. ეს მდგომარეობა საქართველოში წლებია გრძელდება და სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა", - განაცხადა შოთა ჩხეიძემ.
"რეზონანსის" გამოკითხულთა უმრავლესობა ადასტურებს, რომ ისინი ვერ ახერხებენ სრულფასოვნად კვებას. მაგალითად, თბილისელ ნანა გულიაშვილის ამაში ხელს ფინანსური პრობლემები უშლის. მისი ოჯახის გასავალი შემოსავალზე ბევრად მეტია, ამიტომ მუდმივად თვიდან თვემდე თავის გატანას ძლივს ახერხებს.
"ოჯახში ხუთნი ვართ, მათ შორის, ერთი პენსიონერი. სისტემატურად მხოლოდ ჩემი მეუღლე მუშაობს. მე თვეში მხოლოდ 2-3 დღე ვმუშაობ, როდესაც გამოძახება მაქვს. ამის გამო ვერ ვახერხებთ ნორმალურად კვებას. ადამიანის ორგანიზმს ყველანაირი საკვები სჭირდება, განსაკუთრებით ცილოვანი პროდუქტები. ჩვენ ამის შესაძლებლობა, უფულობის გამო, არ გვაქვს. ხორცს რომ თვეში ორჯერ მეტად ვერ იყიდი, ისიც ძალიან მცირე ოდენობით, ეს არ არის ნორმალური.
ჩემს ოჯახს გასავალი შემოსავალზე სამჯერ მეტი აქვს და ასეა კიდევ უამრავი ოჯახი საქართველოში. ამას სიღარიბე კი არა, სიღატაკე ჰქვია. გამოსავალიც კი არ ჩანს, რომ იმედი გვქონდეს რამის", - აღნიშნა გულიაშვილმა.
სპეციალისტების ნათქვამს ადასტურებენ თბილისის მაღაზიებშიც, რომლებსაც გასაყიდი ყველა სახის პროდუქტი აქვთ, თუმცა ყოველდღიურად ერთი და იმავე საქონლის რეალიზება უწევთ. ნაძალადევში მდებარე მარკეტის მეპატრონის გია შავლაძის თქმით, სურსათის მრავალმხრივი არჩევანის მიუხედავად ხალხი, ყოველდღიური მოხმარებისთვის ხალხი მუდმივად ერთსა და იმავე პროდუქტს ყიდულობს. რეალიზაციის მხრივ პირველ ადგილზე პურია.
"საკმაოდ ხალხმრავალ უბანში მაღაზია მაქვს, სადაც თითქმის ყველაფერს ვყიდი, ხილ-ბოსტნეულსა და ხორცსაც კი. მარკეტში არჩევანი მრავალღეროვანია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხალხი ყოველდღიური მოხმარებისთვის სულ რამდენიმე დასახელების პროდუქტს ყიდულობს. პირველ რიგში პური იყიდება, შემდეგ კარტოფილი მოდის, კვერცხსაც ხშირად ყიდულობენ. იშვიათად იძენენ ხორცს და ხილს. ბევრს მათი ყოველდღიურად შეძენის საშუალება არ აქვს და მხოლოდ იმას ჯერდება, რაც საარსებოდ აუცილებელია", - განუცხადა "რეზონანსს" გია შავლაძემ.
ანალოგიური მდგომარეობაა იმ ობიექტებში, რომლებიც ხორცპროდუქტებით ვაჭრობენ. "რეზონანსთან" საუბრისას რეალიზატორი მიშა ჯოჯუა აღნიშნავს, რომ ხორცის გაყიდვის მაჩვენებელი ბოლო 2 წლის განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა, რაც მოსახლეობის უარყოფით ფინანსურ მდგომარეობაზე მიუთითებს.
"რამდენიმე წელია ვვაჭრობ. ხორცს ვყიდი და მინდა გითხრათ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში გაყიდვების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. მყიდველების სეგმენტი ერთი და იგივეა, იშვიათად რომ სხვა კლიენტიც შემოემატოს. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მოსახლეობას საშინლად უჭირს. გართობაზე კი არ მაქვს საუბარი, სხვა მეორეხარისხოვანი საქონლის შეძენაზე. ისინი ელემენტარულად იმ საჭმლის ყიდვას ვერ ახერხებენ, რომელიც მათი ჯანმრთელობისათვის აუცილებელია", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ჯოჯუამ.