მთავრობის საგადასახადო პოლიტიკა მოსახლეობის გაღარიბებას გამოიწვევს. იმის ნაცვლად, რომ გადასახადები შეამცირონ და შეჭირვებულ მოქალაქეებს მდგომარეობა შეუმსუბუქონ, ხელისუფლება მის გაზრდას ცდილობს. ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა პოზიცია კონსტიტუციიდან იმ ჩანაწერის ამოღების შესახებ, რომელიც გადასახადების გაზრდის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს.
დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ორი წინადადება წარუდგინა. მისი აზრით, გადასახადების გაზრდის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ჩანაწერი სახელმწიფოს რადიკალურად ასუსტებს და პარლამენტს შესაძლებლობას არ აძლევს, რომ წარმომადგენლობითი ფუნქცია შეასრულოს.
"ქვეყანამ ეს ვითარება რადიკალურად თუ არ შეცვალა, მუდმივად ორიენტირებული იქნება არა განვითარებაზე, არამედ გადარჩენაზე. ჩვენ რადიკალური ცვლილებები, გარღვევა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გჭირდება. ეს ყველაფერი რომ განხორციელდეს, სახელმწიფოს შესაბამისი ინსტრუმენტები უნდა ჰქონდეს", - აცხადებს ჟორჟოლიანი, რომლის ინიციატივასაც ოპონენტებში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.
სპეციალისტების შეფასებით, ქვეყნის საგადასახადო სისტემა უნდა იცვლებოდეს იმის შესაბამისად, როგორი ეკონომიკური განვითარების დონეც არის ქვეყანაში. როგორც თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე აღნიშნავს, დღეს არსებული კოდექსი შეძლებულ ფენაზეა მორგებული, რის სანაცვლოდაც მოსახლეობის 80%-ზე მეტს საგადასახადო ტვირთი დაუმძიმდა.
"გადასახადების დაუსაბუთებლად ზრდა არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. თუკი დაბალია ეკონომიკური ზრდა, გადასახადების მაჩვენებელიც შესაბამისია. ხელაღებით არ ხდება ამ ტვირთის დამძიმება მოსახლეობისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის ძალიან მძიმე ტვირთი. ამიტომაა, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკა 70%-ზე მეტია. ასე იქნება ყოველთვის, თუკი გადასახადების ოპტიმიზაციას არ მოახდენენ. ვისაც დიდი შემოსავალი აქვს, ისინი მაღალი საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრებიან. გამოდის, რომ კანონი მოსახლეობის 15-20%-ზე არის მორგებული.
ცნობილი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიშერი ჯერ კიდევ 2000 წელს გვეუბნებოდა: "ორჯერ შეამცირეთ საგადასახადო ტვირთი და სამჯერ გაგეზრდებათ საგადასახადო შემოსავლები". ჩვენი პრობლემა სწორედ მაღალი საგადასახადო ტვირთია. აქციზის გადასახადი გაზარდეს, ავანსი დაბეგრეს დღგ-თი, რითაც კიდევ უფრო დაამძიმეს მდგომარეობა. სულ ასე იქნება, სანამ საქართველოში საგადასახადო პოლიტიკა არ შეიცვლება", - აცხადებს საკანდელიძე.
ცხოვრების დონის გაუარესებაზე საუბრობს ექსპერტი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში პაატა აროშიძე. ის არ მალავას, რომ მთავრობის საგადასახადო პოლიტიკით უკმაყოფილოა.
"რეფერენდუმის ჩატარება მთავრობისთვის ხელსაყრელი მექანიზმი ვერ იქნება, რადგან ამ გზით გადასახადების ზრდას არც ერთი მოქალაქე არ დაუჭერს მხარს. ამიტომ წინასწარ ცნობილია, რომ ამ მეთოდით მთავრობა გადასახადებს ვერ გაზრდის.
წინა ხელისუფლების დროს დაუსაბუთებლად მოხდა საშემოსავლო გადასახადების ზრდა 12-დან 20%-მდე. ჩვენთვის მთავარია, რა საშუალება ეძლევა გადასახადების გადამხდელს და არა ის, დღგ 18% იქნება, თუ - 20%.
საგადასახადო პოლიტიკაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ნებისმიერი გადასახადის ზრდა ამძიმებს გადასახადის გადამხდელის მდგომარეობას და ცხოვრების დონეს აუარესებს. დაუსაბუთებლად არსად ხდება გადასახადების ზრდა. საამისოდ საქართველოს მთავრობას არც ეკონომიკური და არც სოციალური საფუძველი არ აქვს", - აცხადებს ექსპერტი.
შექმნილი აჟიატაჟის გამო, მთავრობას სასწრაფოდ მოუწია განმარტების გაკეთება. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ქვეყანაში გადასახადების გაზრდა არ იგეგმება.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციაა, რომ კონსტიტუციით მოქმედი ნორმები სრულ თანხვედრაშია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან და მის შეცვლას სახელისუფლებო გუნდი არ განიხილავს. ერთადერთი ცვლილება, შესაძლოა, შეეხოს ჩანაწერს საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით, რომ ის არ ჩაითვალოს ახალ გადასახადად", - აცხადებენ პრემიერის აპარატში.