"ვიზალიბერალიციის შემდეგ რუსეთი იძულებული იქნება ევროკავშირთან შეჯიბრობითობის პრინციპში ჩაერთოს. ის თვლის, რომ საქართველოს საგარეო ვექტორების შეცვლის შანსი ჯერ კიდევ არსებობს", - ასე აფასებს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, საქართველოსთან მიმართებით რუსეთის მოსალოდნელ ნაბიჯებს.
მისი შეფასებით, შესაძლოა რუსეთმა სავიზო რეჟიმის გამარტივებაც მოისურვოს, რადგან საქართველსთან ე.წ ხელის გადაგრეხის პოლიტიკით მას არაფერი გამოუვიდა.
კორნელი კაკაჩია: რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა არსებობს. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთს, მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველსთან ბევრი შესაძლებლობა არ აქვს.
მისმა ემბარგომ და 2008 წლის შემდეგ გატარებულმა პოლიტიკამ, რეალურად არ გამოიღო ის შედეგი, რასაც რუსეთის ხელისუფლება ელოდა. ე.წ ხელის გადაგრეხამ არ გაამართლა და ახლა ის იძულებულია, დაყვავების პოლიტიკით, უფრო ეკომიკის, თუ სავიზო რეჟიმების გამარტივებით მოიგოს ჩვენი საზოგადოების გული.
მითუმეტეს, ვიზალიბერალიციის შემდეგ ის იძულებული იქნება ევროკავშირთან შეჯიბრობითობის პრინციპში ჩაერთოს. რუსეთი თვლის, რომ საქართველოს საგარეო ვექტორების შეცვლის შანსი ჯერ კვლავ არსებობს.
"რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკებებისთვის მზად არის?
კ.კ: აქ ძალიან წინააღმდეგობრივი ინფორმაციები ვრცელდება და ბოლომდე გაურკვეველია რა ხდება. იმიტომ, რომ თუ რუსული მხარის ინფორმაციას დავეყრდნობით და ამასთანავე, საქართველოს სპეციალური წარმომადგენლის განცხადებებს, ისინი ან ცუდად გებულობენ, ან კომუნიკაციასთან არის პრობლემები.
რუსული მედიის ცნობით, თითქოს საქართველო დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე თანახმაა და ამისთვის აბაშიძის კომენტარიც მოიშველიეს.
ეს არის ის, რაც რეალურად რუსეთს უნდა, რომ საქართველო რაღაცნაირად შეიტყუოს ამ სცენარში და ურთიერთობების აღდგენისკენ ჩვენმა ქვეყანამ გადადგას პირველი ნაბიჯი. თან ისე, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება რუსეთს შერჩეს.
ეს წარმოუდგენელია, რადგან არა თუ აბაშიძის მანდატში არ შედის, არამედ საქართველოს ხელისუფლებასაც გაუჭირდება ასეთი რამის გაკეთება, რადგან ამან ქვეყნის შიგნით შეიძლება ძალინ სერიოზული დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, მათ შორის, რეჟიმის შეცვლაც კი.
ბუნებრივია, ეს კარგად ესმის ხელისუფლებასც და იმ საექსპერტო წრეებსაც, ვინც ამაში ჩართულნი არიან. მე იმედი მაქვს, რომ რუსული პრესის და ხელისუფლების თვითშემოქმედებასთან გვაქვს საქმე და ეს არ არის ოფიციალურად ქართული მხარის პოზიცია. განსაკუთრებით იმის იმედი მაქვს, რომ ეს არ არის აბაშიძე-კარასინის ფორმატში კულუარი მოლაპარაკებების საგანი.
"რ": როგორ ფიქრობთ, აბაშიძე-კარასინის ფორმატი შესაცვლელია? ქვეყნების პირველი პირების შეხვედრა უფრო შედეგიანი ხომ არ იქნება?
კ.კ: ამ ეტაპზე, მე ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. შეხვედრა შეხვედრისთვის არაფრის მომცემი არ არის. იმისთვის, რომ შეხვედრა შედგეს, წინამოსამზადებელი სამუშაოები ჩატარებული უნდა იყოს.
ეს ნიშნავს, რომ მაგალითად, რუსეთის მხარე მზად უნდა იყოს, რომ მინიმუმ თავისი ე.წ წარმომადგენლები სამხრეთ ოსეთიდან გაიწვიოს და ამის შემდეგ უკვე შეიძლება საქართველოს მხრიდან რაღაც კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმა.
მაგრამ, როგორც რუსეთის წარმომადგენლების განცხადებებიდან ჩანს, ასეთი რამ, არ იგეგმება. ბუნებრივია, ამ პირობებში, საქართველოს მხრიდან ხვეწნა იმაზე, რომ სავიზო რეჟიმი რუსეთმა გააუქმოს, არამომგებიანია და ეს არამგონია, ქართულ მხარეს სჭირდებოდეს. ეს ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის არ არის.
"რ": რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო-რუსეთს შორის მოლაპარაკებების დაწყება?
კ.კ: ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ თუ ჩვენს გეოპოლიტიკურ კონტექსტს გავითვალისწინებთ, ამისთვის წინაპირობები არ არსებობს.
ამ ეტაპზე, მოლაპარაკების წარმოება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ორივე მხარიდან იქნებოდა მზაობა, დღევანდელი გეოპოლიტიკური კონტექსტი არ უწყობს ამას ხელს და ასეთი ნაბიჯის გადადგმამ შეიძლება საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის და უსაფრთხოებისთვის გარკვეული რისკები შექმნას.