საქართველოს ვიზალიბერალიზაცია, წესით, რუსეთისთვის სტიმული უნდა იყოს, რომ ჩვენთან მანაც უვიზო მიმოსვლა დააწესოს - ასეთია ქართველი ექპერტების მოსაზრება ვიზალიბერალიზაციის დაწესების შემდეგ ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაზე.
მათი აზრით, რუსეთის მიერ აქამდე წარმოებულმა პოლიტიკამ, მისთვის სასურველი შედეგი არ გამოიღო და ახლა შეეცდება ე.წ დაყვავების პოლიტიკა აწარმოოს, ასევე "ევროკავშირთან შეჯიბრობითის პრინციპში ჩაერთოს".
პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ რუსეთი ქართული საზოგადოების გულის მოგებას შესაძლოა უვიზო რეჟიმის დაწესებით შეეცადოს.
"იმ პოლიტიკამ, რომელსაც რუსეთი 2008 წლის შემდეგ აწარმოებს, რეალურად არ გამოიღო ის შედეგი, რასაც ელოდა. ე.წ.-მა ხელის გადაგრეხამ არ გაამართლა და ახლა ის იძულებულია, დაყვავების პოლიტიკით, უფრო ეკონომიკის, თუ სავიზო რეჟიმების გამარტივებით და მსგავსი გზებით, მოიგოს ჩვენი საზოგადოების გული.
"მით უმეტეს, ვიზალიბერალიციის შემდეგ ის იძულებული იქნება, ევროკავშირთან შეჯიბრობითობის პრინციპში ჩაერთოს. რუსეთი თვლის, რომ საქართველოს საგარეო ვექტორების შეცვლის შანსი ჯერ კიდევ არსებობს", - ამბობს კორნელი კაკაჩია.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ წესით, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის სურვილი რუსეთმაც უნდა გამოთქვას, რადგან ეს მის ინტერესებშიც შედის.
"საქართველოს ვიზალიბერალიზაცია, წესით, რუსეთისთვის სტიმული უნდა იყოს, რომ ჩვენთან მანაც უვიზო მიმოსვლა დააწესოს. ლოგიკური განვითარებით, ეს მოსალოდნელია. თუმცა, რუსეთის ხელმძღვანელობას ხშირად ავისი ლოგიკა აქვს, ამიტომ დაზუსტებით აქ არაფრის თქმა არ შეიძლება.
"ისე კი, ყველა მონაცემებით, რუსეთმა სავიზო რეჟიმი უნდა გააუქმოს, რომ მეტი ურთიერთობა და კავშირები იყოს, რაც მოსკოვის ინტერესბეშიც არის", - ამბობს სოსო სინცაძე, თუმცა აღნიშნავს, რომ რას ფიქრობს რუსეთი და კონკრეტულად რა გეგმები აქვს, ამის დაზუსტებით თქმა შეუძლებელია.
სოსო ცინცაძის შეფასებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა იმ დონეზე მომწიფებულია, რომ მაღალი რანგის პირებს შორის შეხვედრა შედგეს.
"მე ვფიქრობ, ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა იმ დონეზე მომწიფებული არის, რომ მაღალი რანგის პირებს შორის შეხვედრა შედგეს. თუმცა, ქვეყნის შიდა მოვლენათა განვითარება, პოლიტიკური პროცესები, ოპოზიციის როლი, ამ მხრივ ცოტა მუხრუჭია.
"პოზიცია, რომ არავითარი კონტაქტები და მოლაპარაკებები რუსეთთან, რადგან ისინი მაინც მოგვატყუებენ, ეს დიპლომატია არ არის, ეს იდეოლოგიაა და სადაც დიპლომატიის იდეოლოგიით ჩანაცვლება ხდება, იქ უკვე "აჭრილი" სიტუაცია გამოდის", - აცხადებს სოსო ცინცაძე და აღნიშნავს, რომ ამ ვითარებაში, საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკებებზე წამსვლელი ნაკლებად არის.
"მე ვეჭვობ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ახლა გაბედოს და ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაში გარღვევა მოახდინოს. არამგონია, რომ რუსეთთან უმაღლეს დონეზე დაიწყოს მოლაპარაკებები. ვფიქრობ, კარასინ-აბაშიძის "ფლირტი" კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება", - ამბობს სოსო ცინცაძე.
რაც შეეხება მოლაპარაკებების შედეგს, როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, ეს ყოველთვის დიპლომატიურ ხელოვნებასა და მომზადების დონეზეა დამოკიდებული.
"შედეგი ყოველთვის დიპლომატურ ხელოვნებაზეა დამოკიდებული. ამიტომ, წინასწარ იმის თქმა, რომ შეხვედრას აზრი არ აქვს, რადგან აქ მაინც არაფერი გამოვა, არასწორია. დიპლომატიის ისტორიაში მრავალი შეხვედრა ყოფილა, როდესაც არავინ ელოდა და შედეგი იყო.
"გააჩნია, შეხვედრაზე შენ რა განწყობით მიდიხარ, რამდენად ძლიერი პოზიციები გაქვს და არჩევანის საშუალება გაქვს, თუ არა. შენ თუ შეხვედრაზე მხოლოდ ერთი ვარიანტით მიდიხარ და ალტერნატივა თვითონაც არ გაგაჩნია, რა თქმა უნდა, ეს შეხვედრა უკვე წინასწარ განწირულია.
"სიმართლე გითხრათ, ჩვენი მხრიდან ამ დონის მომლაპარაკებლებს ვერ ვხედავ. მომზადება სჭირდება ყველაფერს. დღეს რომ გადაწყდეს შეხვედრა, ხვალ ადგნენ და წავიდნენ, ეს არ გამოვა. შეხვედრებისთვის თვეობით მომზადებაა საჭირო და ამ მოსამზადებელ სამუშაოებს მე ვერ ვხედავ.
"ამიტომ, ახლა შეხვედრა, ეს აბსულუტურად მოუმზადებელი და არაფრის მომცემი იქნება", - აცხადებს სოსო ცინცაძე. როგორც ის აღნიშნავს, აქ მთავარია პოლიტიკური ნება, რომელიც დღეს საქართველოს მხრიდან არ არის.
"დღეს ქართული დიპლომატია შიდაპოლიტიკური პროცესების მძევალია, მათ შორის პრემიერიც და ხელისუფლებაც", - ამბობს სოსო ცინცაძე.
მისი აზრით, საქართველოს და რუსეთის მაღალი რანგის წევრებს შორის შეხვედრა აუცილებელია და ამისთვის შესაბამისი დონის მომზადება უნდა დაიწყოს.
"მიმაჩნია, რომ აუცილებლად დაიწყოს ძალიან სერიოზული მომზადება. ეს უნდა იყოს კონფიდენციალური, საიდუმლო ვითარებაში და არა თოქ-შოუებში განსახილველი. მერე ვნახოთ, რა იქნება. დიპლომატია მათემატიკა არ არის, რომ ორჯერ ორი ყოველთვის ოთხი იყოს", - ამბობს ცოცო ცინცაძე.