პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ ნატოს სამიტზე დასწრება აუცილებელია, რადგანაც მსოფლიო დიდი რეფორმების მოლოდინშია და საქართველო ამ მოვლენების ეპიცენტრში უშუალოდ უნდა იმყოფებოდეს.
პოლიტოლოგის აზრით, ქართული მხარის დასწრება კიდევ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სამიტს ამერიკის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც დაესწრება და ნატოსთან მიმართებაში მისი ხედვები ცნობილი გახდება.
საქართველოს სამიტის ოფიციალური შეხვედრებისთვის გამოყენებაც შეუძლია.
"რეზონანსი": საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაიწყო და უკვე გაკეთდა განცხადებები, რომ დიდი ალბათობით, საარჩევნო სისტემა პროპორციულზე გადავა და ასევე ორპალატიანი პარლამენტის შემოღების საკითხებიც განიხილება. თქვენ როგორ შეაფასებდით საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის სტარტს?
ხათუნა ლაგაზიძე: ჯერ ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, საბოლოო ჯამში საკონსტიტუციო ცვლილებები რა სახეს მიიღებს. ფუნდამენტლურია, რომ კონსტიტუციით ადამიანის უფლებების და თავისუფლებების შეზღუდვა არ მოხდეს. ასევე, აუცილებელია, რომ რეალური საარჩევნო რეფორმა გატარდეს.
ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები გამოდის და ამიტომ, ჩემთვის რთულია, რომ ზუსტად შევაფასო საკონსტიტუციო კომისია რა სახის ცვლილებებზე მუშაობს. რამდენად შეესაბამება ეს სწორ ინფორმაციას, ზუსტად არ ვიცი, თუმცა საუბარია იმაზე, რომ პარტიათა მიერ ბლოკების შექმნის აკრძალვა შესაძლოა კონსტიტუციაში ჩაიდოს.
ეს ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების საარჩევნო წესით შეცვლაზე უარს ვამბობთ. გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ოპოზიციური სპექტრი სრულიად გადარეცხილია, სიტუაცია ამ ინფორმაციის რეალობის შემთხვევაში საკამოდ მძიმე იქნება.
ამიტომ, დღევანდელი ოპოზიციის ბლოკად გაერთიანება საკრებულოში თუ პარლამენტში, მათი წარმოდგენის ერთადერთი ფორმაა. მეეჭვება მსგავსი აბსურდის განხილვა მოხდეს, მაგრამ თუ ასე იქნება, მაშინ, როგორც უკვე აღვნიშნე, გამოდის, რომ ხელისუფლება საარჩევნო გზით ცვლილებაზე უარს ამბობს.
"რ": ევროსასამართლომ საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატები უკვე მეორედ დაიწუნა. თქვენ როგორ ფიქრობთ, დაწუნებული კანდიდატურების წარდგენაში ბრალი ვის მიუძღვის?
ხ.ლ: არ ვიცი, კანდიდატების დაწუნებაში ბარლი ვის შეიძლება დავდოთ. თუმცა, ფაქტია რომ ევროსასამართლომ ქართველების მიერ წარდგენილ კანდიდატურებზე უარი განაცხადა. ამაზე პასუხისმგებელი კოლექტიურად საქართველოს ხელისუფლებაა. საინტერესო იქნება, ახალი კანდიდატების შერჩევისას როგორ იხელმძღვანელებს.
"ქართულ ოცნებას" ერთი დადებითი თვისება ჰქონდა, საზოგადოების კრიტიკაზე რეაგირებდა, მითუმეტეს დასავლელი პარტნიორების განწყობებს ყურადღებას აქცევდა. ევროსასამართლოს მიერ ჩვენი კანდიდატების დაწუნება, სერიოზული კრიტიკაა, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ექნება, ახლა ამაზე ხელისუფლება რა სახის რეგირებას მოახდენს.
"რ": როგორც უკვე ცნობილი გახდა, უახლოესი ნატოს სამიტის მუშაობაში ქართული მხარე მონაწილეობას არ მიიღებს. თქვენი აზრით, რამდენად მართებულია ნატოს სამიტის მუშაობაში ქართული მხრიდან მონაწილეობის არმიღება?
ხ.ლ: ჩემი აზრით, ქართული დელეგაცია ამ სამიტს აუცილებლად უნდა დაესწროს. მითუფრო რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატოს რეორგანიზების საკითხი დღის წესრიგში დააყენა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სამიტზე რა პროცესები განვითარდება, რადგანაც პირველი სამიტია, რომელსაც ამერიკის ახალი პრეზიდენტი დაესწრება და იქ გარკვეული სახის აქცენტების გაკეთება მოხდება.
რა თქმა უნდა, ეს დასწრება იმ მისაღები ფორმატით უნდა მოხდეს, რომლითაც საქართველოს დასწრება შეუძლია. იქ იქნება თუ არა ისტორიული გადაწყვეტილებები მიღებული, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ მაინც პროცესის უშუალო მონაწილეები უნდა ვიყოთ.
აცილებლად უნდა ვიცოდეთ ნატოს ტრანსფორმირების შემთხვევაში მსოფლიოს და მათ შორის ჩვენც რა გველოდება. ამ რევოლუციური მოვლენების ფონზე, ჩვენ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დარჩენა უნდა შევძლოთ.
"რ": როგორ ფიქრობთ, დონალდ ტრამპის ინტერესი საქართველოს მიმართ როგორი იქნება და ამერიკა ჩვენი ქვეყნის მიმართულებით პოლიტიკურ აქტიურობას ხომ არ შეასუსტებს?
ხ.ლ: დასავლეთმა რომ ყოფილ პოსაბჭოთა ქვეყნების მიმართ ყურადღება არ შეანელოს და კვლავ აქტიური პოლიტიკა აწარმოოს, ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურება უნდა მოხდეს. მსოფლიო ახლა რევოლუციური მოვლენების მოლოდინშია, ამიტომ ხელისუფლებამ ამ ფონზე თავისი მოკავშირე ქვეყნები უნდა მოძებნოს და ამ კუთხით აქტიურად იმუშაოს.
მსოფლიო გეოპოლიტიკურ ქაოსში აუცილებლად ღუზა გვჭირდება, რომელსაც ჩავეჭიდებით. ეს შეიძლება ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეიც იყოს, რომელიც სწორედ იმ მესიჯებს გზავნის, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.