გვანცა ღვედაშვილი
02.02.2017

 უმრავლესობა, ფარული მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით არასმათავრობოთა კრიტიკას არ იზიარებს და აცხადებს, რომ არსებულ საკითხზე მომუშავე ჯგუფმა ოქროს შუალედის მოძებნა შეძლო. მათი თქმით, გამოიყენეს მსოფლიო პრაქტიკა, რომელიც ერთდროულად იცავს მოქალაქეებისა და სახელმწიფოს ინტერესებს.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის ინიციატივით, ფარული მოსმენების ფუნქცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ამავე სამსახურში შექმნილ სსიპ-ში უნდა გადავიდეს.

პარლამენტის მიერ არასამთავრობოებისთვის გადაგზავნილ კანონპროექტში ნათქვამია, რომ ეს სსიპი "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი" იქნება, რასაც კამპანია "ეს შენ გეხება" საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობად აფასებს.

"ეს შენ გეხებამ" 31 იანვარს გამართულ ბრიფიგზე განაცხადა, რომ აღნიშნული ცვლილებები არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და სამოქალაქო სექტორი კი ამ პასუხისმგებლობის გაზიარებას არ აპირებს. სწორედ ამიტომ, ისინი აღნიშნული კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ და პროტესტის ნიშნად კომისიის სხდომაც დატოვეს.

როგორც თავად ამბობენ, დანებებას არ აპირებენ და "ბრძოლას გააგრძელებენ". გეგმების შესახებ კი საზოგადოებას უახლოეს დღეებში აცნობებენ, ამასთან გამორიცხული არ არის, რომ "ეს შენ გეხებამ" სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლოში უჩივლოს.

როგორც უმრავლესობის წევრი გი ავოლსკი აცხადებს, არასამთავრობო ორგანიზაციების განწყობა თავიდანვე ანტაგონისტური იყო. მათ განწყობებს, ტერმინებს, კომენტარებს კი თავიდანვე ეტყობოდა, რომ შეთანხმება პრაქტიკულად მიუღწევადი იქნებოდა.

"როგორც კი ამ თემაზე კონსულტაციები დაიწყო, თავიდანვე გამოიკვეთა, რომ საკითხის მიმართ არასამთავრობო ორგანიზაციების განწყობა ანტაგონისტური იყო.

"მოძრაობამ "ეს შენ გეხება" ერთ-ერთი პირველი, რაც გააკეთა, იყო კლიპი, სადაც ასახულია, რომ ადამიანები ერთმანეთს ელაპარაკებიან: - ესაუბრებიან მეგობარს, ექიმს, მოძღვარს და ეს ყველაფერი მთავრდება განცხადებით: "ისევ გვისმენენ". ეს სულისკვეთება სამუშაო ჯგუფში თავიდანვე იყო. მათ განწყობებს, ტერმინებს, კომენტარებს თავიდანვე ეტყობოდა, რომ შეთანხმება პრაქტიკულად მიუღწევადია.

"შეიქმნება სტრუქტურა, კანონით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ფორმალურად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ნაწილი იქნება, მაგრამ არ იქნება მის დაქვემდებარებაში. აღნიშნული სამსახური ანგარიშვალდებული იქნება პრემიერთან და პარლამენტთან.

"ის ფორმალური ნაწილი, რასაც ამ სამსახურის სუს-ის წიაღში ყოფნა ჰქვია, არ განაპირობებს მის ანგარიშვალდებულებას სუს-ის ხელმძღვანელის მიმართ - იქნება ეს საკადრო საკითხები, ფინანსური საკითხები თუ სხვა", - განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილის განცხადებით, ფარულ მოსმენების კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნები აღასრულა და წარადგინა ისეთი ინიციატივა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან კითხვეზე სცემს პასუხს.

"არასამთავრობოთა განცხადებები არ არის სწორი, რადგან ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან არსებულ სამუშაო ფორმატზე მომუშავე ჯგუფმა შეძლო ოქროს შუალედის მოძებნა და წარმოედგინა ისეთი კანონპროექტი, რომელიც სამ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას სცემს პასუხს.

"პირველი ის არის, რომ ამით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება. რაც გულისხმობს, რომ ამ კონკრეტულ უწყებას გამოძიების არანაირი ინტერესი არ ექნება.

"აღნიშნული სტრუქტურა არის აღმსარულებელი ფუნქციებით დატვირთული, შესაბამისად, ის მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებაში უნდა შექმნილიყო და საკანონმდებლო ხელისუფლებაში ვერ შეიქმნებოდა.

"აღმასრულებელ შტოში მაქსიმუმი გაკეთდა იმისთვის, რომ კანონით გაწერილიყო დამოუკიდებლობის ყველა გარანტია, რომელთა გაცნობის შემთხვევაში, ყველა დაინტერსებული მხარე იტყვის, რომ აღსრულდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

"ამასთან, მეორე წვდომის შესაძლებლობა, რომელიც ასევე გააკრიტიკა სასამართლომ, ვერ და არ მოხდება. რადგან კანონით ყველაფერი ინსტიტუციურად არის გაწერილი, თუ რა გარანტიები არსებობს და ამის შესახებ მოგახსენებთ.

"ანუ, აღნიშნული სტრუქტურიდან ინფორმაცია მიედინება უზენაეს სასამართლოში, საიდანაც სისხლის სამართებლივად მნიშვნელოვანი საკითხები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან მიდის, რომ მან აკონტროლოს მოსმენების კანონიერება, ხოლო კონტრდაზვერვის საკითხები რჩება და სასამართლოს მიერ შერჩეული მოსამართლე აკონტროლებს.

"ანუ პარალელურად მეორე გასაღების ჩართვა ისე რომ ეს ვერ გაიგოს უზენაესმა სასამართლომ ან მონაცემთა დაცვის ინსპექციამ, გამორიცხულია. შესაბამისად გამოდის რომ ეს ორივე პირობა შესრულდა", - გვითხრა დავით მათიკაშვილმა

მისივე განცხადებით, დაცულია დამოუკიდებლობის ხარისხი და არსებობს კონტროლის მკაცრი მექანიზმი. ამასთან აღნიშნავს, რომ არასამთავრობოთა განცხადებები, რომ მოსმენების გასაღები ისევ სუს-ში რჩება, სიმართლეს არ შეესაბამება.

"დამოუკიდებლობის ხარისხს რომ დავუბრუნდეთ, გეტყვით, რომ ხელმძღვანელებს ნიშნავს, პრემიერი, კომისია არჩევს ამ კანდიდატს, რომელშიც შედის ყველა ის ორგანი, რომელსაც შემდგომ უნდა აკონტროლონ ამ სტრუქტურის მუშოაბა.

"ანუ, არიან პარლამენტის, სახალხო დამცველის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორის წარმომადგენლები, ასევე უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის მოადგილე და ა.შ. ეს კომისია ირჩევს 3 კანდიდატს, რომელიც პრემიერს წარედგინება და შემდგომ ის ირჩევს ერთს.

"ანუ, პირველი - კონტროლი პრემიერ-მინისტრის მიერ, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას დანიშნოს და შემდგომ მოხსნას ეს პირი. მეორე - სააგენტოს აქვს ფინანსური დამოუკიდებლობა. ბიუჯეტში გამოიყოფა თანხა უშუალოდ ამ სააგენტოსთვის, შესაბამისად ის არ იქნება დამოკიდებული სხვა სტრუქტურაზე, თუნდაც სუს-ზე. მესამე - პარლამენტის განსაკუთრებული როლი, როგორც მაკონტროლებლის.

"გასაღები არის ოტოს ხელში, ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ გასაღები სუს-ში რჩება, მაგრამ ასე არ არის. გასაღები აქვს დამოუკიდებელ სტრუქტურას, რომლიც ვერტიკალურ დაქვემდებარებაში სუს-თან არ არის. მის უფროსს, როგორც უკვე ვთქვი, პრემიერი ნიშნავს.

"ტექნიკურად რომ გითხრათ, როგორც კი ირთვება გასაღები და იწყება მოსმენა, როგორც სასამართლოს, ასევე მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გააჩნია სრული უფლება, რომ თუ დაინახავენ, რომ არსებობს პარალელური ან უკანონო წვდომა გამორთოს გასაღები", - აცხადებს მათიკაშვილი.

რაც შეეხება არასმათვრობოების მიერ შეთავაზებულ კანონპროექტს, რომელსაც კომისიაში აღარ განიხილავენ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ მათი ინიციატივა მიუღებელია, რადგან შეუძლებელია აღმასრულებელი სტრუქტურის მატარებელი ორგანო საკანონმდებლო სივრცეში შეიქმნას.

"არასამთავრობოების მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტზე, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ამ სტრუქტურის კანონების ქვეშ არსებობა, რაც ყოველად გაუმართლებელია, რადგან ეს არის აღმასრულებელი სტრუქტურის მატარებელი და ის საკანონმდებლო სივრცეში ვერ იქნება.

"მეორე - ჩვენი ოპონენტები, რომლებიც ეყრდნობიან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამბობენ, რომ საგამოძიებო სტრუქტურას არ უნდა ჰქონდეს გასაღები, შეიძლება იმ რეალობის ქვეშ აღმოვჩენილიყავით, რომ რადგან პარლამენტს თავის წიაღში ბევრი საგამოძიებო სტრუქტურის შექმნის შესაძლებლობა აქვს, აქაც პრეტენზია გამოეთქვათ. ასე რომ, ჩვენ გამოვიყენეთ მსოფლიო პრაქტიკა და ხდება იმ კანონპროექტის ინიცირება, რომელიც ერთდროულად დაიცავს, როგორც მოქალაქეთა პერსონალურ, ისე სახელმწიფო ინტერესებს", - გვითხრა მათიკაშვიმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×