ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის კვალდაკვალ სპეციალისტები გეოპოლიტიკურ ცვლილებებს კავკასიის რეგიონშიც პროგნოზირებენ და ამბობენ, რომ ახლა საქართველოს უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტაც მეტწილად სწორედაც რომ ტრამპის პოლიტიკაზე და შემდგომ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული.
ზუსტად ამ ფონის გათვალისწინებით, სპეციალისტები საქართველოს აშშ-ს ადმინისტრაციასთან მეტი კომუნიკაციისა და კავშირების გაღრმავებისკენ მოუწოდებენ. ამბობენ, რომ ახლა აქტიურობა მეტად მნიშვნელოვანია.
აშშ-ს ახალი ადმინისტრაციისა და უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის პოზიციებზე სამხედრო ანალიტიკოსებს არაერთგვაროვანი შეფასებები აქვთ, თუმცა კი იმაზე ცალსახად თანხმდებიან, რომ საქართველოს ნატოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახლა უფრო მჭიდრო კავშირი მართებს.
ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს უსაფრთხოების საკითხებში ბევრი რამ ამერიკის საგარეო პოლიტიკაზეც იქნება დამოკიდებული და კერძოდ იმაზე, მოხდება თუ არა იქ რამე კარდინალური ცვლილებები.
მისივე თქმით, მიუხედავად დონალდ ტრამპის ნატოსთან მიმართებაში გაცხადებული პოზიციისა, (რომელიც ერთგვარად ნატოს არსებობას ეჭქვეშ აყენებს) აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებები ამერიკის ნატოს ორგანიზაციიდან გამოსვლაზე არ უნდა მოუთითებდეს."ჩვენ ახლა ნატოს გაფართოების პოლიტიკა გვაინტერესებს - გაგრძელდება თუ არა ღია კარის პოლიტიკა და ხომ არ დაიკარგება ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა, ეს რა თქმა უნდა, მეტწილად ამერიკის პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული. ამასთანავე ნატო-რუსეთის მოლაპარაკეკებზე, რადგან ერთ-ერთი საკითხი რაც რუსეთს აინტერესებს, ნატოს გაფართოებაა", - ფიქრობს ანალიტიკოსი და შიშობს, რომ ტრამპსა და პუტინს შორის შესაძლოა ამ საკითხზე შეთანხმება მოხდეს.
მისი თქმით, თუ ტრამპის პუტინთან სატელეფონო საუბარს გავიხსენებთ, ჩანს, რომ ტრამპს რუსეთთან ურთიერთობის დათბობა სურს, რაც მისი შეფასებით, ურთიერთშეთანხმებით ხდება. ანალიტიკოსის შეფასებით, ზუსტად ამიტომაა მნიშვნელოვანი რუსეთის ფაქტორი, რომელიც ტრამპს აუცილებლად დაუყენებს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს.
ბრიგადის გენერალის თქმით, ეს საკითხები სანქციების მოხსნას, ნატოს გაფართოების შეჩერებასა და რუსეთის გავლენის სფეროების აღიარებას შეეხება, რის მიღწევასაც პუტინი ტრამპთან აუცილებლად შეეცდება.
"ვფიქრობ, რუსეთთან შეთანხმების მიღწევა რამე დაპირების გარეშე რთული იქნება, მაგრამ თუ ეს ასე მოხდა, ეს ჩვენზე პირდაპირ აისახება და ცხადია, ნატოს გაფართოების ჭრილში. თუმცა, არ მგონია ნატო რუსეთთან დათმობაზე წავიდეს და თავის პოლიტიკაზე უარი თქვას, ალბათ სამიტი გარკვეულ მინიშნებებს ამ კუთხით მოგვცემს", - აღნიშნავს სალუქვაძე და იქვე უმატებს, რომ ამ ფონზე საქართველომ აშშ-სთან ურთიერთობა უფრო მეტად უნდა გააღრმავოს და შესაბამისად ამ საკითხზე მეტი აქტიურობით იმუშავოს.
სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაიასაიას შეფასებით კი, მოსალოდნელი გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, ძალიან საინტერესო ტენდენციებს აქვს ადგილი.
მაისაიას თქმით, ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ პირველი ნაბიჯები არა ევროპის და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით, არამედ უფრო წყნარი ოკეანისა და სამხრეთ აღმოსავლეთი აზიის მიმართულებით გადადგა, რაც ნიშნავს, რომ აქცენტირება გეოპოლიტიკური ცენტრებისა, თანდათანობით უკვე იკვეთება.
"მაგალითად, წინა ადმინისტრაციის, ობამას გრავიტაციის ცენტრი ახლო აღმოსავლეთი და აღმოსავლეთ ევროპა იყო, ხოლო შავი ზღვისპირეთის აუზში საქართველო პირდაპირ ჯდებოდა. ამიტომ იყო რომ ამერიკა საქართველოსა და უკრაინასთან ურთიერთობას უფრო ააქტიურებდა და ამ კონტექსტში ამერკელების დაინტერესებაც იკვეთებოდა. ტრამპმა ეს ცენტრი ფაქტობრივად აღმოსავლეთის მიმართულებით გადაიტანა", - ამბობს ვახტანგ მაისაია.
მისი თქმით, იმ ფონზე, როცა ევროკავშირისა და ნატოს პოზიციები არც თუ ისე ძლიერია და ტრამპმა უკვე ნატოს არსებობაც ერთგვარად ეჭქვეშ დააყენა, ამან შესაძლოა სხვა გავლენიანი გეოპოლიტიკური ცენტრების გაძლიერება გამოიწვიოს, მათ შორის გლობალური.
"საუბარია რუსეთზე, რეგიონალურ თურქეთსა და ირანზე, რომელთაც შესაძლოა თავიანთი პოზიციები გააძლიერონ. ეს უკვე ჩანს კიდევაც ახლო აღმოსავლეთით, კავკასიასა და ცენტრალური აზიის მიმართულებით", - აღნიშნავს "რეზონანსთან" საუბრისას სამხედრო ანალიტიკოსი და იქვე უმატებს, რომ რუსეთის საქართველოსადმი ძალის გაძლიერება უკვე თვალნათლივ ჩანს.
მისი თქმით, ამ ფონზე მნიშვნელოვანია საქართველომ აშშ-თან აქტიურობა უფრო გააძლიეროს. გარდა ამისა, ანალიტიკოს მიიჩნევს, რომ ნატოს სამიტზე საქართველოს მხრიდან უარის თქმა დაუშვებელია.
"თუ ჩვენ ამ პროცესების მიღმა დავრჩით, გაფართოების ფორმატში საქართველოს შანსები გაურკვეველი ვადით გადაიწევს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ახლა პასიურობა ყოვლად დაუშვებელია", - ფიქრობს მაიასაია.