"იმ ფონზე, როცა ევროკავშირისა და ნატოს პოზიციები არც თუ ისე ძლიერია და ტრამპმა უკვე ნატოს არსებობაც ერთგვარად ეჭვქვეშ დააყენა, ამან შესაძლოა სხვა გავლენიანი გეოპოლიტიკური ცენტრების გაძლიერება გამოიწვიოს, მათ შორის გლობალური.
"საუბარია რუსეთზე, რეგიონალურ თურქეთსა და ირანზე, რომელთაც შესაძლოა თავიანთი პოზიციები გააძლიერონ. ეს უკვე ჩანს კიდევაც ახლო აღმოსავლეთით, კავკასიაში და ცენტრალური აზიის მიმართულებით", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის მოადგილე და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია.
მაისაია ფიქრობს, რომ ამერიკელების მოდუნებამ გამოიწვია ის, რომ დონბასის მიმართულებით სამხედრო მოქმედებები არ წყდება.
ვახტანგ მაისაია: აშშ-ს პოლიტიკის პარალელურად რუსეთსა და თურქეთს შორის სამხედრო ურთიერთობა კიდევ უფრო განმტკცდა. მოგეხსნებათ, რომ მათ სამხედრო ოპერაციები სირიაში ერთობლივად ჩაატარეს და შესაბამისად, დარტყმები ისლამური სახალიფოს, დაიშის მიმართულებით გააძლიერეს.
პოსტცივი ომის შემდგომ პირველად, ნატოს წევრმა სახელმწიფომ და რუსეთმა თავიანთი გეგმების ჰარმონიაზაცია მოახდინეს, რომელსაც შემდგომ ასტანაში შეხვედრები მოჰყვა, რომელსაც ისევ ეს ორი სახელმწიფო აფინანსებდა.
რუსეთის საქართველოსადმი ძალის გაძლიერება სამწუხაროდ უკვე თვალნათლივ ჩანს, თუმცა ამ შემთხვევაში თურქეთიც ირიბად მაინც საქართველოს წინააღმდეგ მოდის.
"რეზონანსი": ამბობთ, რომ რუსეთთან ერთად საქართველოს წინააღმდეგ ირიბად თურქეთიც ილაშქრებს. კერძოდ რაში გამოიხატება ამ ორი ქვეყნის წინააღმდეგობა ამ ეტაპზე და რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის?
ვ.მ: კერძოდ იმაში, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიაში თავისი სამხედრო კონტიგენტი უკვე გააძლიერა. ოკუპირებულ აფხაზეთში კი საზღვრები ჩაკეტა და კიდევ რომელი ერთი.
ამასთან, ყურადღება თურქეთის გაძლიერებზეც მინდა გავამახვილო. მაგალითად, თურქულ პრესაში და განსაკუთრებით ერდოღანის მომხრე მედიაში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ თურქეთი თავის ინტერესებსა და კავშირებს საქართველოს მიმართულებითაც გააძლიერებს. საინტერესოა ჩაღლარის სკოლების სისტემის შესახებ არსებული ინფორმაცია, რომელზეც მსურს ყურადღების გამახვილება.
სხვათა შორის, ეს სკოლები სახელმწიფოთა შორის შეთანხმებების საფუძველზე შეიქმნა, სადაც მთავარი სასწავლო პროგრამა ეროვნულ ინტერესებს სავსებით შეესაბამება. სკოლებში 500 საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული და 3 ათასი ქართველი მოსწავლე სწავლობს, სადაც სხვა ენებთან შედარებით ქართულს მეტი უპირატესობა ენიჭება.
ახლა კი ერდოღანის მომხრე ჯგუფები ამ სკოლების ერთგვარად ხელში ჩაგდებას ცდილობს. ასეთი ტენდენციები კი გახლავთ სწორედ იმის მცდელობა, რომ საქართველო ტერიტორიაზე თურქეთის შიდა პოლიტიკური დაპისისპირება მოხდეს, ეს ძალიან საშიშია.
ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ნებისმიერი შიდა დაპირისპირების არეალი საქართველო გახდეს, სულ ერთია, ეს თურქეთი იქნება, სომხეთი და აზერბაიჯანი. ეს დაპირისპირება შიდა პოლიტიკური პროცესია და მისთვის გეოპოლიტიკური ტენდენციების მიცემა დაუშვებელია. ეს არის მაგალითი, რომელიც ტენდენციების გამოკვეთას ასახავს.
"რ": ზემოთ აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი ახსენეთ, რომლის პოზიციაც ნატოსთან მიმართებაში როგორც თავადაც თქვით, უკვე ნათელია, თუმცა მან ისიც თქვა, რომ პარტნიორ ქვეყნებთან კავშირს არ გაწყვეტს... რა გვეტყვით, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს კავკასიაში გეოპოლიტიკურ ცვლილებებს?
ვ.მ: თუ გახსოვთ, ტრამპმა ინაუგურაცისას ახსენა სიტყვა შერჩევითობა და ეს ტერმინი ისრაელთან მიმართებაში უკვე გამოიყენა. თუ რომელი ქვეყანა მოხვდება ამ სელექციურ ნაწილში და იქნება თუ არა ის საქართველო, ეს აბსოლუტურად ჩვენს აქტიურობაზე, კარგი გაგებით აშშ-ში საქართველოს ლობირებაზეა დამოკიდებული.
ქვეყანა კი მხოლოდ ელჩ ბაქრაძის იმედზე არ უნდა იყოს, ვისურვებდი, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში პოლიტიკური დონის, კვალიფიციური დიპლომატი იყოს მივლენილი.
"რ": ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებაზე რას გვეტყვით, რომელიც ნატო შავი ზღვის რეგიონში სამხედრო ყოფნის გაძლიერების ზომების პაკეტის შემუშავებას დაასრულებას შეეხება?
ვ.მ: ეს გახლავთ ვარშავის სამიტის ინციატივის გაგრძელება, რომელიც სხვათა შორის თუქეთის მცდელობის შედეგად ჩავარდა. როგორც ჩანს, ახლა ახალი ვარიანტი შემუშავდა, რომელიც ნატოს ბრიუსელის სამიტზე განიხილება. ძალიან მიკვირს რატომ არ უნდა იყოს საქართველო ამ სამიტზე წარმოდგენილი.
"რ": პრეზიდენტი ხომ იქნება...
ვ.მ: ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ პრეზიდენტის წასვლა იქ მხოლოდ სიმბოლური ვიზიტი იქნება და მას არანაირი მნიშვნელობა არ აკისრია. ჩვენ ახლა უნდა დავაფიქსიროთ პოზიცია უსაფრთხოების განმტიცების კუთხით, რათა ამ პროცესის მიღმა არ დავრჩეთ.
"რ": როგორ ფიქრობთ, არსებული რეალობის გათვალისწინებით, რამდენად არსებობს საფრთხე იმისა, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა კიდევ უფრო ჩაიკეტოს?
ვ.მ: გეთანხმებით, რომ ამის ერთგვარი რისკი ნამდვილად არსებობს, მითუმეტეს ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის ფონზე, როცა მან შესაძლოა პოზიციებს გადახედოს, მითუფრო ახლა - გაფართოების ფორმატში.
მნიშვნელოვანია საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებიც, რომელიც ამერიკის შემდეგ ნატოს კოტექსტში ყველაზე ძლიერი ევროპული პოზიების მქონე სახლმწიფოა.
ამავე დროს ნატოს კარის გაფართოებაზე გერმანიის არჩევნებიც იმოქმდებეს, ანუ სანამ არ გამოჩნდება რომელი პოლიტიკური ძალა გაიმაჯვებს, იქამდე ეს საკითხი ღიად დარჩება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციები არ გავაძლიეროთ.
თუ ჩვენ ამ პროცესების მიღმა დავრჩით, გაფართოების ფორმატში საქართველოს შანსები გაურკვეველი ვადით გადაიწევს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ახლა პასიურობა ყოვლად დაუშვებელია.