"რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლეების შესაძლო ზეწოლის ფაქტს იურისტები უკიდურესად შემაშფოთებელს, ქვეყნისა და სასამართლო სისტემისთვის დამაზიანებელს უწოდებენ. თუ ვისგან მოდიოდა ზეწოლა, ამაზე გუშინ განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდებოდა.
განსხვავებულია თავად ტელევიზიისათვის დავაში დაპირისპირებულ მხარეთა მოსაზრებებიც. "რუსთავი 2"-ში ცალსახად მიაჩნიათ, რომ ზეწოლა მოსამართლეებზე სახელისუფლებო ძალიდან მომდინარეობს, ქიბარ ხალვაშის მხარე კი საქმის პოლიტიზირებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს საქმე თავიდანვე არა კერძო სამართლის დავად, არამედ პოლიტიკურ ხასიათით შეიფუთა, რაზეც ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ იზრუნა.
შესაძლო ზეწოლა მოსამართლეებზე
ცნობისთვის, საქმე ეხება "რუსთავი 2"-ის საქმეზე მომუშავე უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლეს - ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეს, რომელთა მიმართაც შესაძლო ზეწოლის ფაქტზე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ისაუბრა და ამაში ხელისუფლება პირდაპირ დაადანაშაულა. თქვა, რომ ამ ფაქტის შესახებ იგი მანამდეც ინფორმირებული იყო, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, მისი გასაჯაროებისგან თავს იკავებდა.
გუშინვე ამ საკითხზე განცხადება პროკურატურამაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მოსამართლეებზე ზეწოლას ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ცდილობდა, რომლის ვინაობაც საგამოძიებო უწყებამ არ დაასახელა და მხოლოდ ის თქვა, რომ მოსამართლეები მისგან მოკლეტექსტურ შეტყობინებებსა და წერილებს იღებდნენ.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ამ ეტაპისთვის გამოძიების მიერ ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხულია განცხადების წარმომდგენი მოსამართლეები და მათი ოჯახის წევრები.
"ნაციონალურ მოძრაობაში" კი პროკურატურის განცხადებას სრული აბსურდი და სიყალბე უწოდეს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლეებზე, რომლებიც "რუსთავი 2"-ის საქმეს განიხილავენ, ზეწოლას სუს-ი ახორციელებდა.შეგახსენებთ, რომ მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე განცხადება პროკურატურაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ შეიტანა, თუმცა დამატებითი კომენტარები მას ამ საქმეზე არ გაუკეთებია. ამასთან, როგორც გუშინ გაირკვა, მოსამართლეების შესაძლო ზეწოლის ფაქტზე ინფორმირებული არც იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყოფილა.
აღსანიშნავია, რომ ამ თემას გუშინვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა მმართველ ძალაში. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის თქმით, მოსამართლეების დაცვის საკითხში გარკვეული წვლილი თავად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს აკირია. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, გასაკვირია რატომ არ ჩააყენა სასამართლოს თავმჯდომარემ იუსტიციის უმარლესი საბჭო საქმის კურსში.
უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, გია ვოლსკის მტკიცებით კი, "ნაციონალური მოძრაობის" განცხადება მიხეილ სააკაშვილის სტრატეგიული გეგმის ნაწილია, რაც, პოლემიკისა და ჯანსაღი ოპონირების ნაცვლად მიმართულია საბოტაჟის რეჟიმისკენ.
დაპირისპირებულთა არგუმენტები
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია მოსამართლეთა შესაძლო ზეწოლის ფაქტზე კომენტარისგან ჯერჯერობით თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ ეს საქმე დასაწყისშვივე პოლიტიზირებული იყო, რაც მისი თქმით, ახლაც წარმატებით გრძელდება.
"ჩვენ არ ვიცით რა ზეწოლაზეა საუბარი და ვისი მხრიდან ხორციელდებოდა ის. მთელი დღის განმავლობაში ამ თემაზე მხოლოდ სპეკულაციები გვესმოდა. გვესმოდა, რომ ვიღაცამ განცხადების შინაარსი თითქმის უკვე იცის. ვგულისხმობ ზეწოლის საკითხს, თუმცა ვინ არის ის, ეს ჯერ კიდევ დაუდგენელია.
"პროკურატურა ამბობს, რომ ის ძველი ხელისუფლების წარმომადგენელია; ჩვენი მოწინააღმდეგეები, ამ შემთთხვევაში "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობა და მათი მხარდამჭერი პოლიტიკური ძალის წარმომადგებლები კი ამ ზეწოლას სუს-ს უკავაშირებენ.
"ძალიან მიჭირს ამ საკითხზე შეფასების გაკეთება, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, ინფორმაციას არ ვფლობ. ვფიქრობ, ზეგავლენა სასამართლო პროცესზე ძალიან პოლიტიზირებული გახდა და ფაქტობრივად ვხედავ, რომ ჩვენი განცხადებების გაკეთებას უკვე არანაირი აზრი არ აქვს," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პაატა სალია.
მისი თქმით, ტელეკომანიის ხელმძღვანელობა ამ პროცესის პოლიტიზირებას პირველივე დღიდან ახდენდა და როგორც ჩანს, ახლა სამართლებრივი არგუმენტები აღარავის აინტერესებს. ამბობს, რომ მიუხედავად ძიების მსვლელობისა, გაჟღერებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ რაღაც მართლაც ხდებოდა.
"რა თქმა უნდა, დაუშვებელია ნებისმიერ მოსამართლეზე ნებისმიერი ჩარევა და ჩვენც ზუსტად ის გვსურს, რომ სასამართლო ამისგან თავისუფალი იყოს. თუ გაიხსენებთ, "რუსთავი 2" ყველა მოსამართლეზე პირველივე დღიდან ჩრდილის მიყენებას ცდილობს.
"აქ საუბარი იმაზეა, რომ ადამიანი თავისი უფლებებისთვის იბრძვის, მოწინააღმდეგე მხარე კი ქონებრივ დავას სხვა ჭრილში განიხილავს და ამის ბერკეტი ტელევიზიის მეშვეობით აქვთ კიდეც, რომლის საპირწონე ძალაც ჩვენ არ გაგვაჩნია," - აღნიშნავს პაატა სალია.
"რუსთავი 2"-ის იურისტი თამთა მურადაშვილი კი "რეზონანსთან" საუბრისას მოსამართლეთა ზეწოლის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში მოსალოდნელ სამართლებრივ პროცესზე საუბრობს და ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში მართლმსაჯულება ამგვარი ქმედებების ფონზე ობიექტურად ვერ განხორციელდება.
"პირველ რიგში, ეს დავა, როგორც არაერთხელ გვითქვამს, სამართლებრივი არ არის და ის პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. ეს დადასტურა უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენების შედეგადაც, როდესაც მოსამართლეთა ზეწოლის ფაქტებზე ინფორმაცია გაჟღერდა. რაც შეეხება სამართლებრივ პროცესზე ამ ფაქტის გავლენას, თუკი დადასტურდა, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა მართლაც მიმდინარეონდა, ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს, რომ დავა არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკურია. ანუ, ესაა აქვს ხელისუფლების მხრიდან ჩარევას.
"სამართლებრივად ეს ნიშნავს, რომ მართლმსაჯულება ვერ განხორციელდება ამგავრი ქმედებების ფონზე, ხოლო, უზენაესი სასამართლო, რომელიც უმაღლესი ინსტანციაა და საბოლოო სიტყვა ეთქმის, მართლმსაჯულებას ასეთი მოვლენების ფონზე ვერ განახორციელებს," - აღნიშნავს "რუსთავი 2"-ის ინტერესების დამცველი.
მისი ვარაუდით, ზეწოლის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ტელეკომპანიას საბოლოოდ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებენ, რომელიც მხოლოდ ფორმალური მოსარჩელეა და რომლის ზურგს უკანაც გარკვეული პოლიტიკური ძალაა.
"ეს შედეგი კი არა მხოლოდ ჩვენი ზიანი, არამედ ზოგადად სიტყვის თავისუფლებისთვის გამიზნული ზიანი იქნება. თუკი ეს პრეცედენტი დადგება, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც კერძო საკუთრება გააჩნია, შესაძლოა ამგვარი პრეცედენტის წინაშე აღმოჩნდეს. რაკიღა ახლა ბოლო ეტაპია, როგორც ჩანს სახელისუფლებო მხარე გააქტიურებულია," - უთხრა "რეზონანსს" თამთა მურადაშვილმა.
იურისტების შეფასება მოსალოდნელი პროცესებზე
იურისტების მოსაზრება ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით განსხვავებულია. იურისტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ არ ვიცით რა ხდება დიდ პალატაში და დიდი პალატა არ არის მხოლოდ 2 მოსამართლე, რთულია რაიმეს თქმა.
"ნათელია, რომ ჩვენ არ ვიცით რა ტიპის გავლენა იყო მოსამართლეებზე და რა შედეგი იქონია ამან საბოლოოდ. ამ კონტექსტში საკმაოდ რთულია რაიმეს თქმა. თუმცა ინფორმაცია, რომელიც უკვე საჯარო გახდა, უკვე არის ნიშანი იმისა, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ ბოლო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდეს. ეს კი დააზიანებს სასამართლოსადმი ნდობასაც და ქვეყნის იმიჯსაც, რაც წარმატების შენარჩუნების კონტექსტში, ძალიან ცუდი იქნება," - გვითხრა ალაფიშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავად მოსამართლეებს არ გაუმჟღავნებიათ ზეწოლის დეტალები, ეს ფაქტი მაინც სერიოზული შეშფოთების საგანია. იურისტი ამის მიზეზებსად გვიხსნის.
"რატომ? - იმიტომ, რომ არ ვიცით დიდი პალატის მოსამართლეებთან დაკავშრებით რა ხდება, ან რა მოხდება მომავალში. გარდა ამისა, თვითონ ამ ფაქტის გაჟღერების ინტერპრეტაცია ქვეყნის შიგნით და გარეთ ჩვენდა საზიანოდ განვითარდება. სულ ერთია ვინ რას აკეთებდა, ჩემთვის მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობა გარანტირებული იყოს კანონითაც და საქმითაც.
"სხვათა შორის, ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ. მესამე ტალღის სასამართლო რეფორმები, რადგან რეალურად რაც მმართველმა ძალამ ამ კანონში ჩაწერა, მოსამართლეებისთვის იმის თქმა კი არაა, რომ თქვენ ხართ დამოუკიდებლები, არამედ ამ კანონით მთავრობა და პარლამენტი მათ ეუბნება - არა, ჩვენ, პოლიტიკოსები გადავწყვეტთ თქვენ, მოსამართლეები როდის და რამდენად დამოუკიდებლები გახდებით.
"ამ ყველაფერს წერტილი დღესვე უნდა დაესვას და ამის შემდეგ არავის, არც მმართველ ძალას და არც ოპოზიციას, ამდენი სალაპარაკო არ ექნება," - დასძენს ლევან ალაფიშვილი.
ლია მუხაშავრია ფიქრობს, რომ ზეწოლის შემთხვევაში მოსამართლეებს საქმის თვითაცილება უნდა მოეხდინათ და პროკურატურისთვის შემდეგ მიემართათ.
"პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი პრეცედენტი ჯერ არ გვქონია. თუმცა, თუკი ზეწოლის ფაქტი დადასტურდება, ან ეს მოსამართლეები ზეწოლას მართლაც გრძნობდნენ, მათ ეს საქმე თვითაცილების წესით უნდა აეცილებინათ და პროკურატურისთვის მიემართათ," - ამბობს იურისტი და იქვე უმატებს, რომ რადგან ეს ფაქტი უკვე გახმაურდა, ცალსახაა, რომ ეს მოსამართლეები მიუკერძოებლები და დამოუკიდებლები აღარ არიან, ამიტომ ამას სამართლებრივად მათი აცილება უნდა მოჰყვეს.
"უფრო სწორი იქნებოდა, თუ ამას თავადვე თვითაცილებით გააკეთებდნენ და საქმის განხილვას ჩამოშორდებოდნენ. ვნახოთ რა იქნება მომავალში. თუ ეს ფაქტი დადასტურდა და ამ მოსამართლეებმა საქმე მაინც განიხილეს, ეს "რუსთავი 2"-ს აძლევს შანსს ამტკიცოს, რომ ევროკონვენციით გათვალისწინებული სტანდარტი - მიუკერძოებელი ტრიბუნალი დაირღვა.
"აქვე აღვნიშნავ, რომ ვარ სამართლიანობისა და მართლმსაჯულების მხარეს. ამიტომ როცა ასეთი სკანდალური განცხადება კეთდება იგივე პროკურატურის მხრიდან, ამ საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია გასათვალისწინებელი. მაშინ ან ბოლომდე უნდა თქმულიყო რაში გამოიხატა ეს და ასევე უნდა ერჩიათ მოსამართლეებისთვის საქმეს ჩამოცილებოდნენ, ან ასეთი ნახევარი ინფორმაცია არ უნდა გამოეცხადებინათ. მე და თქვენნაირი რანგის ადამიანი რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეზე ზეგავლენის მოხდენას ვერ შევეცდებით, ეს ხომ ისედაც ცალსახაა," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას ლია მუხაშავრია.