დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ საიმიგრაციო აკრძალვას აღადგენს. აშშ-ის პრეზიდენტი სიეტლის ფედერალური სასამართლოს იმ დადგენილების გაუქმებას აპირებს, რომელიც საიმიგრაციო პოლიტიკის შესახებ მის მიერ გამოცემულ განკარგულებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით აჩერებს.ამის შესახებ ინფორმაციას „BBC" ავრცელებს.
პრეზიდენტმა მოსამართლე ჯეიმს რობარტს, რომელმაც განკარგულების მოქმედება მთელი ქვეყნის მასშტაბით შეაჩერა, „twitter"-ის ბლოგზე ე.წ. „მოსამართლე" უწოდა, მისი გადაწყვეტილება კი სასაცილოდ შეაფასა.
„ამ ე.წ მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დაშორებულია, სასაცილოა და აუცილებლად გაუქმდება."-განაცხადა ტრამპმა.
„ საინტერესოა, რომ აღმოსავლეთის ზოგიერთი ქვეყანა ამ აკრძალვას ეთანხმება. თუ ქვეყანას არ შეუძლია განსაზღვროს, საკუთარ ტერიტორიაზე ვინ შეუშვას და ვინ არა, ეს დიდი უბედურებაა"- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
სიეტლის ფედერალურმა მოსამართლემ, შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო განკარგულების მოქმედება, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დროებით შეაჩერა. საქმე ეხება დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, შვიდი მუსლიმი სახელმწიფოს მოქალაქეებს, 90 დღის განმავლობაში, ამერიკაში შესვლა აეკრძალათ.
მოსამართლე ჯეიმს რობარტის შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია.
გავრცელებული ცნობით, ავიაკომპანიებმა ტრამპის განკარგულებით დაზარალებული ადამიანების აშშ-ის მიმართულებით გამგზავრება უკვე დაიწყეს.