ცხინვალში დაკავებულ გიორგი გიუნაშვილს, დე-ფაქტო სასამართლომ, 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საქართველოს მოქალაქე, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა, 2016 წლის ზაფხულში, ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და დივერსიული, ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით დააკავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ 2016 წლის ივნისიდან, გიუნაშვილის დაკავების დღიდან, უწყება ამ საკითხს სხვადასხვა შეხვედრების ფორმატში აყენებს.
უწყების განცხადებით, გიუნაშვილის დაკავება არასამართლიანია და მის გათავისუფლებაზე საკითხს, როგორც ერგნეთის შეხვედრაზე, ასევე ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში დააყენებენ.
„ ე.წ სასამართლოს „გადაწყვეტილება", ისევე როგორც გიუნაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდებები, არის გამოგონილი და ყოველგვარ ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებული"-ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მათ საქმის დეტალები უკვე მიაწოდეს ყველა სახელმწიფო ორგანოს, რათა დროულად მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება.