ქართული ტელე-მედია მორიგი მასშტაბური ცვლილებების ზღვარზეა. დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენდირექტორი არხის რეორგანიზაციის გეგმას წარმოადგენს, რომელიც შესაძლოა პოლიტიკური შინაარსის გადაცემების დახურვას გულისხმობდეს, რასაც უკვე მოყვა გარკვეული ვნებათაღელვა. ასევე დაძაბული და გაურკვეველი ვითარებაა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებითაც, რაც ტელეკომპანიის საქმეში ჩართული უზენაესის სასამართლოს 2 მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლას უკავშირდება. ამასთან, ახლო მომავალში ტელეკომპანიას სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლოა მფლობელი შეეცვალოს.
ამ ფონზე ჯერ ისევ გაურკვეველია რა ფორმატში გააგრძელებენ მაუწყებლობას ერთ ჰოლდინგში ახლახანს გაერთიანებული ტელეარხები "იმედი", "მაესტრო" და "ჯი-დი-ესი". მედიაჰოლდინგის მფლობელები დამატებით განმარტებას კიდევ არ აკეთებენ.
მარეგულირებელ კომისიაში განაცხადი ჯერ არ შესულა და შესაბამისად უცნობია რა ბედი ეწევა ტელეკომპანია "მაესტროს". მიუხედადავ იმისა, რომ მფლობელების მტკიცებით, არხი ძველებურად გააგრძელებს მაუწყებლობას. "ჯი-დი-ესი" კი, როგორც ცნობილია, გასართობი არხის ლიცენზიას დაიბრუნებს.
"ჯერჯერობით ვერაფერს ვამბობთ, ვიდრე არ გვექნება ოფიციალური განაცხადი. შემოიტანენ დოკუმენტს და ვნახავთ ვის რა აეკრძალება, ან არ აეკრძალება", - განუცხადა "მთელ კვირას" მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა.
ცნობისთვის, მაუწყებლობის შესახებ კანონის ერთ-ერთ მუხლში აღნიშნულია, რომ ერთ მედიაჰოლდინგში გაერთიანებულ ტელევიზიებს არ აქვს უფლება ჰქონდეთ ერთნაირი ლიცენზია.
აღსანიშნავია, რომ "იმედმა" "ჯი-დი-ესი" უკვე ოფიციალურად შეიძინა. შესაბამისი გარიგება რეესტრში 28 იანვარსაა ასახული. ბიძინა ივანიშვილის შვილის ტელევიზიის 100% "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა" იყიდა, რომლის მფლობელი ინა გუდავაძეა.
ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ მხარეები გარიგების ფასზე მომდევნო 7 თვის განმავლობაში მოილაპარაკებენ.
ტელკომპანია "მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ თავის დროზე "რეზონანსთან" საუბარში განაცხადა, რომ "მაესტრო" შეინარჩუნებს მაუწყებლობის ძველ ფორმატს. ანუ, საინფორმაცია გამოშვება ეთერში ჩვეულებრივ გავიდოდა. ამაზე საუბრობდა თავის დროზე "იმედის" საბჭოს წევრი ირაკლი რუხაძეც, რომელიც "მაესტროს" თანამშრომლებსაც შეხვდა.
"მთელი კვირა" გია გაჩეჩილაძესთან დაკავშირებას კიდევ ერთხელ შეეცადა, თუმცა, მან ჩვენთან სასაუბროდ დრო ვერ გამონახა. დაკავშირება ვერ მოხერხდა არხის გენერალურ დირექტორ ზურა ნაყეურთანაც. შესაბამისად, უცნობია შეეცვლება თუ არა მმართველები "მაესტროსაც" და მოხდება თუ არა არხისთვის საერთო ლიცენზიის გაუქმება.
ამ გაერთიანებაში ხელისუფლების ინტერეს ხედავს ყოფილი დეპუტატი და ჟურნალისტი ანი მიროტაძე. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისგან განსხავებით, "ოცნებამ" უმტკივნეულო გზა მოძებნა, თუმცა ყველა ვარიანტში შედეგი იქნება ერთი და იგივე.
"ამ გაერთიანებას ორი მხარე აქვს - თუ ყველაფერი კანონიერად კეთდება და თანაც ორივე კერძო კომპანიაა, ვერაფერს იტყვი, მაგრამ მეორე, მთავარი მხარეა, რომ ეს ეხება მედიას. ირიბად მაგრამ მაინც დაკავშირებულია ხელისუფლების ინტერესთან.
"რა თქმა უნდა ჩნდება კითხვები - ხომ არ არის ხელისუფლების მხრიდან მედია საშუალებების გაკონტროლების მცდელობა. პირადად მე ვფიქრობ, რომ ახლა ეს გვაქვს. ერთ ხელში ხვდება მედიასაშულებები და კონტროლი ბევრად მარტივია. თანაც თუ იმასაც დავუმატებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სავარაუდოდ სახელისუფლებო პროპაგანდით იქნება დაკავებული, შეიძლება ითქვას, რომ ტელევიზიების დიდი უმრავლესობა ხელისუფლების მიმართ ლოალურად იქნება განწყობილი.
"გასაგებია, რომ დიდი მედიაჰოლდინგი ხდება, მაგრამ უცნობია რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ინა გუდავაძეს და ირაკლი რუხაძეს, რა ღირს და რა ინტერესებია ჩადებული ამ კარგად შეთანხმებულ საქმიანობაში. ფაქტია ერთია - "იმედი" ხელისუფლების მიმართ ლოიალურად არის განწყობილი.
"ყველა ხელისუფლება ცდილობდა მედიის დამორჩილებას ზოგან უხეში ჩარევით, ზოგან ირიბად და ახლა სწორედ ამ პროცესში ვართ. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისგან განსხავებით, ამათ უმტკივნეულო გზები მოძებნეს, თუმცა, ყველა ვარიანტში შედეგი იქნება ერთი და იგივე. ანუ, ჩვენ მივიღებთ ხელისუფლების მხრიდან კონტროლირებად მედიას", - გვითხრა მიროტაძემ.