სქართველებისა და შვეიცარიელების ერთობლივი ზეწოლა მოსკოვზე 2011 წლის ხელშეკრულების ასამოქმედებლად
თიკო ოსმანოვა
06.02.2017

 ოფიციალური თბილისს, შვეიცარიელ შუამავლებთან ერთად, მოსკოვზე გარკვეული ზეწოლის განხორციელებას გეგმავს, რათა ბოლოს და ბოლოს მიაღწიოს 6 წლის წინ დადებული ხელშეკრულების ამოქმედებას. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამ საკითხს კარასინი-აბაშიძის ფორმატში მიმდინარე შეხვედრებზე განიხილავდნენ, თუმცა, ამ განხილვის შედეგებზე დეტალური განცხადებები არ კეთდებოდა. მორიგ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე კი პრემიერის სპეცწარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ წინმსწრება განაცხადა, რომ რუს კოლეგასთან 7 თებერვლის შეხვედრაზე ამ ხელშეკრულების ამოქმედების საკითხს მკვეთრად დასვამს.

აბაშიძე აცხადებს, რომ ქართულ მხარეს სასურველი შედეგის მისაღწევად გარკვეული ბერკეტიც აქვს და იგი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას (მსო) უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს გაფორმებული ქართულ-რუსული შეთანხმებით, მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბთან ნეიტრალური დამკვირვებლები უნდა განთავსდნენ, რომლებიც საზღვარზე ტვირთის მოძრაობას დააკვირდებიან. აღნიშნულ ხელშეკრულებას რუსეთმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მის გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობის სანაცვლოდ მოაწერა ხელი.

პრაქტიკულად ეს ოფიციალური მოსკოვის მიერ ხელმოწერილი ერთადერთი შეთანხმებაა, რომლითაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. შესაბამისად, ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, მის ამოქმედებას საქართველოსათვის დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

ამასთან, როგორც ცნობილია, ქართული მხარე ჯერ კიდევ გასული წლის თებერვალში აცხადებდა, რომ მათ ყველა დეტალი მზად აქვთ და საბოლოო პასუხს რუსეთისგან ელოდებიან.

ამ საკითხზე საუბარი რამდენიმე დღეში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინს შორის კიდევ ერთხელ შედგება და როგორც აბაშიძემ გვითხრა, ახლა უკვე ამ მოლაპარაკებში შვეიცარიული მხარეც აქტიურად ჩაერთო და მათი თხოვნით რუსეთს დროს კიდევ მისცემენ.

"შვეიცარიის მხარეა ამაში აქტიურად ჩართული და ცდლობენ, რომ დარჩენილი შეუთანხმებელი საკითხები რუსეთმა საბოლოდ მოაგვაროს და დაიწყოს ამ დოკუმენტაციის იმპლემენტაცია. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთებულია ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულიდან. ახლა რუსეთის მხარეს აქვს რამდენიმე საკითხი დასაზუსტებელი.

"შვეცარიელები გვთხოვენ, რომ მათ მივცეთ დრო ეს სამუშაო გასწიონ. იმედი გვაქვს, რომ მოხდება დოკუმენტების გაფორმება და პროექტის განხროციელება", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას აბაშიძე.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ვერ იტყვის რუსეთის მხრიდან ხდება თუ არა დროის ხელოვნურად გაჭიანურება.

"ჩვენ გვინდა, რომ დაველოდოთ შვეიცარიული მხარის პასუხს, რადგან ისინი გვთხოვენ მივცეთ ამის საშუალება. ჯერჯერობით არ გვინდა დასკვნების გამოტანა, რომ ეს სპეციალურად იწელება და ჯანჯლდება. წინააღმდეგ შემთხვეაში გვაქვს ბერკეტი, რომლითაც მოხდება რუსეთის იძულება.

"ეს ხელშეკრულება რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების სანაცვლოდ დაიდო და პრინციპში ეს არის ის ბერკეტი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მომავალში. მაგრამ, ვიმეორებ, ჯერ ასეთი დასკვნის გამოტანისგან თავს ვიკავებთ", - გვითხრა აბაშიძემ.

"მთელი კვირის" კითხვაზე, თუ კონკრეტულად რას გულისხმობს, მან გვიპასუხა: "ჯერჯერობით არაფერს ვგულისხმობ. ეს ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებული პროექტია."

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ნინო კალანდაძის აზრით, დოკუმენტის იმპლემენტაცია რუსეთის იძულებით უნდა მოხდეს, ეს კი მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციის ჩარევით არის შესაძლებელი.

"იმპლემენტაციის განხორციელების იძულების მექანიზმი დოკუმენტში ჩადებულია, მაგრამ აქ იგულისხმება, რომ ამაში საერთაშორისო ინსტიტუტები უნდა მონაწილეობდნენ და შესაბამისად, ჩვენი ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს ამაზე. ადეკვატურად უნდა თანამშრომლობდნენ, რომ მათი მხრიდან გაძლიერდეს ზეწოლა.

"დოკუმენტში კონკრეტულად წერია, თუ რა ხდება, როცა ერთი მხარე არღვევს პირობას. მაგრამ ხელისუფლება თუ არ გაქტიურდება, არანაირი ბერკეტი არ გვიშველის. მექანიზმები კონკრეტულად არ მახსოვს ამას დოკუმენტში ჩახედვა უნდა, ამის დრო კი არ მაქვს", - გვითხრა კალანდაძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე კი დოკუმენტის სისრულეში არმოყვანის გამო "ოცნების" ხელისუფლებას ადანაშაულებს. მისი თქმით, 2012 წლისთვის თითქმის ყველა დეტალი მზად ჰქონდათ დოკუმენტის იმპელმენტაციისთვის.

"საქართველოს ხელისუფლებას 4 წლის განმავლობაში ხელშეკრულებაზე არაფერი გაუკეთებია. თითქმის ყველაფერი გავაკეთეთ 2012 წლამდე და ძალიან ცოტა რამ ჰქონდათ დასამატებელი. რაღაც პერიოდის განმავლობაში რჩევებს მეც ვაძლევდი, მაგრამ "ოცნებას" ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს.

"ის, რომ რუსეთი აგვიანებს, ბუნებრივია. რუსეთი არასდროს არ იყო დაინტერესებული ამ ხელშეკრულებით აღებული პირობების შესრულებით. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, სანამ ეს ხელისუფლება იქნება სათავეში, ეს დოკუმენტი არ ამოქმედდება, იმიტომ, რომ არ არიან დაინტერესებულები", - გვითხრა ცოტა ხნის წინ კაპანაძემ.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიამ თავისი ვალდებულების შესაბამისად ჯერ კიდევ 2012 წელს შეარჩია კერძო კომპანია. ეს არის შვეიცარიული კომპანია "ეს-ჯი-ესი", რომელიც საინსპექციო მომსახურებას ეწევა. რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების მიხედვით, ამის შემდეგ კომპანიასთან კონტრაქტები სწორედ თბილისსა და მოსკოვს უნდა დაედოთ და ის თავის საქმიანობას დაიწყებდა, თუმცა, როგორც ირკვევა, ეს ამ დრომდე არ მომხდარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×