რეზონანსი
07.02.2017

 საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესზე და გადაცემების დროებით შეჩერების შესახებ, არხის მენეჯმენტის გადაწყვეტილებაზე, პარტია „თავისუფალი დემოკრატები" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

ოპოზიციური პარტია სოლიდარობას უცხადებს იმ თანამშრომლებს, რომლებიც სავარაუდოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს დატოვებენ. ,თავისუფალი დემოკრატების" განმარტებით, ვასილ მაღლაფერიძის მიერ წარმოდგენილი გეგმა, მას-მედიაში შექმნილი კრიზისის გაღრმავებას ემსახურება.

„საზოგადოებრივ მაუწყებელზე თოქ-შოუები არ იარსებებს საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადებისა და მიღების დროს და არც შემოდგომაზე დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში. ეს გეგმა გულისხმობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი თითქმის მთელი წლით შეწყვეტს კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას"-ნათქვამია ოპოზიციური პარტიის განცხადებაში.

„თავისუფალი დემოკრატების" წევრებს მიაჩნიათ, რომ ვასილ მაღლაფერიძის გეგმა საზოგადოებისთვის თავისუფალი ხმის წართმევას ისახავს მიზნად და „რუსთავი-2"-ის საქმის გაგრძელებაა

„საზოგადოებრივ მაუწყებელზე საქართველოს საზოგადოება უნდა ხედავდეს თავის მდგომარეობას და ისმენდეს თავის ხმას. ამ დასკვნის მართებულებაში გვარწმუნებს როგორც ბოლო ორი წლის განმავლობაში ტელევიზიებში განვითარებული მოვლენები, ასევე პოლიტიზებული სასამართლო პროცესი, რომელიც ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" წინააღმდეგაა მიმართული."-აცხადებენ პარტიაში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×