ყოფილი გენერალური პროკურორი, დავით საყვარელიძე,საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ის განცხადებას კომიკურს და ტრაგიკულს უწოდებს. მთავარმა პროკურატურამ, მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტში,დავით საყვარელიძე დაადანაშაულა და მიმოწერის ამსახველი დოკუმენტებიც გაასაჯაროვა.
„ეს ყველაფერი კომიკურიდან ტრაგიკულში გადავიდა, გული მწყდება, რომ სიმწრით ნაშენები ქვეყანა და ინსტიტუტები, პრიმიტიული, გონებაშეზღუდული,ბოროტი ადამიანების ხელში აღმოჩნდა. ისიც უნდა ეთქვათ,რომ სისწრაფისთვის წერილი მტრედებს გავატანე და ამით, სრული სურათი დაიხატებოდა"-განაცხადა დავით საყვარელიძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში.
ყოფილი გენერალური პროკურორი საქმეში სუს-ის ჩართულობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე არ დაუკითხავთ.
„გული მწყდება, რომ პროკურატურაში აღარ დარჩა კომპეტენტური ადამიანი,არც იურისტი და არც თავმოყვარე ადამიანი. შევარდნაძის დროინდელი უშიშროება და პროკურატურა, ამას არ გააკეთებდა. უბრალოდ უნამუსობა და სისხლის სამართლის დანაშაულია, რასაც ახლა ისინი აკეთებენ. ამაზე არსებობს ცალკე მუხლი და ადრე თუ გვიან უნდა გააქტიურდეს, რომ ეს სისტემები არ იყვნენ მართული პოლიტიკოსების მიერ. ჩემთან საქართველოს პროკურატურას მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია აქვს"-განაცხადა საყვარელიძემ.