ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა, ლეონიდ თიბილოვმა, ოკუპირებული რეგიონისთვის სახელის შეცვლის მიზნით, ე.წ. რეფერენდუმი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას, ოკუპირებული რეგიონის მედია ავრცელებს.
დე-ფაქტო ლიდერმა, რეფერენდუმის თარიღად, 2017 წლის 9 აპრილი დაასახელა. სამხრეთ ოსეთისთვის, ალანიის დარქმევის სურვილი, თიბილოვმა 2015 წელს გამოთქვა.
ფაქტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ ნაბიჯად აფასებს, პრეზიდენტის მრჩეველი. თენგიზ ფხალაძე რუსეთს დეოკუპაციისა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.
„პლებისციტი, არჩევნები ან ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც მოსახლეობის თავისუფალი ნების გამოხატვას გულისხმობს, შეუძლებელია ჩატარდეს ტერიტორიაზე, რომელიც უცხო სახელმწიფოს მიერ არის ოკუპირებული. ნებისმიერი მცდელობა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს შეეცვალოს სახელწოდება, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების თანხმობის გარეშე, წარმოადგენს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხელყოფას"-განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.