რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგორი კარასინმა, პრაღაში, „კარასინი-აბაშიძის" ფორმატის მორიგ შეხვედრაზე, განცხადება ვიცე-პოლკოვნიკ, გია ცერცვაძის საქმეზეც გააკეთა. კარასინმა განაცხადა, რომ ცერცვაძის საქმეს იცნობს, მან კრიმინალური დანაშაული რუსეთის ტერიტორიაზე, 2003 წელს ჩაიდინა. მისივე თქმით, გია ცერცვაძის შესახებ ის დღევანდელ შეხვედრაზე აპირებს საუბარს.
„საქმე კრიმინალურ დანაშაულს ეხება, რომელიც მან რუსეთის ტერიტორიაზე 2003 წელს ჩაიდინა, დოკუმენტაცია გვაქვს. ჩვენ უსაფუძვლოდ ინტერპოლში მოთხოვნას არ ვაგზავნით. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ არგუმენტებს გავცვლით, რადგან ეს ჰუმანიტარული საკითხია"-განაცხადა კარასინმა.
რუსი დიპლომატის განცხადებით, ქართველ სამხედროებზე ნადირობა არ ხდება და საქმეზე გამოძიებას მხოლოდ კრიმინალურ საფუძველზე იწყებენ.
„რაც შეეხება ნადირობას, ქართველ სამხედროებზე, ასეთი რამ არ ხდება. ჩვენ გამოძიებას ვაწარმოებთ კრიმინალურ საქმეებზე, რომლებიც, სამწუხაროდ, რუსეთის ან საქართველოს ტერიტორიაზეა ჩადენილი. მაგალითისთვის, საქართველოში იმყოფება პიროვნება ლაკაევი, რომელივ აფხაზეთში რუსი დიპლომატის და მისი მეუღლის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ის ახლა პატიმრობაშია და სასჯელს იხდის, მაგრამ, მის საქმეზეც ვილაპარაკებთ დღეს" - განაცხადა გრიგორი კარასინმა.
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ უარყო, რომ კარასინის მიერ დასახელებულ თემებზე აპირებენ დღეს საუბარს. როგორც აბაშიძემ განმარტა, ის ამ საკითხსითვის არ მომზადებულა.