თეთრმა სახლმა ტერორისტული აქტების სია გამოაქვეყნა, რომელიც აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მედიამ სრულად არ გააშუქა. ამის შესახებ ინფორმაციას, „ The Washington Post"-ი ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, დოკუმენტში 78 თავდასხმაზეა საუბარი, რომელიც 2014 წლის სექტემბრიდან, 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით განხორციელდა. სიაში არის პარიზის, ნიცას, ბრიუსელის ტერაქტები, ასევე ორლანდოსა და სან ბერნანდინოს თავდასხმები.
სიაში ასევე შედის რუსეთთან დაკავშირებული ორი ტერორისტული თავდასხმა. ერთ-ერთი შემთხვევა 2015 წლის ოქტომბერში, ეგვიპტეში რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტს ეხება. მეორე კი 2015 წელს, დეკემბერში, ქალაქ დერბენტში მომხდარ მებრძოლების თავდასხმას.
6 თებერვალს, ფლორიდაში, აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე ჯარისკაცებთან შეხვედრისას, დონალდ ტრამპმა მედიის ნაწილს არაკეთილსინდისიერი უწოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა,რომ ჟურნალისტები პირადი მიზეზების გამო ტერაქტების შესახებ არ საუბრობენ.
„რადიკალი ისლამისტები მზად არიან გაანადგურონ ჩვენი ქვეყანა, ზუსტად ისე, როგორც მთელ ევროპაში და აშშ-ში, 11 სექტემბერს მოიქცნენ. ხშირ შემთხვევაში, მსგავსი ფაქტები სრულყოფილად არ შუქდება. ძალიან ძალიან უსინდისო პრესასაც არ სურს მათზე დაწეროს"-განაცხადა ტრამპმა.
„nbcnews"-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მედიასაშუალებამ 57 ტერორისტული თავდასხმა გააშუქა, რომლებსაც სულ 745 ადამიანი ემსხვერპლა.
თეთრი სახლის ადმინისტრაცია კი საინფორმაციო საშუალებას გულგრილობას აბრალებს,რადგან 21 მასშტაბური თავდასხმა არ გააშუქეს. მაშინ,როდესაც გაშუქდა ნაკლებად მნიშვნელოვანი ინციდენტები ეგვიპტესა და ბანგლადეშში.