როგორც ცნობილია, გუშინ სოციალურ ქსელში "ფრესკოს" თანამშრომლების სახელით წერილი გავრცელდა, სადაც ისინი სამსახურში არსებულ მძიმე მდგომარეობასა და "თანამედროვე მონობაზე" საუბრობენ. წერილის ავტორები კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, "ფრესკოში" არსებულ ვითარებასა და ზეწოლაზე მიუთითებენ.
დღეს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი სუპერმარკეტების ქსელ "ფრესკოს" იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის ნაწილში შეამოწმებს.
"გავრცელებული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს. ჩვენი მანდატის პირობებში შესაძლებელია შემოწმება იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის ფარგლებში. მაგალითად, საუბარი იყო, რომ ერთ-ერთ თანამშრომელს არ უშვებდნენ სამსახურიდან, შანტაჟის ერთ-ერთ ფორმად იყენებდნენ, რომ სხვა დამსაქმებლებთან დააგზავნიდნენ მის გაფუჭებულ რეზიუმეს მომავალი დასაქმებისთვის პირობების გასაუარესებლად. ეს ჩვენთვის სიგნალია, რომ შემთხვევა განსაკუთრებით მოვიკვლიოთ, რადგან ჩვენს მანდატში ჯდება. ამ ეტაპზე, მთლიანად შრომით უფლებების სფეროს ზედამხედველობას ვერ ვუწევთ, თუმცა თუკი იქ იქნება იძულებითი შრომის ექსპლუატაციის ნიშნები, შემდგომში აუცილებლად გადავცემთ შსს-ს გამოსაძიებლად", - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.