საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელშესახები გახდება ყველა ის სიკეთე, რომელიც არის დაკავშირებული ევროპულ ინტეგრაციასთან.
"ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნის. ეს არის ჩვენი თითოეული მოქალაქის მიღწევა, ხელისუფლების მიღწევა, აქ მსხდომი თითოეული ადამიანის მიღწევა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის, რა თქმა უნდა, ბოლო წერტილი ჩვენთვის ამ მიმართულებით. ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ, რა თქმა უნდა, სრული ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ეს მიზანიც იქნება აუცილებლად უახლოეს მომავალში მიღწეული", - განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.