ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. წინასაარჩევნო პროცესში ერთგვარი დაძაბულობა უკვე შეინიშნება მას შემდეგ, რაც "ექსპრეზიდენტი" ალექსანდრე ანქვაბი "დეპუტატობის" კანდიდატად დარეგისტრირდა. რაულ ხაჯიმბას მომხრეები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ანქვაბის ეს ნაბიჯი დესტრუქციულია და "რესპუბლიკაში" დაპირისპირების ახალი ტალღის აგორების დიდი საფრთხე არსებობს.
არცთუ მშვიდ "აფხაზურ არჩევნებს" პროგნოზირებენ ქართველი ანალიტიკოსებიც. ამბობენ, რომ შესაძლებელია ოპოზიციური აქციები ვიხილოთ, რადგან მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას მიმართ უკმაყოფილება დიდია, მას დაპირებების შეუსრულებლობის, რუსული ბაზების საგრძნობი მატებისა და მიწის უცხოელებზე გაცემის სურვილის გამო აკრიტიკებენ, ხოლო თუ არჩევნებში ისევ ხაჯიმბას გუნდი მოიპოვებს უმრავლესობას, ოპოზიცია ამას ქუჩის აქციებით აუცილებლად გააპროტესტებს.
თუმცა ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანების, "ამცახარას" მიმართაც დიდი იმედგაცრუებაა და ამას თავად "ამცახარას" ლიდერებიც არ უარყოფენ. მიზეზი კი ისაა, რომ დეკემბერში ოპოზიციის აქციები ხაჯიმბას ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით დაიწყო და დე ფაქტო ხელისუფლებასთან მორიგებით დასრულდა.
პროცესების სამართლებრივ რეჟიმში გაგრძელების მოტივით ხაჯიმბამ ოპოზიციას ე.წ. გენერალური პროკურორის, საკონსტიტუციო სასამართლოს ორი მოსამართლის და ცესკო-ს ერთი წევრის პოსტები დაუთმო, ქუჩაში გამოსულმა ადამიანებმა ეს თანამდებობების გადანაწილებად შეაფასეს და ოპოზიციასაც ერთგვარი უნდობლობა გამოუცხადეს.
როგორც ორი დღის წინ "ამცახარას" წინასაარჩევნო შეკრებაზე გაერთაინების ლიდერმა ასლან ბჟანიამ თქვა, მათი მომხრეების ნაწილი სამწუხაროდ აცხადებს, რომ ოპოზიციური მოძრაობა მოკვდა, მაგრამ ეს სიმართლე არ არის და ისინი სამართლებრივი გზით, არჩევნებით შეეცდებიან დამარცხონ "ხელისუფლება".
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნები 12 მარტს უნდა გაიმართოს. აფხაზეთში 35 ოლქია და "დეპუტატები" მაჟორიტარული პრინციპით აირჩევიან. ბოლო მონაცემებით, 135 საინიციატივო ჯგუფი და 4 პოლიტიკური პარტია ცდილობს 35 ე.წ. საპარლამენტო მანდატის გაყოფას. პარტიებს შორისაა მოქმედი "პრეზიდენტის" რაულ ხაჯიმბას გაერთიანება "აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმი", ასევე "სახალხო ფრონტი", "აინარი" და "ამცახარა".
"ამცახარა" ყველაზე აქტიური და დიდი ოპოზიციური გაერთიანებაა, რომლის ლიდერია ასლან ბჟანია და ეს გაერთიანება ექსპრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბის მხარდამჭერადაც მიიჩნევა, თუმცა ამ ე.წ. არჩევნებზე ანქვაბის კანდიდატურა არა ამ პოლიტიკურმა ძალამ, არამედ საინიციატივო ჯგუფმა წამოაყენა.
"ამცახარას" ჯერჯერობით ანქვაბის პოლიტიკაში დაბრუნების გამო საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია, ორი დღის წინ წამოაყენა საკუთრი კანდიდატურებიც, მაგრამ იმ ოლქში არა, სადაც ანქვაბი იყრის კენჭს.
ანქვაბი აფხაზეთის მესამე "პრეზიდენტია", ის 2014 წლის მაისში დიდი საპროტესტო აქციების შემდეგ "პრეზიდენტობიდან" გადადგა და მას შემდეგ მოსკოვში ცხოვრობს. "ექსპრეზიდენტი" კენჭს სოხუმის ცენტრალურ მე-3 ოლქში იყრის, სადაც დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლება იმყოფება. პროგნოზები კეთდება იმაზე, რომ ანქვაბი გაიმარჯვებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი კონკურენტები არიან ხაჯიმბას გუნდის ორი წარმომადგენელი, ე.წ. დეპუტატი ვალერი აგრბა და ყოფილი ე.წ. ვიცე-პრემიერი შამილ არძინბა.
"არჩევნებში" ანქვაბის გამოჩენის შემდეგ აფხაზურ მედიაში აქტიურად იწერება იმაზე, რომ "ექსპრეზიდენტის" პოლიტიკაში დაბრუნება პროცესს ძაბავს. ნაწილი თვლის, რომ ის მხსნელად მოევლინება "რესპუბლიკას", სხვები კი შიშობენ, რომ მისი გამოჩენა დაპირისპირების ახალ ტალღას გამოიწვევს. ე.წ. პარლამენტის უმრავლესობამ და ხაჯიმბას მხარდამჭერმა პარტიებმა განცხადებაც გამოაქვეყნეს, სადაც შეახსენეს, რომ 2014 წელს "რესპუბლიკა" ლამის კატასტროფამდე მიიყვანა და ამის შემდეგ მისი პოლიტიკაში დაბრუნება დესტრუქციულია.
სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ აფხაზეთში ხაჯიმბას ხელისუფლების მიმართ დიდი პროტესტია, მოსკოვს კი ხაჯიმბასნაირი ლიდერი მოსწონს, ის რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელია, ამიტომაც არ გამორიცხავს, რომ "სერიოზული სამოქალაქო დაპირისპირება შეიქმნას აფხაზეთში არჩევნების წინა დღეებში, რომელშიც მოსკოვიც იქნება ჩართული".
ის ამბობს, რომ აფხაზეთში ხმას არა პარტიების მიხედვით აძლევენ, არამედ იმის მიხედვით, რომელი გავლენიანი გვარი, იგივე კლანი დგას ამა თუ იმ კანდიდატის უკან.
"რთულია იმის თქმა, დღეს ოპოზიციის მხარდამჭერი კლანები უფრო ძლიერები არიან თუ ხაჯიმბასი," - აღნიშნავს არეშიძე, თუმცა კონკრეტულად ანქვაბის გამოჩენაზე ამბობს, რომ ეს დე ფაქტო ხელისუფლებისთვის დიდი თავის ტკივილია.
"აფხაზების ნაწილი თვლის, რომ ხაჯიმბა მოსკოვს დაუწვა. ანქვაბი კი არძინბას და ბაღაფშის ტრადიციებს აგრძელებდა და მყარად იდგა მოსკოვის წინააღმდეგ. ეს არის ერთი მთავარი საკითხი. მეორე საკითხია საშინაო პოლიტიკა, სადაც ყველა ხვდება, რომ აფხაზეთში ვინც არ უნდა აირჩიონ, სიტუაცია არ შეიცვლება, რადგან კლანური მმართველობაა. ამაზე აფხაზურ მედიასა და ფორუმებზე ძალიან ბევრი იწერება. ასე რომ, დღეს ანქვაბს მომხრეები გაუჩნდა. ამიტომაც ეს ხაჯიმბასთვის თავის ტკივილია. ეს დაახლოებით იმავე სცენარის განმეორებაა, რაც სამხრეთ ოსეთში, 2011 წელს იყო, როდესაც იქაურ ხელისუფლებაში მოსვლისთვის ჯამბულათ თედეევის გუნდი იბრძოდა, მოსკოვმა კი ვერაფრით მოახერხა სიტუაციის შეცვლა და იძულებული გახდა, კომპრომისზე წასულიყო," - ამბობს არეშიძე და იხსენებს ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისას დიდ არეულობებსა და აქციებს, როდესაც თედეევი გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულეს და ცხინვალიდან გააძევეს კიდეც.
კავკასიოლოგის თქმით, ხაჯიმბამ ერთადერთი დაპირება შეასრულა, ქართველების წინააღმდეგ რეპრესიული პოლიტიკა გაატარა და მათ მოქალაქეობა ჩამოართვა. სხვა დაპირება არ შეუსრულებია. ამდენად დღეს ქართველების თემატიკა აქტუალური არ არის, აქტუალურია სოციალური თემატიკა და რუსეთთან დამოკიდებულების საკითხები, ამიტომ აფხაზეთში მას დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. მისი გუნდის წევრებს, დღევანდელ "საპარლამენტო უმრავლესობას" კი ხალხში მხარდაჭერა არ აქვთ.
"ახლა ახალი თემა გაჩნდა, აფხაზები რუსეთის ბაზების სიმრავლემ და რუსი ჯარისკაცების საქციელმა შეაწუხა. აფხაზები თვლიან, რომ ყველა მათ წინაშე ვალდებულია, საქართველოც ვალდებული იყო და ახლა რუსებიც ვალდებულები არიან, ისინი შეინახონ, იმიტომ რომ აფხაზებმა რუსებს საშუალება მისცეს, სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს წინააღმდეგ ფორტპოსტიჰქონოდათ. ადრე მოსწონდათ ეს ბაზები, ახალა კი - შეწუხდნენ. მაგალითდ ლაპარაკია იმაზეც, რომ ახლა ენგურჰესი ჩერდება, ჩვენ დენი გვაკლდება და ბაზები ბევრ დენს წვავენო. ენგურჰესის თემაც იმოქმედებს არჩევნების მსვლელობაზე. ასევე მიწის გაყიდვის საკითხებიც პრობლემატურია. რამდენი ხანია დებატებია და ეს საკითხი ვერ გადაწყვიტა. ამდენად ხაჯიმბას გუნდს მხარდაჭერა არ აქვს. თუ მოსკოვმა ახლავე არ დაიწყო სიტუაციის დალაგება, აქციები არეულობა შესაძლებელია ვიხილოთ. მოხდება ის, რაც 2011-2012 წელს ხდებოდა ცხინვალში, როდესაც ხალხი თოვლში ქუჩაში იდგა," - დასძენს არეშიძე.
აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრი ლევან კიკნაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე რთულია პროგნოზის გაკეთება, თუმცა მიიჩნევს, რომ იმდენად დიდი უკმაყოფილებაა ე.წ. ხაჯიმბას მთავრობისა და ასევე ხაჯიმბას მომხრე "საპარლამენტო უმრავლესობის" მიმართ, რომ ოპოზიციას წარმატების მიღწევის შანსი გააჩნია.
"იმდენად უარყოფითი მუხტია და განწყობაა ე.წ. სახელისუფლებო პარტიის მიმართ, რომ გამორიცხული არ არის ოპოზიციამ წარმატებას მიაღწიოს. ვერც ხაჯიმბამ ადა ვერც პარლამენტმა დაპირებები ვერ შეასრულეს. ხალხში უკმაყოფილებაა, რომ ეს დეპუტატები ხაჯიმბას ხელმძღვანელობით მიწის უცხოელებზე გასხვისებას აპირებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ხაჯიმბამ ამ საკითხის გატანა ვერც გაბედა, ეს თემა იქნება ერთ-ერთი ფაქტორი, რომ სახელისუფლებო კანდიდატებს მხარდაჭერა არ ექნებათ.
"აფხაზეთში პერსონალიებს ანიჭებენ დიდ უპირატესობას და თუ ოპოზიციურად განწყობილმა საინიციატივო ჯგუფებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ავტორიტეტული კანდიდატები წამოაყენეს, მაშინ შესაძლებელია, ოპოზიციამ მეტი მანდატი მოიპოვოს. მაგალითად ანქვაბს ალტერნატივა არ ეყოლება, ხელისუფლებაც ვერ გაბედავს არჩევნები ისე გააყალბოს, რომ ანქვაბს გზა გადაუკეტოს. დიდ არეულობას არ ველოდები, რადგან ხაჯიმბა გაყალბებას ვერ გაბედავს," - მიიჩნევს კიკნაძე.