აშშ-ის პრეზიდენტი, თავის ჩინელ კოლეგას, ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას „CNN", თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტთან კომუნიკაცია პირველად შედგა.
„CNN"-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა და სი ძინპინმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ჩინელი კოლეგის თხოვნით, პატივს სცემს „ერთიანი ჩინეთის" პოლიტიკას.
პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ნოემბერში, დონალდ ტრამპმა ტაივანთან დაკავშირებით, ამერიკის მრავალწლიანი პოლიტიკა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
როგორც ცნობილია, ჩინეთი ტაივანს განდგომილ პროვინციად განიხილავს და 1979 წლიდან ამერიკაც აღიარებს ოფიციალური ბეიჯინგის პოზიციას, რომ ტაივანი ჩინეთის ნაწილია. აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობების ფარგლებში, ტაივანის საკითხთან დაკავშირებული პოლიტიკა „ერთიანი ჩინეთის" სახელით არის ცნობილი.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ჩინეთის ლიდერთან სატელეფონო საუბარი „ძალიან გულითადი" იყო.
„ეს საუბარი არის დადებითი ნაბიჯი, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მოსაწესრიგებლად და ისეთ გამოწვევებთან საბრძოლველად, როგორიც არის ჩრდილოეთ კორეა და სავაჭრო ურთიერთობები"- განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილმა წევრმა, პოლ ჰენლიმ.
ჰენლის აზრით, ჩინეთთან მოლაპარაკება არის არა ერთ-ერთი, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი აშშ-ის მოლაპარაკებების რაუნდში. უშიშროების საბჭოს ყოფილი წევრი ტაივანთან ურთიერთობის მნიშვნელობაზეც საუბრობს.
„ტაივანი ამერიკისთვის სასიცოცხლო პარტნიორია. მისი მომავალი ბედი ჩვენც უნდა გვაღელვებდეს"-განაცხადა პოლ ჰენლიმ.