აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებას, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია გეგმავს, 21,6 მილიარდი დოლარი დასჭირდება. ამის შესახებ ინფორმაციას, სააგენტო „Reuters"-ი ავრცელებს.
თეთრი სახლის ცნობით, მშენებლობა 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება და საბოლოოდ 2020 წლისთვის უნდა დასრულდეს. ამერიკის დასავლეთით, სასაზღვრო კედელი სამმაგი კონსტრუქციის იქნება და მთლიანად, საზღვრის 1250 მილს, 2000 კილომეტრს დაფარავს. ამ დროისთვის არსებული კედელი მხოლოდ 654 მილის მანძილზე, 1046 კილომეტრზეა აგებული.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პროექტის დაფინანსებაზე კონგრესთან შეთანხმებას, მაისში მიაღწევენ, სექტემბრისთვის კი კონტრაქტორებთან ხელშეკრულებები გაფორმდება.
ამერიკა-მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობა, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ის ამტკიცებს, რომ მშენებლობას მექსიკასაც დააფინანსებინებს. მექსიკის ხელისუფლება კი მსგავს შესაძლებლობას გამორიცხავს.