უამინდობის გამო, საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე, მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის ამ ნაწილზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით არის შესაძლებელი.
ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, გომბორი-შუამთას გზაზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
უამინდობის გამო შეზღუდვებია ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზიაზეც. ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე და ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია. იმავე შეზღუდვები მოქმედებს ხაიში-უშგულის მონაკვეთზეც.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ფარავანი-ნინოწმინდის მონაკვეთზე და სომხეთის საზღვართან, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.