რეზონანსი
11.02.2017

 თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე, რეფერენდუმისთვის ემზადებიან. ოფიციალური ინფორმაციით, რეფერენდუმი 16 აპრილს ჩატარდება. მანამდე კი პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საკანონმდებლო რეფორმას, ხელი პრეზიდენტმა ერდოღანმაც მოაწერა და იმედი გამოთქვა, რომ თურქი ხალხი ცვლილებას მხარს დაუჭერს. ინფორმაციას ამის შესახებ, გამოცემა "wall street journal"-ი ავრცელებს.

საკონსტიტუციო რეფორმა, პრეზიდენტის უფლებამოსილების მნიშვნელოვნად გაძლიერებას ითვალისწინებს. ცვლილებებით, სახელმწიფოს ლიდერს ექნება მეტი უფლებები სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების კონტროლისთვის. თურქეთის მოქმედი კანონმდებლობით, პრეზიდენტი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, მხოლოდ ფორმალური მმართველია და მონაწილეობას ძირითადად ცერემონიებში იღებს.

ერდოღანის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილება გაამარტივებს მთავრობის საქმიანობას. ისინი ამომრჩეველს ბიუროკრატიის შემცირებას, სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას და ხანგრძლივ პოლიტიკურ სტაბილურობას ჰპირდებიან. კრიტიკოსები კი მიჩნევენ, რომ ცვლილება დემოკრატიისთვის და ხელისუფლების შტოების ბალანსისთვის, საზიანო იქნება.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, 2003 წელს, თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გახდა, 2014 წელს კი პრეზიდენტად აირჩიეს. მისი უფლებამოსილება 2019 წელს იწურება. თუმცა, ცვლილებების მიღების შემთხვევაში, თურქეთი ამჟამინდელ ლიდერს საშუალებას აძლევს, ძალაუფლება 2029 წლამდე შეინარჩუნოს.

სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, ამომრჩეველთა 17 %-ს არ აქვს გადაწყვეტილი, დაუჭერს თუ არა მხარს, საკონსტიტუციო რეფორმას. თუმცა, მკვლევრების აზრით, მათ უბრალოდ პასუხის გაცემის ეშინიათ.

იანვრის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, რომელშიც 2000 რესპოდენტი მონაწილეობდა, საკონსტიტუციო რეფორმას მხარს 42.4 % უჭერს, 44% ეწინააღმდეგება, 13.6 % -ს კი ჯერ არ გადაუწყევტია.

მმართველი პარტიის მიერ ჩატარებულ კვლევაში, გამოკითხულთა 82 % საკონსტიტუციო ცვლილების მომხრეა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×